საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 07.12.2004
საქმის ნომერი
2კ-347აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.12.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 347-აპ 7 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 ივლისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 იანვრის განაჩენი გ. ყ-ის მიმართ.

აღნიშნული განაჩენით გ. ყ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. ერთობლივად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 13 სექტემბრიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილად მიჩნეულია შემდეგი:

2003წ. 12 სექტემბერს გ. ყ-ლი შეხვდა სოფ. ---ში მცხოვრებ ჯ. მ-ლს. საუბრის დროს ამ უკანასკნელმა შესთავაზა, დაელიათ ალკოჰოლური სასმელი, რაზედაც გ. ყ-ლი დასთანხმდა. მათ ჯიხურში შეიძინეს პროდუქტი და ორი ლიმონათის ბოთლით სპირტიანი სასმელი არაყი.

დაახლოებით 14.30 საათზე ისინი ფეხით მივიდნენ ჯ. მ-ის სახლში და დროს გასატარებლად წამოიღეს ამ უკანასკნელის კუთვნილი, 50 ლარად ღირებული აუდიომაგნიტოფონი “კომეტა", რის შემდეგაც დაბრუნდნენ ე. ყ-ის სახლში, სადაც მან გაშალა სუფრა და დაიწყეს სმა. დაახლოებით 17.00 საათზე ჯ. მ-სა და გ. ყ-ლს, რომლებიც ერთმანეთს მიმართავდნენ უცენზურო სიტყვებით, მოუვიდათ შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში და გ. ყ-მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

ჯ. მ-ის ქმედებით განაწყენებულმა გ. ყ-მა შურისძიების მოტივით განიზრახა, მოეკლა იგი, მაგიდიდან აიღო მოთეთრო ფერის, ერთ მხარეს ლესილი სუფრის დანა და ჯ. მ-ლს გულმკერდის მარცხენა არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის ორი შემავალი დაზიანება, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ გ. ყ-მა სახლიდან გამოიტანა ჯ. მ-ის კუთვნილი მაგნიტოფონი და ეზოში დაამსხვრია, რითაც დაზარალებულის ოჯახს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. ყ-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მის გამართლებას. იგი მიუთითებს, რომ ჯ. მ-ლს ჰქონდა ცუდი სიმთვრალე, კონკრეტულ შემთხვევაშიც მთვრალმა ჯ. მ-მა დაუწყო ცემა, თავში ჩაარტყა ჭიქა და ბოთლი, მიაყენა სხეულის სხვადასხვა დაზიანება, ამ დროს მან აიღო დანა და მოგერიების მიზნით იქნევდა მას. ამის შემდეგ ჯ. მ-მა შეწყვიტა ჩხუბი და გავიდა ოთახიდან.

გ. ყ-ლი საჩივარში მიუთითებს, რომ ის იგერიებდა ჯ. მ-ის მხრიდან უხეშ ძალადობას, რის გამოც უნდა იქნეს გამართლებული.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ლ. ვარადაშვილმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ გ. ყ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ. გ-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა ზ. გ-მა კანონიერად მიიჩნია გ. ყ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

პროკურორმა ლ. მ-იმ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ მჯავრდებულმა და აწ გარდაცვლილმა ჯ. მ-მა ერთად მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც მთვრალებს მოუვიდათ ჩხუბი, რა დროსაც გ. ყ-მა დანით მოკლა ჯ. მ-ი. პროკურორმა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე გ. ყ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს მსჯავრდებულმა გ. ყ-მა მკვლელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა გ. ყ-მა და აწ გარდაცვლილმა ჯ. მ-მა ერთად მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, შემდეგ მოუხდათ კამათი და ჩხუბი, რა დროსაც დანის გამოყენებით გ. ყ-მა ჩაიდინა ჯ. მ-ის მკვლელობა.

მსჯავრდებულ გ. ყ-ის საკასაციო საჩივრის მითითებას იმის თაობაზე, რომ მასზე ძლიერი ჯ. მ-ლი სცემდა, თავზე გადაამტვრია ბოთლი, ესროლა ჭიქა და გაუტეხა თავი, რის გამოც მან აიღო დანა და იქნევდა თავდაცვის მიზნით, პალატა ვერ გაიზიარებს. ჯერ ერთი, გ. ყ-მა მიიღო მხოლოდ ერთი ჭრილობა მაშინ, როდესაც ჯ. მ-ლს აღენიშნებოდა შვიდი დაზიანება: ოთხი ნაჭდევი _ შუბლის არეში, ერთი _ ცხვირის ზურგზე და ორი _ გულმკერდში შემავალი ჭრილობა. ამ ორი ჭრილობიდან ერთ-ერთის არხი მიმართულია წინიდან უკან, ოდნავ ზემოდან ქვემოთ, მეორე კი _ წინიდან უკან, თითქმის სწორხაზოვნად. ჭრილობათა ასეთი მდგომარეობა კი გამორიცხავს დანის ქნევით მათ მიყენებას.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ყ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული საქმის ერთობლივი მასალებით დადგენილია, მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, სასჯელიც ჩანადენის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვს განსაზღვრული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ყ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 ივლისის განაჩენი გ. ყ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.