განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 376-დად 2 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა ლ. ს-ას საჩივარი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის 2004წ. 17 ივნისის დადგენილება _ გ. თ-ას და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 17 და 22 მარტს ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურას დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებით მიმართეს ინიდვიდუალური მენაშენთა ამხანაგობა “---ის” წევრებმა და მიუთითეს, რომ 1990 წლიდან 2004წ. 5 მარტამდე იყვნენ ინიდივიდუალური მენაშენთა ამხანაგობა “---ის” წევრები, შეტანილი ჰქონდათ ბინათმშენებლობისათვის იმ დროისათვის საკმაოდ სოლიდური თანხები 40000-50000 საბჭოური მანეთის ოდენობით. ამხანაგობა “---ის” თავმჯდომარედ აირჩიეს გ. თ-ია, რომელსაც ადანაშაულებდნენ ამხანაგობის წევრთა მიერ შეტანილი თანხების ნაწილის მითვისებასა და დაუკითხავად განკარგვაში, დაუსაბუთებლად ამხანაგობის წევრად მოქალაქეების გაწევრიანებაში, ამხანაგობაზე დამაგრებული 15182 კვ\მ მიწის ფართობის პირადი გამორჩენის მიზნით კერძო მეწარმეებზე გასხვისებაში. განცხადების ავტორები ითხოვდნენ გამოკვლეულიყო ცნობები დანაშულის ჩადენის შესახებ შეფასება მისცემოდა ამხანაგობა “---ის” თავმჯდომარის _ გ. თ-ას, გ. გ-ის ჯ. ძ-ის გ. გ-ას ქმედებებს, და აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე მათ მიმართ. ჩატარებული მოკვლევით მოპოვებულ იქნა ამხანაგობის ანგარიშებზე შეტანილი თანხების ავიზოების ასლები ქალაქის ცენტრალური არქივიდან აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დედნების ქსეროასლები ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა “---ის” ჩამოყალიბებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრიდან ამხანაგობის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტების საკადასტრო რუკის და სხვა მასალების ქსეროასლები.
შემოწმების შედეგად თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურმა 2004წ. 17 ივნისს გამოიტანა დადგენილება გ. თ-ას, გ. გ-ის, ჯ. ძ-ის და გ. გ-ას მიმართ, სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 სექტემბრის დადგენილებით უცვლელად დარჩა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება იმ საფუძვლით, რომსაჩივრის ავტორებმა ვერ მიუთითეს, კონკრეტულად რა საფუძვლებით უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადების ავტორთა მიერ დასახელებული ყველა მოტივაცია სამოქალაქო სამართალურთიერთობის საკითხს წარმოადგენს. რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ განცხადებაში მითითებულ საკითხებზე, თვით განმცხადებლის ავტორთა განმარტებით, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში იხილება სამოქალაქო საქმე.
რაიონულმა სასამართლომშემოწმებისას დაშვებული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამო გამოიტანა კერძო დადგენილება რაც რეაგირებისათვის გადაუგზავნა ზედამხედველ პროკურორს.
კასატორი ლ. ს-ია კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და საქმის მასალების პროკურატურისათვის გადაცემას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
დაინტერესებულმა პირმა გ. თ-ამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
დაინტერესებული პირის, გ. თ-ას, ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა გ. ნ-ემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს დადგენილება დასაბუთებული და კანონიერია.
პროკურომა ზ. მ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო სჩივარს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, დაინტერესებულ პირ გ. თ-ას, მისი ინტერესების წარმომადგენელს, ადვოკატ გ. ნ-ეს, პროკურორ ზ. მ-ლს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, ასევე, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც გაუქმდა ან უცვლელად დარჩა საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, ისევე, როგორც სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება, უნდა შედგებოდეს შესავალის აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები, ასევე, ის გარემოებები, რომლებიც დადგინდება დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებული ცნობების შემოწმებისას, აგრეთვე ის, თუ რით არის დადასტურებული ან უარყოფილი ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ. პალატა თვლის, რომ დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმებისას მოპოვებულ მასალებს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მითითებული უნდა იყოს იმ მასალებსა და გარემოებებზე, რომლებიც აპირობებენ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრას.
საქმის მასალების მიხედვით, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 სექტემბრის დადგენილება, მართალია, შედგება აღწერილობითი სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან, მაგრამ აღწერილობით ნაწილში მითითებულია მხოლოდ იმაზე, თუ დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადების ავტორები რას უთითებდნენ აღნიშნულ განცხადებაში და რა დოკუმენტების ქსეროასლები იქნა მოპოვებული ჩატარებული მოკვლევისას, ასევე აღნიშნულია, თუ რას ითხოვს მომჩივანი და რა პოზიცია უკავია საჩივრის მიმართ პროკურატურას. აღწერილობით ნაწილში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმების შედეგად სასამართლომ რა ფაქტობრივი გარემოებები ცნო დადგენილად.
რაიონული სასამართლოს დადგენილების სამოტივაციო ნაწილში საუბარია მხოლოდ იმის თაობაზე, რომ საჩივრის ავტორებმა ვერ მიუთითეს, კონკრეტულად რა საფუძვლებით უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ასევე იმაზე, რომ რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადების ავტორთა მიერ დასახელებული ყველა მოტივაცია სამოქალაქო სამართალწარმოების საკითხს წარმოადგენს.
დადგენილებაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რის საფუძველზე მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე, რომ თუ სასამართლომ რა გარემოებებსა და მასალებზე დაყრდნობით გააკეთა დასკვნა იმის თაობაზე, რომ არ დადასტურდა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობები. რაიონულ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია პროკურატურის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და არ მიუცია მათთვის სამართლებრივი შეფასება. რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ თვით განმცხადებლის ავტორთა განმარტებას, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში ანალოგიურ საკითხებზე იხილება სამოქალაქო საქმე.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ რაიონული სასამართლოს დადგენილება შედგენილია საპროცესო ნორმების დარღვევით, რის გამოც უნდა გაუქმდეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის დადგენილება გ. თ-ას, გ. გ-ის, ჯ. ძ-ის, გ. გ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 243-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის დადგენილება გ. თ-ას, გ. გ-ის, ჯ. ძ-ს, გ. გ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.