დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #ბს-1202(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 17 ივნისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ნ. წ-ის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, ნ. წ-ის ოჯახი 2018 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით იყო საარსებო შემწეობის მიმღები, თუმცა 2018 წლის 8 ოქტომბერს შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა მოქალაქე მ. ბ-ის ოჯახის (უფლებამოსილი პირი - ნ. წ-ი) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მართლზომიერების საკითხი და საჯარო რეესტრის ბაზაში მოძიებული ინფორმაციის თანახმად გაირკვა, რომ 2014 წლის 24 ოქტომბრიდან ნ. წ-ის სახელზე დარეგისტრირდა 1400 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა, რაც დეკლარაციის შევსების დროს ოჯახს არ დაუფიქსირებია.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახი ვალდებული იყო ერთი თვის ვადაში სააგენტოსთვის ეცნობებინა მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ, აღნიშნული ვალდებულება კი ოჯახს არ შეუსრულებია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია ფულადი სოციალური დახმარების არასწორად გაცემა და ოჯახის მიერ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა წარმოადგენდა 6714 ლარს.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ოჯახს ეცნობა 2019 წლის 28 იანვრის 04-12/331 და 2019 წლის 5 მარტის 04-12/826 წერილებით, თუმცა რეაგირების გარეშე.
ამდენად, მოსარჩელემ ნ. წ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 6714 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს #225/ნ ბრძანებაზე „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც შემუშავებულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილების, აგრეთვე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და მის მიზანს წარმოადგენს საქართველოში უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, მათ შორის, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესის განსაზღვრა. აღნიშნულ აქტებზე მითითებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. წ-ის მიმართ გაცემული საარსებო შემწეობა დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო ოჯახის ან მისი რომელიმე წევრისთვის საარსებო შემწეობის თანხის ზედმეტად გადარიცხვა გასული პერიოდის განმავლობაში გარდაცვალების, სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის გამო, ან შემოსავლის გაზრდა/გაჩენის შემთხვევა, რაც განაპირობებდა გაცემული საარსებო შემწეობის უკან დაბრუნებას.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნ. წ-ი დაფიქსირებული იყო საკომლო წიგნი ჩანაწერში, რომლის საფუძველზე მოპასუხის მამამ - რეზო წიკლაურმა საცხოვრებელი ბინა დაარეგისტრირა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც მშობლების საკუთრებაში არსებული სახლის თანამესაკუთრედ ნ. წ-იც დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელე არ იყო ინფორმირებული, შესაბამისად, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ეს ინფორმაცია მიეწოდებინა სააგენტოსთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახი ვალდებული იყო ერთი თვის ვადაში სააგენტოსთვის ეცნობებინა მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ, რაც ოჯახს არ შეუსრულებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ნ. წ-ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 6714 ლარის გადახდის დაკისრება.
დადგენილია, რომ ნ. წ-ის მიმართ სოციალური დახმარების შეწყვეტას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ნ. წ-მა 2017 წლის 3 აპრილს ოჯახის დეკლარაციაში არ ასახა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1400 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზედ მდებარე #1 შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი სახლი) 2014 წლის 2 სექტემბრის საარქივო ცნობის საფუძველზე 2014 წლის 24 ოქტომბრიდან საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლებით რეგისტრაციის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას. ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად. მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია, რომ უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახის წევრი ანუ მაძიებელი, რომელიც განაცხადით მიმართავს სააგენტოს, ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, როგორც განაცხადის წარდგენის შემდგომ პირველადი დეკლარაციის შევსებისას, ისე მომდევნო პერიოდში, ნებისმიერ დროს, თუ მისი სოციალურ-ეკონომიკური პირობები შეიცვალა. ასევე იკვეთება სააგენტოს ვალდებულება იმგვარად, რომ მან მაძიებლის განაცხადის მიღების მომენტში გადაამოწმოს მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე. განსახილველ შემთხვევაში უდავოა ის ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში არ იყო წარდგენილი ზუსტი ცნობები მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს #225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-181 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ან მის რომელიმე წევრს ზედმეტად გადაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასული პერიოდის განმავლობაში გარდაცვალების, სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის ან სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის/ბრალდებულის განთავსების გამო, საარსებო შემწეობის თანხის დაბრუნება განხორციელდება გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვის მომდევნო თვიდან, სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის შემთხვევაში, საზღვრის კვეთიდან მესამე თვის მომდევნო თვიდან (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ), სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის/ბრალდებულის განთავსების მომდევნო თვიდან, ოჯახის წევრისთვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით, ხოლო ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება განხორციელდება ამ გარემოების დადგომის თვის მომდევნო თვიდან ოჯახისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნ. წ-ის მიმართ გაცემული საარსებო შემწეობა დაბრუნებას არ ექვემდებარება, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ზემოაღნიშნული წესით გათვალისიწინებული დანაწესი, რაც განაპირობებდა გაცემული საარსებო შემწეობის უკან დაბრუნებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე