დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-452(კ-20) 2 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები (სასკ 16.2) - მ. ს-ე, მ. ი-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 26 დეკემბერს დ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 აპრილის №... გადაწყვეტილების, „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 აპრილის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ნოემბრის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 11 თებერვლის №01/01-43/10-235 განკარგულების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდით №...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ მ. ს-ე და მ. ი-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 11 თებერვლის №01/01-43/10-235 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმად, 1998 წლის 17 სექტემბერს „ს...ის” მიერ ც. მ-ის სახელზე გაიცა №19275 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ც. მ-ეს გადაეცა ...ში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (№198). აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართული სქემატური გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთზე იდგა შენობა-ნაგებობა. მიწის ნაკვეთის (ს/კ№...) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, 2002 წლის 03 სექტემბერს ც. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. თბილისი სოფელი ...ში არსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული იყო 1998 წლის 17 სექტემბრის №19275 მიღება-ჩაბარების აქტი.
2004 წლის 13 ნოემბერს გაცემული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მ. ი-მა ც. მ-ეს 3 თვის ვადით ასესხა 2360 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა ც. მ-ის საკუთრებაში არსებული 0.06 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი სოფელი ...ი (ს/კ№...). სანოტარო აქტის თანახმად, ც. მ-ის საკუთრების უფლება დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის 1998 წლის 17 სექტემბრის №19275 მიღება-ჩაბარების აქტით და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.
მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის „...ის“ 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ი-ის საარბიტრაჟო პრეტენზია და ც. მ-ეს მ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2360 აშშ დოლარის გადახდა. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 11 თებერვლის №01/01-43/10-235 განკარგულებით მ. ი-ს საკუთრებაში გადაეცა უძრავ ქონება - 0.06 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი სოფელი ...ში.
2014 წლის 31 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ. ი-ის განცხადება და მის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სოფელ ...ში არსებული 604 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა (ს/კ №.... ნაკვეთის წინა ნომერი №...). 2014 წლის 31 მარტს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს 2010 წლის 11 თებერვლის №01/01-43/10-235 განკარგულება.
2014 წლის 16 აპრილს გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ი-მა მ. ს-ეს აჩუქა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, სოფელი ...ი 604 კვ.მ. საკ.კოდი №... მასზე მდგარი შენობა-ნეგებობა №1. 2014 წლის 16 აპრილს მ. ს-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა ქ.თბილისი, სოფელი ...ში მდებარე 604 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მის სახელზე. 2014 წლის 22 აპრილის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ს-ის განცხადება და მის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სოფელ ...ში არსებული 604 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა (ს/კ №.... ნაკვეთის წინა ნომერი №...). 2014 წლის 22 აპრილს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული იყო 2014 წლის 16 აპრილის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.
2014 წლის 23 აპრილს მ. ი-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ჩანაწერის გაუქმება და საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენა უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, სოფელი ...ი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 28 აპრილს მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ი-ის განცხადება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, მდებარე: თბილისი, სოფელი ...ი 604 კვ.მ. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 28 აპრილის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, სოფელი ...ში მდებარე უძრავი ქონება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 604 კვ.მეტრი, (ს/კ №.... ნაკვეთის წინა ნომერი №...) აღრიცხული იყო მ. ი-ის სახელზე. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებული იყო 2014 წლის 23 აპრილის განცხადება.
1997 წლის 16 ნოემბერს ,,ს...ის” მიერ დ. მ-ის სახელზე გაიცა №16417 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დ. მ-ეს გადაეცა ...ში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (№197). აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართული სქემატური გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთზე იდგა შენობა-ნაგებობა. 2007 წლის 28 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. მ-ის განცხადება და მის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სოფელ ...ში არსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ №...). 2007 წლის 28 ნოემბერს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული იყო 1997 წლის 16 ნოემბრის №16417 მიღება-ჩაბარების აქტი.
2016 წლის 22 აგვისტოს დ. მ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მათ შორის, შპს ,,კადასტრი ვ“ -ს მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აგვისტოს სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთისა ადა საჯარო რეესტრში მ. ი-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამასთან, რადგან სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებობს დავა, აღნიშნული დავის მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნული იქნა მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი თ. კ-ე. სადავო საკითხზე მედიატორ ნოტარიუსთან/მედიატორთან დანიშნული იქნა შეხვედრა 2016 წლის 02 სექტემბერს 15:00-15:30 საათზე მისამართზე ქ. ..., ...ს ქ. №12. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეთა გამოცხადება სავალდებულო იყო.
2016 წლის 2 სექტემბრის ნოტარიუს თ. კ-ის ინფორმაციით დგინდებოდა, რომ 2016 წლის 2 სექტემბერს მასთან გამოცხადდა მხოლოდ დ. მ-ე და მისი წარმომადგენელი, ხოლო მ. ი-ი სანოტარო ბიუროში არ გამოცხადდა და მედიაცია არ შედგა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 ოქტომბრის სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნული იქნა მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი თ. კ-ე. სადავო საკითხზე მედიატორ ნოტარიუსთან/მედიატორთან დანიშნული იქნა შეხვედრა 2016 წლის 31 ოქტომბერს 15:00-15:30 საათზე, მისამართი ქ. ..., ...ს ქ. №12. მხარეები გაფრთხილებულნი იქნენ, რომ დანიშნულ შეხვედრაზე მხარეთა გამოცხადება სავალდებულო იყო. ამასთან, განემარტათ, რომ შეთანხმების მიუღწევლობის ან სანოტარო მედიაციის შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღებოდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
2016 წლის 31 ოქტომბრის ნოტარიუს თ. კ-ის ინფორმაციით დგინდებოდა, რომ 2016 წლის 20 ოქტომბერს იგი დაუკავშირდა მოდავე მხარეებს. დ. მ-ემ და მისმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადეს, მედიაციაზე დანიშნულ დღეს 2016 წლის 31 ოქტომბერს 15:00 საათზე გამოცხადებულიყვნენ მის სანოტარო ბიუროში, ხოლო მეორე მხარემ - მ. ი-მა ტელეფონის საშუალებით სასტიკი უარი განაცხადა სადავო საკითხის მედიაციის საშუალებით გადაჭრაზე, იმ მოტივით, რომ მას ყველაფერი სწორად ჰქონდა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში და აღნიშნულ საქმეზე არსებობდა სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ნოტარიუსის განმარტებით, მხარესთან კონსულტაციისა და დავის გარემოებებიდან გამომდინარე, მედიაციის პროცესის წარმოება მხარეებს შორის უპერსპექტივო იყო. მედიაცია შეწყდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მხარეთა შორის მედიაციის პროცესის წარმოება უპერსპექტივო იყო და მედიაცია შეწყდა. შესაბამისად, ძალაში დარჩა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (25.08.16) გადაწყვეტილება უძრავი ნივთების საკადასტრო კოდების ... და ... საკადასტრო მონაცემების ზედდებასთან დაკავშირებით. ამასთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე №... სარეგისტრაციო განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამდასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად დაინტერესებულ პირს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე და განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის მარეგისტრირებელ ორგანოში წარუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 დეკემბრის №...-22 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2016 წლის 04 ოქტომბერს დ. მ-ის წარმომადგენელმა №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2016 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების გაუქმება და ქ.თბილისში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დ. მ-ის წარმომადგენლის 2016 წლის 4 ნოემბრის №... ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ.თბილისში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) განხორციელდა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ და დაცულ ინფორმაციათა შესაბამისად და არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - დ. მ-ის შეფასებით, იპოთეკის ხელშეკრულებისა და აუქციონის საგანი იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა, ხოლო, მოპასუხის უკანონო ქმედებით მას მიადგა ზიანი, კერძოდ მისი კუთვნილი ქონება, მიწის ნაკვეთის ნახევარი, რომელზეც განთავსებულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, გადეცა მ. ი-ს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის/კასაციის ძირითად საფუძველს/მოტივს წარმოადგენს ის გარემოება, რომ დ. მ-ემ (მოსარჩელემ) 2007 წელს შეცდომით, არასწორი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და კონფიგურაციით დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი, თუმცა რეალურად, მას საკუთრებაში გააჩნდა 2 საცხოვრებელი სახლი (რომელთაგან ერთი ამჟამად რეგისტრირებულია მ. ი-ის სახელზე). ამდენად, მის მოთხოვნას შესაბამისი აქტების ბათილად ცნობა და ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1998 წლის 17 სექტემბერს ,,ს...ის” მიერ ც. მ-ის სახელზე გაიცა №19275 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ც. მ-ეს გადაეცა ...ში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (№198). აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართული სქემატური გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთზე იდგა შენობა-ნაგებობა (78 კვ.მ). მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, 2002 წლის 03 სექტემბერს ც. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. თბილისი სოფელი ...ში არსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 1998 წლის 17 სექტემბრის №19275 მიღება-ჩაბარების აქტი. მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ც. მ-ის მიწის ნაკვეთს ორი პარალელური მხრიდან ესაზღვრებოდა გზა, ხოლო დანარჩენი ორი პარალელური მხრიდან მიწის ნაკვეთები, მათ შორის ნაკვეთი №197, რომელიც ეკუთვნის დ. მ-ეს. ამავე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ც. მ-ის მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა (ტ.1, ს.ფ. 145-146). აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ამჟამად რეგისტრირებულია მ. ი-ის სახელზე.
1997 წლის 16 ნოემბერს ,,ს...ის” მიერ დ. მ-ის სახელზე გაიცა №16417 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დ. მ-ეს გადაეცა ...ში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (№197). აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართული სქემატური გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთზე იდგა შენობა-ნაგებობა (მშენებარე). დ. მ-ის მიწის ნაკვეთს ორი პარალელური მხრიდან ესაზღვრებოდა გზა, ხოლო დანარჩენი ორი პარალელური მხრიდან მიწის ნაკვეთები, მათ შორის ნაკვეთი №198, რომელიც ეკუთვნოდა ც. მ-ეს.
2007 წლის 28 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. მ-ის განცხადება და მის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სოფელ ...ში არსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ №...). ამონაწერისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დ. მ-ის მიერ 2007 წლის 21 ნოემბერს წარდგენილ განცხადებაზე თანდართული შპს „გიალის“ მიერ 2007 წლის 19 ნოემბერს შესრულებული აზომვითი ნახაზის თანახმად, დ. მ-ის საკუთრებაში მყოფ 600 მ2 მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ერთი - 72მ2 შენობა-ნაგებობა. 2007 წლის 28 ნოემბერს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 1997 წლის 16 ნოემბრის №16417 მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.1, ს.ფ. 194-208).
მითითებულ პერიოდში მოქმედი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით სხვა რამ არ დგინდება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა დგინდება საკადასტრო აზომვითი ნახაზით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებითა და საკადასტრო აზომვითი ნახაზებით უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ როგორც ც. მ-ის (რომელიც ამჟამად მ. ი-ის საკუთრებას წარმოადგენს), ისე დ. მ-ისათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი (თითოეულ მიწის ნაკვეთზე ერთი შენობა-ნაგებობა).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ, კანონიერ ძალაში შესულ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებაზე (მოსარჩელე – ც. მ-ე; მოპასუხე – სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური“; თანამოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიურო; თანამოპასუხე - მ. ი-ი; სასარჩელო მოთხოვნა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის“ 2014 წლის 21 მარტის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის“ 2014 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის შესახებ; 3. ბათილად იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2010 წლის 11 თებერვლის №01/01-43/10-235 განკარგულება; 4. ბათილად იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის პოლიციელის რ. გ-ას 2014 წლის 10 მაისის № A 14034280004/001 გაფრთხილება), რომლის თანახმადაც, ც. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ც. მ-ის სარჩელის ძირითად მოტივს წარმოადგენდა სწორედ ის გარემოება, რომ მას საკუთრებაში გააჩნდა მხოლოდ მიწის ნაკვეთი და მ. ი-ისათვის გადაცემული საცხოვრებელი სახლი მისი შვილის - დ. მ-ის საკუთრებას წარმოადგენდა და შენობა-ნაგებობა განთავსებული იყო სწორედ დ. მ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ც. მ-ის სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და დადასტურდა ის გარემოება, რომ ც. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის-ნაკვეთზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებით დადასტურებულია თითოეულ მიწის ნაკვეთზე თითო შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი, 2007 წლის 19 ნოემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით დ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მხოლოდ ერთი შენობა ნაგებობა, ასევე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულია ც. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი, დ. მ-ის მოთხოვნა სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე ცალსახად უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და
საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დ. მ-ის წარმომადგენელს დ. ვ-ს საკასაციო საჩივარზე 24/08/2020 წ. საგადახდო დავალება №...-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. დ. მ-ის წარმომადგენელს დ. ვ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24/08/2020 წ. საგადახდო დავალება №...-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე