საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 30.11.2004
საქმის ნომერი
2კ-357აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 357-აპ 30 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 სექტემბრის განაჩენით გ. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის II ნაწილითა და 265-ე მუხლის I ნაწილით და შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.განაჩენით გ. ლ-ეს დაეკისრა ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობისათვის მიყენებული ზიანის _ 2733 ლარის ანაზღაურება.

განაჩენით დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. ლ-ემ 2000წ. მარტში ქ. რიგის საკოლმეურნეო ბაზარზე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინა “---ის” დაახლოებით 10 ცალი თესლი, რომელიც 2001წ. მაისის დასაწყისში ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ---ში, თავის საკარმიდამო ნაკვეთში უკანონოდ დათესა და უკანონოდ მოიყვანა 3 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “---”, რომლისგანაც შეიძლებოდა დამზადებულიყო 7,408 გრამი ნარკოტიკული საშუალება მშრალი “---”. აღნიშნული სამი ძირი კანაფი 2001წ. 6 აგვისტოს პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა გ. ლ-ის საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს მდებარე მიწის ნაკვეთიდან.

გ. ლ-ემ 2000წ. ივნისში, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ---ში, ე.წ. “---ს” ტყეში, უკანონოდ გაჩეხა 5 ძირი წაბლის ხე და 2 ძირი წიფლის ხე, რითაც ხელვაჩაურის რაიონის აგროსატყეოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

გ. ლ-ემ 2002წ. მაისში, გამოძიებით დაუდგენელ რიცხვში, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ---ში, ეგრეთ წოდებულ “---ს” ტყეში, კვლავ უკანონოდ გაჩეხა სხვადასხვა ზომისა და სიდიდის 12 ძირი წიფლის ხე, რითაც ხელვაჩაურის რაიონის აგროსატყეო მეურნეობას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. ლ-ძე ითხოვს მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას, იმ მოტივით, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, მზადაა, აანაზღაუროს აგროსატყეო მეურნეობისათვის მიყენებული ზიანი. კასატორის მითითებით, იგი წარსულში არაა ნასამართლევი, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, მოხუცი მშობლები და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

პროკურორმა დ. კ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულისათვის სააპელაციო პალატის მიერ შეფარდებული სასჯელი შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებათა სიმძიმეს, მის პიროვნებას და კანონიერია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორ დ. კ-ლს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ლ-ძე პირველად არის სამართალში, ხასიათდება დადებითად, საქმის წარმოების პროცესში ხელი შეუწყო საქმის სრულყოფილად და სწრაფად გამოძიებას, კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი მშობლები, მეუღლე და ოთხი შვილი, ოჯახს არჩენს ფიზიკური შრომით, აღიარებს და ინანიებს ჩანადენს. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებითა და იმის გათვალისწინებით, რომ განსასჯელმა გულწრფელად მოინანია მის მიერ განხორციელებული ქმედება და მიუთითა, რომ შეგნებული აქვს ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგები, იგი თანახმაა, დაფაროს მისი მოქმედებით გამოწვეული ზიანი, პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 სექტემბრის განაჩენი გ. ლ-ის მიმართ უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე გ. ლ-ეს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 წელი. მასვე დაევალოს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობისათვის მიყენებული ზიანის 2733 ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე, სსკ-ის 63-64-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 სექტემბრის განაჩენი გ. ლ-ის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ გ. ლ-ეს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 წელი.

გ. ლ-ეს დაევალოს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობისათვის მიყენებული ზიანის _ 2733 ლარის ანაზღაურება.

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.