განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 29-დად 27 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. გოგელია
განიხილა სს “თ-ოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა.ა-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადვოკატ ა.ა-ს საჩივარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის პირველი სამმართველოს 2002წ. 2 სექტემბრის დადგენილების გაუქმებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 1 აპრილს საგანგებო ლეგიონის ქ.თბილისის სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია სს “თ-ოს” მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს დაშვებულ სამართალდარღვევათა შესახებ. კერძოდ, ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, სს “თ-ოს” 2000წ. 5 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ.დელავერში, რეგისტრირებულ “დ. ი. ლ.სთან” გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ეს უკანასკნელი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს სს “თ-ოს” პროდუქციისათვის საზღვარგარეთის ბაზრის შესწავლა და მარკეტინგული მომსახურება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 550.000 აშშ დოლარს. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2000წ. საბუღალტრო მონაცემებით “დ. ი. ლ.ს” მიერ შესასრულებელი მომსახურება მთლიანად დაკრედიტებულია შესაბამის ანგარიშზე, რომლის გადახდაც დაწყებულია 2001 წელს. ოპერატიული ინფორმაციით თანხა სს “თ-ოს” დირექტორ ზ.მ-ს გამოტანილი აქვს საზოგადოების სალაროდან და ამ თანხის “დ. ი. ლ.ზე” გადაცემის დოკუმენტი არ არსებობს, ასევე არ არსებობს სამუშაოს შესრულების დოკუმენტაცია.
აღნიშნული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, 2002წ. 11 აპრილს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს წინაშე აღიძრა შუამდგომლობა სს “თ-ოში” 2000წ. 1 იანვრიდან 2002წ. 1 აპრილამდე პერიოდის სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2002წ. 11 აპრილის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება სს “თ-ოს” ხელმძღვანელობამ გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აპრილის ბრძანებით არ დააკმაყოფილა სს “თ-ოს” საჩივარი და ნება დართო საგანგებო ლეგიონს, შეემოწმებინა სს “თ-ოში” “დ. ი. ლ.ს” მიმართ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერება.
ამ ბრძანების საფუძველზე სს “თ-ოში” ჩატარებული შემოწმებით დადგინდა შემდეგი: სს “თ-ო” რეგისტრირებულია ქ.თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996წ. 20 აგვისტოს ¹1ა/5-10 დადგენილებით. გადასახადის გადამხდელად საწარმო აღრიცხვაზეა გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი 209437242. სს “თ-ოს” იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის გამზირი ¹2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა გ.მ., კომერციული დირექტორი _ ზ.მ..
შემოწმების პროცესში სს “თ-ოს” ხელმძღვანელობამ წარადგინა მთელი რიგი დოკუმენტების ორიგინალები და ამავე დოკუმენტების ნოტარიუსით დამტკიცებული ნათარგმი ასლები, რომელთა შესწავლითაც დადგინდა, რომ 1999წ. ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სს “თ-ოს” კომერციული დირექტორი ზ.მ. იმყოფებოდა “შIMEI”-ს გამოფენაზე იტალიაში, ქ.მილანში, სადაც, მისივე განმარტებით, გაიცნო კომპანია “დელტეკ ინვესტმენტის” წარმომადგენელი, რომელმაც შესთავაზა კომპანიის მომსახურება. აღნიშნულმა წარმომადგენელმა შემდეგომში ტელეფონის მეშვეობით დააკავშირა კომპანია “დ. ი. ლ.ს” დირექტორ პ. ვ.კ-თან, რომელთანაც დაამყარეს ურთიერთობა ტელეფონით, ფოსტითა და ელექტრონული ფოსტით. კერძოდ, 2000წ. 5 იანვარს ფოსტით მოხდა ხელშეკრულების გაფორმება “დ. ი. ლ.სთან”. ხელშეკრულების საფუძველზე “დ. ი. ლ.” იღებდა ვალდებულებას, “თ-ოსთვის” გაეწია მომსახურება ღვინისა და მაგარი ალკოჰოლური სასმელების მყიდველთა ბაზრის მარკეტინგული გამოკვლევის მიზნით შემდეგ ქვეყნებში: ავსტრალია, აშშ (კალიფორნია), დიდი ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი, რუსეთი, უნგრეთი, ჩეხეთი. ამ ქვეყნებიდან გამოკვლევა ჩატარდა პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში, რუსეთში. მარკეტინგული გამოკვლევა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაში მითითებული მიმართულებებით. სს “თ-ოს” მიერ წარმოდგენილი მარკეტინგული გამოკვლევა და ინსტრუქცია/მეთოდოლოგია შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მისი სრულყოფის შესახებ მსჯელობა შეუძლებელია.
ხელშეკრულება ¹01/თBV-DI-ის მიხედვით მომსახურების ღირებულება შედაგენს 550.000 აშშ დოლარს, ანგარიშსწორება კი უნდა მომხდარიყო “თ-ოს” მიერ ანგარიშ-ფაქტურის მიღებიდან 60 საბანკო დღის ვადაში “დ. ი. ლ.ს” მიერ მითითებულ ანგარიშზე გადარიცხვის გზით.
“თ-ოს” კომერციული დირექტორის ზ.მ-ს განმარტებით, “ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურის მიღებიდან 60 დღეში სს “თ-ოს” არ გააჩნდა სათანადო სახსრები, გაესტუმრებინა დავალიანება “დ. ი. ლ.სთვის”, ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას მათ ზეპირი ფორმით მოითხოვეს ნაღდი ფულით (აშშ დოლარებით) მომხდარიყო ანგარიშსწორება, ასევე აღნიშნეს, რომ მათ ჰყავდათ წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც ისინი შესაძლებლად თვლიდნენ ოპერაციის განხორციელებას. ვინაიდან ზ.მ. პირადად იყო პასუხისმგებელი ამ თანხის გადახდაზე, მან მოიძია ოჯახის ახლობელი ადამიანი (რომლის ვინაობას არ ასახელებენ), რომელმაც უზრუნველყო ნაღდი ფულის ზ.მ-სთვის მიწოდება თანხის შემდგომი გადაცემის ადგილებზე, ანუ ქალაქებში: კიევი, მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი”. თანხის გადაცემა ხდებოდა ზ.მ-ის სასტუმრო ოთახში “დ. ი. ლ.ს” ნდობით აღჭურვილ პირზე (მისი საპასპორტო მონაცემები ზ.მ-სათვის უკვე წინასწარ იყო ცნობილი პ.უ.კ-თან სატელეფონო საუბრის შემდეგ). თითოეულ შემთხვევაში თანხის მიმღები სხვადასახვა, რუსულ ენაზე მოლაპარაკე პირი იყო, მათი სახელების დაზუსტებით გახსენება ზ.მ-მა ვერ შეძლო. თანხის გადაცემისთანავე ხდებოდა წინასწარ შეთანხმებული და მომზადებული, შესაბამისი თანხის გადაცემის აქტების სს “თ-ოს” მხრიდან დადასტურება (აქტები “დ. ი. ლ.ის” მიერ უკვე წინასწარ იყო დამოწმებული ბეჭდით და შესაბამისი ხელმოწერით) 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი პირი რჩებოდა “თ-ოს” კომერციულ დირექტორს, ხოლო მეორე _ “დ. ი. ლ.ს” ნდობით აღჭურვილ პირს. თანხის გადაცემას ქ.კიევში, ქ.მოსკოვსა და ქ.სანკტ-პეტერბურგში ასევე ესწრებოდა სს “თ-ოს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გ.მ., ხოლო ქ.მოსკოვში გ.მ-ს გარდა თანხის გადაცემას დაესწრო საბჭოს წევრი ზ.ნ.. თანხის გადაცემა არ არის სანოტარო წესით დადასტურებული, რაზედაც სს “თ-ოს” კომერციულმა დირექტორმა განაცხადა, რომ: “სულ გადაცემულია 225.000 აშშ დოლარი და ამ თანხების სანოტარო წესით დადასტურება დაკავშირებული იყო ზედმეტ ხარჯთან. გარდა ამისა, მოთხოვნა ასეთი დადასტურებისა “დ. ი. ლ.ს” მხრიდან არ ყოფილა”.
აღსანიშნავია, რომ თანხის გადაცემის აქტს ხელს აწერს არა ის პირი, რომელმაც ჩაიბარა თანხა, არამედ “დ. ი. ლ.ს” დირექტორი პ.ვ.კ.. იმ პირების მონაცემები, რომლებმაც თანხები ჩაიბარეს, სს “თ-ოს” არ გააჩნია. “დ. ი. ლ.ს” საერთო ჯამში გადაეცა 225.000 აშშ დოლარი, რომლის გადახდასაც სს “თ-ო” უკვე ზ.მ-ს მიმართ შემდგომში ნაწილ-ნაწილ ახორციელებდა. ამჟამად “თ-ოს” ზ.მ-ს მიმართ ამ მომსახურებიდან წარმოქმნილი დავალიანება არ გააჩნია.
“დ. ი. ლ.ზე” გადაცემული 225.000 აშშ დოლარის დაბეგვრა მომხდარია საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად 10%-იანი განაკვეთით და შესაბამისად თანხა შესულია ბიუჯეტში.
შემოწმებით დადგინდა, რომ “დ. ი. ლ.ს” მიერ განხორციელებული მომსახურების შედეგად 2000 წელს “თ-ოს” მიერ აშშ-ში ექსპორტირებულ იქნა 242.144 აშშ დოლარის, ჩეხეთში _ 16.112 აშშ დოლარის, 2001 წელს რუსეთში _ 766.154 აშშ დოლარის პროდუქცია, სულ _ 1.024.420 აშშ დოლარის პროდუქცია. სს “თ-ოს” შემოსავალმა ღვინის რეალიზაციიდან 1999 წელს შეადგინა 518.410 ლარი, 2000 წელს _ 1.540.350 ლარი, 2001 წელს _ 3.211.926 ლარი, 2002წ. I კვარტალში _ 490.927 ლარი. როგორც სს “თ-ოს” კომერციული დირექტორი ზ.მ. განმარტავს, ყოველივე ზემოაღნიშნული შესაძლებელი გახდა “დ. ი. ლ.ს” მიერ გაწეული მომსახურებით.
შემოწმების პროცესში აშშ-ის ფირმა “დ. ი. ლ.დან” მიღებულ იქნა წერილი და მასალები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება სს “თ-ოსა” და “დ. ი. ლ.ს” ურთიერთობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგანგებო ლეგიონის I სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკის _ დ.ბ-ს 2002წ. 2 სექტემბრის დადგენილებით სს “თ-ოსა” და “დ. ი. ლ.ს” შორის არსებული ურთიერთობები მიჩნეულ იქნა კანონიერად და სს “თ-ოს” ხელმძღვანელთა მიმართ, მათ ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი თქმის შესახებ.
აღნიშნული დადგენილება სს “თ-ოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა.ა-ს მიერ გასაჩივრდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ადვოკატ ა.ა-ს საჩივარი და უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის I სამმართველოს 2002წ. 2 სექტემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
სს “თ-ოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრ თ.ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა.ა. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და საქმის მასალების გენერალური პროკურორისთვის გადაგზავნას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად იმ მოტივით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის I სამმართველოს 2002წ. 2 სექტემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ არ არის სწორი, იგი დადგენილია სათანადო შემოწმებისა და მასალების შესწავლის გარეშე, აშკარად ტენდენციურია და მიმართულია ჩადენილი სიყალბის დასაფარავად და დამნაშავე პირების პასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლბლად.
სს “თ-ოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თ.ს. ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
სს “თბილიღვინოს” ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ.კ. არ ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვებას.
პროკურორები მ.მ. და მ.ნ. ითხოვენ სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრის დადგენილების მოტივაციას სს “თ-ოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თ. ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გასაჩივრების დაუშვებლობის თაობაზე, რადგან ადვოკატის საკასაციო საჩივარს ხელს არ აწერს დაინტერესებული პირი. სსსკ-ის 269-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმეზე არაღძვრის დადგენილების გასაჩივრების უფლება დაინტერესებული პირის მიერ, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში თ.ს-ს ნების შესაბამისად, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივრით განხორციელდა, ვერ იქნება საჩივარზე უარის თქმის საფუძველი.
საქმის მასალების მიხედვით, 2000წ. 5 იანვარს სს “თ-ოსა” და “დ. ი. ლ.ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება ¹01/IBV-DI, რომელსაც სს “თ-ოს” სახელით ხელს აწერს ზ.მ. მაშინ, როდესაც სს “თ-ოს” წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში 2001წ. 14 თებერვლამდე იყო საზოგადოების დირექტორი ნ.სუპატაშვილი. აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსში სს “თ-ოს” წარმომადგენლად მითითებულია ნ.ს.. სინამდვილეში ხელშეკრულება გაფორმდა და ხელი მოეწერა ზ.მ-ს მიერ, რომელსაც 2000წ.თვის სს “თ-ოს” წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება არ გააჩნდა არც სს “თ-ოს” წესდებით, არც _ სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით და არც _ წარმოების დირექტორისგან გაცემული მინდობილობით. ზ.მ-მა აღნიშნული უფლებამოსილება მიიღო მხოლოდ 2001წ. 14 თებერვალს, როდესაც შესაბამისი ცვლილებები შევიდა სამეწარმეო რეესტრში და იგი დაინიშნა საზოგადოების კომერციულ დირექტორად.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განხილვისას პრეიუდიციული ძალის მქონედ მიიჩნია თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 დეკემბრის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით თ.ს-ის მიერ დავა ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ არის არგუმენტი იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების გზით არ შემოწმდეს ზ.მ-ის მიერ ხელშეკრულების დადების მიზანი. მით უფრო, რომ ზემოაღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში ჯერ არ შესულა და თ.ს-ის მიერ შეტანილია კერძო საკასაციო საჩივარი მითითებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
საქმის მასალებში მოთავსებულია “დ. ი. ლ.ის” დირექტორ ს. პ. მ-ს 2002წ. 10 იანვრით დათარიღებული წერილი, რომელშიც მიუთითებს, რომ სს “თ-ო” არის მათი კლიენტი და 2000წ. განმავლობაში მათი ორგანიზაცია უწევდა კონსულტაციას და უზრუნველყოფდა სამარკეტინგო მომსახურებას. ხელშეკრულების საერთო თანხა შეადგენდა 550.000 აშშ დოლარს და ამ დროისათვის მათ მიღებული აქვთ 225.000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა პიტერ ვ.კოქსი, რომელიც “დ. ი. ლ.ის” დირექტორად მუშაობდა 2002წ. 29 იანვრამდე.
მოკვლევის ორგანოს მიერ სასამართლოსათვის საქმის მასალებში წარმოდგენილი საგანგებო ლეგიონის შეკითხვის პასუხი, რომლითაც დადასტურებულია სს “თ-ოსა” და “დ. ი. ლ.ს” შორის დადებული ხელშეკრულების ხელმომწერი პირის პ.ვ.კ-ს მითითებული საზოგადოების დირექტორობა, ეჭვქვეშ იქნა დაყენებული თ.ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ, ვინაიდან საქმის მასალებში “დ. ი. ლ.ის” მიერ გამოგზავნილი საპასუხო წერილი წარმოდგენილია კონვერტის გარეშე. საკასაციო პალატაში საგანგებო ლეგიონის თანამშრომელმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის კავშირგაბმულობის და ფოსტის განყოფილების უფროსის უთარიღო ცნობა, რომლითაც დადასტურებულია საგანგებო ლეგიონის სახელზე აშშ-დან 2002წ. ივლისის თვეში წერილის მიღების ფაქტი. საყურადღებოა, რომ ეს ზოგადი ცნობა ლეგიონის კანცელარიაში რეგისტრირებული არ არის, ისევე, როგორც ხელშეკრულების მხარეებს შორის მიმოწერის არც ერთი კონვერტი არ ერთვის საქმის მასალებს.
დაუსაბუთებელია დადგენილების მოტივაცია სს “თ-ოსა” და “დ. ი. ლ.ს” შორის ურთიერთობების არსებობის შესახებ, მაშინ, როცა ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონს არ გადაუმოწმებია სს “თ-ოსა” და “დ. ი. ლ.ს” შორის არსებული სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით, რაც ფაქტობრივად 2002წ. 22 აპრილის სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებით იქნა გათვალისწინებული.
სს “თ-ოსა”' და “დ. ი. ლ.ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით ზ.მ-ის განმარტება 225.000 აშშ დოლარის ნაღდი ანგარიშით გადახდასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და მოკვლევის ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა შემოწმებული. ზ.მ-ს განმარტება მისი ახლობლის მიერ აღნიშნული თანხის ნაწილ-ნაწილ მიწოდებაზე კიევში, მოსკოვსა და სანკ-პეტერბურგში და შემდგომ მის მიერ თანხის გადაცემა პ.ვ.კ-ს წარმომადგენლებისადმი, რომელთა საპასპორტო მონაცემები წინასწარ შეთანხმებული იყო და ეს უკანასკნელები ფულის მიღების დასტურად აწვდიდნენ მას პ.კოქსის მიერ წინასწარ ხელმოწერილი აქტების ორიგინალებს, მოკვლევის მიერ არ გადამოწმებულა. ასევე არ შემოწმებულა შესრულებული სამუშაო (მარკეტინგული კვლევა) და ის დადებითი შედეგები, რაზეც ზ.მ. უთითებს ახსნა-განმარტებაში. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებაში მითითებულია, რომ სს “თ-ოს” მიერ წარმოდგენილი მარკეტინგული კვლევა და ინსტრუქცია/ მეთოდოლოგია შესრულებულია ინგლისურ ენაზე, რაც გამორიცხავს მისი სრულყოფის შესახებ მსჯელობას.
აღნიშნულს ადასტურებს თბილისის პროკურატურის განყოფილების უფროსის მოადგილის მიერ საკასაციო პალატისადმი მოწოდებული ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ განხილვის სრულყოფის მიზნით,Qმათ 2003წ. 19 თებერვალს გააგზავნეს წერილი აშშ-ს კომპანია “დ. ი. ლ.ის” დირექციაში იმ საკითხების დამატებით გასარკვევად, რაც მხარეებს შორის მარკეტინგული მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების დადების ნამდვილობას, მისი დადების დროს, ამერიკის მხრიდან ხელმომწერის უფლებამოსილებებს და გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების ოდენობას, გადახდის ადგილსა და დროს უკავშირდება. აღნიშნული ნათლად ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების მოტივები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომაც გაიზიარა, ეჭვქვეშ დადგა თვით მოკვლევის წარმოებაზე ხელმძღვანელი პროკურატურის მიერ.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების გზით უნდა დადგინდეს: სს “თ-ოსა” და “დ. ი. ლ.ს” შორის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი; აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების უფლებამოსილების საკითხი; ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საჭიროება შემკვეთი მხარისათვის; ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შედეგად შემსრულებლის მიერ მოთხოვნილი თანხების რაოდენობა და მისი გადახდის ნამდვილობა და წესის კანონიერება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის I სამმართველოს 2002წ. 2 სექტემბრის დადგენილებები სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ უნდა გაუქმდეს და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რადგან მოცემულ საქმეზე საგანგებო ლეგიონს შემოწმება ჩატარებული აქვს არასრულყოფილად.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც პალატის განჩინებაში, ასევე კერძო საკასაციო საჩივარში მითითებული და სხვა საკითხების შესამოწმებლად საჭიროა მოწმეთა დაკითხვა, სს “თ-ოდან” საბუღალტრო საბუთების ამოღება, დოკუმენტური რევიზიის, საბუღალტრო ექსპერტიზისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემთხვევაში.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით იქნება შესაძლებელი პროკურატურის მიერ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა და საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის პირველი სამმართველოს 2002წ. 2 სექტემბრის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე; ასევე გაუქმდეს 2002წ. 2 სექტემბრის ზემოაღნიშნული დადგენილება და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.