საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
# 11-კოლ 13 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს პროკურორ ა. წ-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 28 ნოემბრის განაჩენით გ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით, ხოლო მე-19, 109-ე მუხლის `ა”, `კ~ ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით გ. ბ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
2001 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 17 საათზე, გ. ბ. `ურალის~ მარკის ა/მანქანით, რომელსაც თვითონ მართავდა, რ. გ-სთან ერთად მოძრაობდა ადიგენი-ახალციხის გზატკეცილზე. სოფ. უდისა და ენთელის გადასახვევთან მან შენიშნა ზ. ჭ., რომელსაც ვ. მ-ს ცხენი მიჰყავდა. ვ. მ-ს გ. ბ-საგან დიდი ხნის წინ წაღებული ჰქონდა უნაგირი და აჭიანურებდა მის დაბრუნებას. ამ მოტივით გ. ბ-მ ზ. ჭ-ს უთხრა, რომ ცხენი სოფ. შ-ში, მისი სიდედრის სახლში მიეყვანა, ხოლო ვ. მ-სათვის ეთქვა, რომ ცხენს მხოლოდ უნაგირის მიტანის შემდეგ დაუბრუნებდა. მათ საუბარში ჩაერია იქვე მყოფი ვ. მ-ს ნაცნობი გ. ბ., რომელიც შვილთან _ თ. ბ-სთან ერთად ცხენების გასაყიდად ქ. ახალციხეში მიდიოდა. მან გ. ბ-ს ჰკითხა, რატომ მიჰყავდა ვ. მ-ს ცხენი, რის გამოც გ. ბ-მ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა _ ხელი გაარტყა და უთხრა, მათ საქმეში არ ჩარეულიყო, რის შემდეგ გ. ბ-ს ზურგი შეაქცია და ზ. ჭ-სთან საუბარი გააგრძელა. გ. ბ-ს მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გ. ბ-მ შურისძიების მოტივით განიზრახა მისი მოკვლა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გ. ბ., აცნობიერებდა რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა იგი, ზურგიდან მიეპარა გ. ბ-ს და დანა ჩაარტყა კისრის არეში, დაუზიანა საძილე არტერია, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. მოულოდნელი თავდასხმით გაოგნებულმა გ. ბ-მ საშველად იქვე მდგარ რ. გ-ს დაუძახა, რომელიც მივიდა გ. ბ-სთან და შეეცადა მისთვის სისხლდენის შეჩერებას. გ. ბ-მ, დარწმუნებულმა იმაში, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილში მიყენებული ჭრილობის შედეგად გ. ბ-ს სიკვდილი გარდაუვალად დადგებოდა, განიზრახა რ. გ-ს მოკვლაც და როდესაც რ. გ. ცდილობდა გ. ბ-სათვის სისხლდენის შეჩერებას, გ. ბ. მასაც ზურგიდან მიეპარა და უმოტივოდ, ე.ი. ხულიგნური ქვენაგრძნობით, განზრახ მოკვლის მიზნით, კისრის არეში მოუქნია დანა. ამ დროს რ. გ. უნებლიედ შეტრიალდა და დაინახა, რომ გ. ბ. ზემოთ აღმართული მარჯვენა ხელით დანის დარტყმას უპირებდა კისერში, იგი მარცხენა ხელით შეეცადა დანის დაჭერას. თავდასხმის მოგერიების დროს რ. გ-ს მარცხენა ხელის ორი თითი გაეჭრა. გ. ბ-მ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სისრულეში ვერ მოიყვანა რა რ. გ-ს მოკვლის განზრახვა, განმეორებით მოუქნია დანა რ. გ-ს მუცლის არეში, რაც მის მიერ ასევე მოგერიებულ იქნა, რა დროსაც რ. გ-ს მესამე თითიც გაუჭრა. რ. გ-მ გ. ბ-ს დაუჭირა დანიანი ხელი და როდესაც ცდილობდა მის განიარაღებას, გ. ბ-მ დაუძახა, რომ ცუდად იყო და მიხმარებოდა. რ. გ-მ დაინახა, რომ გ. ბ. იქცეოდა, ხელი გაუშვა გ. ბ-ს და მივიდა დაჭრილ გ. ბ-სთან. გ. ბ-მ ისარგებლა ამ მდგომარეობით და თავის შვილთან _ თ. ბ-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად იგი იმავე დღეს იქნა დაკავებული ადიგენის შს განყოფილების თანამშრომლების მიერ.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. ბ. ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ გარდაცვლილმა გ. ბ-მ შემთხვევის მომენტში უმოწყალოდ სცემა და წააქცია. გ. ბ. ცდილობდა ყელში წაჭერით მის დახრჩობას. გადარჩენისა და მოგერიების მიზნით, იგი იძულებული იყო ეხმარა დანა.
პროკურორი ა. წ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელმეორედ განხილვას იმ მოტივით, რომ სასამართლომ გააყალბა სხდომის ოქმი. მისი განმარტებით, დაზარალებულ რ. გ-ეს ჩვენებებში არსად მიუთითებია, რომ გ. ბ-მ მსჯავრდებულს ხელი გაარტყა. რ. გ-ს ჩვენება არ არის დაფიქსირებული სხდომის ოქმში, აღნიშნულზე შეიტანა შენიშვნები, მაგრამ სასამართლომ იგი არ გაიზიარა. მისი აზრით, განაჩენი ემყარება რ. გ-ს გაყალბებულ ჩვენებას, რომელიც სასამართლომ გამოიყენა მსჯავრდებულის მიმართ დანაშაულის კვალიფიკაციის უკანონოდ შეცვლისათვის. პროკურორის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობის არსებით დარღვევას და იგი განაჩენის გაუქმების საფუძველია.
განაჩენის გაუქმებასთან ერთად პროკურორი ითხოვს სასამართლოს 2002 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი სასამართლოს სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანის შესახებ.
დაზარალებულმა რ. გ-მ მხარი დაუჭირა პროკურორის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომის ოქმში არასწორად არის დაფიქსირებული მისი ჩვენება. მას სასამართლოში დაკითხვისას არ განუცხადებია, რომ: `ბ-ემ ხელი დაარტყა მკერდში გ. ბ-ს~. სწორია მისი ჩვენება, რომ ბ-ს გ. ბ-სათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
დაზარალებულმა გ. ბ-მ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
ადვოკატებმა ნ. მ-მ და ნ. ხ-მ, მსჯავრდებულ გ. ბ-სთან შეთანხმებით, მოითხოვეს განაჩენის შეცვლა იმ მიმართებით, რომ რ. გ-ს მკვლელობის მცდელობის ეპიზოდში განაჩენი გაუქმდეს იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულმა მას გაუფრთხილებლობით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. რაც შეეხება სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს, ადვოკატებს იგი მიაჩნიათ მეტისმეტად მკაცრად და ითხოვენ მის შემსუბუქებას, მსჯავრდებულის პიროვნების და თავისი ასაკის გათვალისწინებით. მსჯავრდებული გ. ბ. ეთანხმება თავისი ადვოკატების მოთხოვნას და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-მ პროკურორ ა. წ-ს საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ წანასწარი და სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ანალიზით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ. ბ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, როდესაც დადგენილად მიიჩნია, რომ მან ურთიერთშელაპარაკებისა და კამათის დროს, შურისძიების მოტივით, დანის დაარტყმით განზრახ მოკლა გ. ბ. და ხულიგნური ქვენაგრძნობით შეეცადა რ. გ-ს განზრახ მკვლელობას, რაც ვერ მოიყვანა სისრულეში, ამ უკანასკნელის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო.
მსჯავრდებულ გ. ბ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებები სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 108-ე და 109-ე მუხლის `ა~ და `კ~ ქვეპუნქტებით და სასჯელიც განსაზღვრული აქვს იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.
საკასაციო პალატა ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს შემდეგი მითითება: `გ. ბ-მ მას (გ. ბ-ს) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა _ ხელი გაარტყა~, რადგან საქმის მასალებით უტყუარად არ არის დადგენილი ამჟამად გარდაცვლილ გ. ბ-ს მიერ მსჯავრდებულისათვის ხელის გარტყმის ფაქტი.
განაჩენი გ. ბ-ს მიმართ დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის და, ამდენად, საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 28 ნოემბრის განაჩენი გ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.