განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 30.01.2003
საქმის ნომერი
2კ-16აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.01.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 16-აპ 30 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა ადვოკატ გ. ძ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 დეკემბრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 დეკემბრის განაჩენით ზ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობა _ განაჩენის აღსრულებამდე დარჩა უცვლელად.

2001წ. 25 სექტემბერს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გასცა განკარგულება განაჩენის აღსრულების შესახებ, რის საფუძველზე 2002წ. 29 მაისს ზ.კ. დაკავებული და შესახლებულ იქნა თბილისის ¹5 იზოლატორში.

მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის დადგენილებით ზ.კ-ს განაჩენის აღსრულება გადაედო 3 თვით და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან.

2002წ. 10 ივნისს მსჯავრდებულმა ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში, რომელმაც იგი არ განიხილა დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან გასული იყო განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა. ამის შემდეგ ზ.კ-მ საჩივრით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს განაჩენის სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ. სასამართლომ მისი საჩივარი 2002წ. 7 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა. სასამართლოს აღნიშნული დადგენილება 2002წ. 5 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ.

წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ.კ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ.ძ. ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და განაჩენის სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას. მსჯავრდებული საჩივარში მიუთითებს, რომ იგი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია და არც განაჩენის ასლი ჩაბარებია; ვინაიდან არ მოხდა განაჩენის დროულად აღსრულება, ეგონა, რომ მისჯილი აქვს პირობითი მსჯავრი; მას საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია, სასჯელაღსრულების ორგანოებს არ დამალვია, ამ პერიოდში იყო არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ; სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მისჯის თაობაზე შეიტყო მაშინ, როდესაც დააკავეს და მაშინვე სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.

საკასაციო პალატის სხდომაზე ზ.კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ.ძ-მ მოითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა.ს-მა კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებული ზ.კ., რომელსაც წინასწარი გამოძიების დროს აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული ჰქონდა პოლიციის ზედამხედველობა, განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, სასამართლოს მისთვის განაჩენის ასლი არ გაუგზავნია და, ამდენად, მსჯავრდებულის განცხადება, რომ დაპატიმრებამდე მისთვის უცნობი იყო განაჩენით დანიშნული სასჯელის შესახებ, საფუძველსმოკლებული არ არის.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განკარგულება ზ.კ-ს მიმართ განაჩენის აღსრულების შესახებ გამოიტანა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან თითქმის ათი თვის შემდეგ – 2001წ. 25 სექტემბერს. ამ პერიოდში მსჯავრდებულს არ გამოუცვლია საცხოვრებელი ადგილი, პირიქით, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ამ პერიოდში იგი არჩეული იყო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ზ.კ-ს განაჩენის სააპელაციო გასაჩივრების გაცდენის ვადა უნდა ჩაეთვალოს საპატიოდ, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და მას უნდა აღუდგეს განაჩენის სააპელაციო გასაჩივრების ვადა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 215-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 დეკემბრის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა ზ. კ-ს განაჩენის სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

ზ. კ-ს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 დეკემბრის განაჩენის სააპელაციო გასაჩივრების ვადა აღუდგეს.