საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.02.2003
საქმის ნომერი
2კ-25აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.02.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 25-აპ 11 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა დაზარალებულ ც. ჭ-სა და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი დუშეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 სექტემბრის განაჩენში ე. მ-ს მიმართ; მას სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით შეფარდებული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდა 2 წლით და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ე. მ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ იგი 1998წ. 10 ივნისს არაფხიზელი მართავდა ავტომანქანა ვაზ-2121-ს მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზაზე. ყაზბეგი-მცხეთის მიმართულებით მოძრაობდა რა დიდი სიჩქარით, დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირში ვერ უზურნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, უხეშად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესების 1.5 პუნქტის მოთხოვნები, ავტომანქანა გადაიყვანა საპირისპირო ზოლში და შეეჯახა განათების ბოძს, შემდეგ _ ძროხას და ფეხით მოსიარულე გ. ბ-ს. შეჯახების შედეგად გ. ბ. ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ე. მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ე. მ. იმყოფებოდა რა მიმალვაში, დუშეთის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ხ. ბ-ს სახელზე გაცემულ პასპორტში ჩააკრა თავისი ფოტოსურათი და 2000წ. 4 ნოემბერს გაყალბებული პირადობის მოწმობით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, გავიდა რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ კი _ უკრაინაში.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ე. მ-ს დუშეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 344-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ერთობლივად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 დეკემბრის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ე. მ-ს საჩივარი და მას 4 წლამდე შეუმცირდა შეფარდებული სასჯელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაზარალებული ც. ჭ. ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ხოლო დუშეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვებას. მიუთითებს, რომ მსჯავრდებული ე. მ. არ იმსახურებდა სასჯელის შემსუბუქებას, რადგან იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ლ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ე. მ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და მის გამართლებას, მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება იმის ობიექტური დამადასტურებელი საბუთი, რომ ე. მ-მა მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა გ. ბ..

პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ც. ჭ-მ ცვლილებით დაუჭირა მხარი თავისი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის შესახებ. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ე. მ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი არის აშკარად მსუბუქი და საქმის ხელახალი განხილვისას სასჯელის ზომა უნდა გამკაცრდეს.

ადვოკატმა მ. ლ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით არაა დადგენილი, რომ ე. მ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა გ. ბ.. ადვოკატმა მ. ლ-მ იშუამდგომლა ე. მ-ს მიმართ სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდში განაჩენის გაუქმებისა და საქმის ამ ეპიზოდში წარმოებით შეწყვეტის შესახებ.

პროკურორმა ა. ს-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ დაეთანხმება დაზარალებულის საკასაციო საჩივრის მითითებას, რომ თითქოს მსჯავრდებულ ე. მ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი იყოს აშკარად მსუბუქი.

საქართველოს სსსკ-ს 565-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით მეტისმეტი სიმსუბუქის გამო აშკარად უსამართლოა.

მოცემულ შემთხვევაში ე. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ცხრა წლამდე. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ ე. მ-მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი _ 2 და 3 წლის შვილი, მოხუცებული, ინვალიდი დედა და რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ასეთ ვითარებაში მსჯავრდებულ ე. მ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად უსამართლოდ, როგორც მსუბუქი და არ არსებობს ამ მოტივით განაჩენის გაუქმების საფუძველი.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან ე. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია როგორც მისი სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ისე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.

საქართველოს სსსკ-ის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო ინსტანციის უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დადასტურებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით დადგენილად იქნა მიჩნეული ფაქტი იმის შესახებ, რომ ე. მ-მა დაარღვია გზებზე მოძრაობის წესები, მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა გ. ბ.. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია.

ამდენად, საქმეში არ მოიპოვება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 დეკემბრის განაჩენი ე. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.