საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 06.02.2003
საქმის ნომერი
2კ-27დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.02.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 27-დად 6 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურორის თანაშემწე გ. ს-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს მ. ხ-ს 2002წ. 13 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა თბილისის რეგიონული სამხედრო პროკურატურის 2002წ. 5 ნოემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 17 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹06328 ნაწილის რიგითი ჯარისკაცი გ. ღ. ასრულებდა საყარაულო სამსახურს. დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე მე-5 საგუშაგოს პარამეტრის ტერიტორიაზე მან შენიშნა უცხო მოქალაქეები, როგორც შემდეგ გაირკვა, არასრულწლოვანი გ. ტ. და ა. ო.. ღ-მა საყარულო სამსახურის წესდების შესაბამისად ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა ისინი, შემდეგ კი პოსტზე მის ხელთ არსებული “აკმ-ის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. მას შემდეგ, რაც მიღებული გამაფრთხილებელი ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა, მან მოახდინა ავტომატიდან გასროლა ტ-ს და ო-ს მიმართულებით, რა დროსაც მარცხენა დუნდულოს არეში დაიჭრა ტ., რომელიც ო-მა გაიყვანა ნაწილის ტერიტორიიდან. ტ-ს აღმოუჩინეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მას მიღებული აქვს სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების მიერ ორჯერ იქნა გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, რაც ორჯერვე იქნა გაუქმებული 2001წ. 27 ივლისს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს და იმავეწ. 22 ოქტომბერს, შესაბამისად საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის ზედამხედველობის განყოფილების მიერ. მიღებული დადგენილებებით საქმე ასევე ორჯერ იქნა შეწყვეტილი: 2002წ. 28 მარტსა და იმავეწ. 5 ნოემბერს თბილისის რეგიონალური სამხედრო პროკურატურის მიერ, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ ღ-ს ქმედების არამართლსაწინააღმდეგო ხასიათის გამო.

საბოლოოდ, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხარებავამ კვლავ განიხილა რა სადავო საკითხი, 2002წ. 13 დეკემბრის დადგენილებით გააუქმა თბილისის რეგიონული სამხედრო პროკურატურის 2002წ. 5 ნოემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გადასცა თბილისის რეგიონულ სამხედრო პროკურორს.

ითხოვს რა მოსამართლის აღნიშნული დადგენილების გაუქმებას და თბილისის რეგიონული სამხედრო პროკურატურის 2002წ. 5 ნოემბრის სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის დადგენილების ძალაში დატოვებას, სამხედრო პროკურორის თანაშემწე გ. ს. თავის საკასაციო საჩივარში უთითებს შემდეგს:

საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულია სრულყოფილი გამოძიება, დაკითხულია ყველა მოწმე, ყველა შუამდგომლობაზე გაცემულია ამომწურავი პასუხები და რაიმე საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ს. უთითებს, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად გამოირიცხა ღ-ს მხრივ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და ამ მიმართებით უსაფუძვლოა დამატებითი გამოძიების ჩატარება.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. ბ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს. გ. ტ. და მისი წარმომადგენელი მ. გ. მხარს უჭერენ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის დადგენილებას და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

გამოიკვლია რა საქმის გარემოებები, კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სწორია მოსამართლის დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ეხება საქმეზე დაკითხულ პირთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს და ამ მოტივით მათი ხელახალი და კრიტიკული დაკითხვების აუცილებლობას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დაკითხვების შედეგად უნდა დადგინდეს შემთხვევის ზუსტი ადგილი (ღუჭაშვილის მიერ გასროლა და ტაიროვის დაჭრა მოხდა სამხედრო ნაწილის შიგნით ტერიტორიაზე თუ მის გარეთ), რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ღუჭაშვილის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სწორად მოითხოვს თვითმხილველთა ორი ჯგუფის ყოველი წევრის კრიტიკულად დამატებითი დაკითხვისა და მათი დაპირისპირების აუცილებლობას ღ-თან და ტ-თან მათი დამოკიდებულების დადგენის მიზნით და იმის გასარკვევად ვინ, სად, რა საქმის გამო იმყოფებოდა სამხედრო ნაწილის შიგნით ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე და უშუალოდ რა გაიგონა თითოეულმა მათგანმა.

საკასაციო პალატა ეთანხმება დადგენილებას იმაშიც, რომ წინასწარი გამოძიებისას აღძრულ შუამდგომლობებზე გაცემულია არამოტივირებული და დაუსაბუთებელი პასუხები, რაც დამატებითი გამოძიების მიერ უნდა გასწორდეს _ საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისი ექსპერტიზები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლე ხარებავას დადგენილება სწორია, კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად, დადგენილებაში მითითებული გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ კი მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ღუჭაშვილის ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემის თაობაზე.

აქედან გამომდინარე, კერძო საკასაციო საჩივარს პალატა არ ეთანხმება და თვლის მას უსაფუძვლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. ხარებავას 2002წ. 13 დეკემბრის დადგენილება. სისხლის სამართლის საქმე წინასწარი გამოძიების განახლებისა და დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გადაეცეს თბილისის რეგიონულ სამხედრო პროკურატურას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.