საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 25-კოლ 25 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურორის, სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებლის გ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 13 იანვრის განაჩენზე, რომლითაც გ. ბ. ცნობილ იქნა გამართლებულად საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით გ. ბ-ს ბრალი ედება იმაში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა.
გ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ. ბ. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის კომუნალურ-საექსპლუატაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მას მინიჭებული ჰქონდა სამხედრო წოდება “ვიცე-პოლკოვნიკი”. საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდების შესაბამისად, გ. ბ-ს, როგორც მოხელეს, სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაცემული ჰქონდა ეროვნული აკადემიის კომუნალურ-საექსპლუატაციო სამსახურის საწყობი, სადაც ინახებოდა აკადემიის კუთვნილი მატერიალური საშუალებები _ სხვადასხვა დანიშნულების ნივთები და საგნები.
აღნიშნული საწყობი განლაგებული იყო აკადემიის ტერიტორიაზე, ერთსართულიან შენობაში, რომლის შესასვლელში ჩამონტაჟებული იყო ორფრთიანი, რკინის ჟალუზებიანი კარები; კარები იკეტებოდა ერთი ბოქლომით, რაზეც ედებოდა ¹15 ლუქი. გასაღები და ლუქი ინახებოდა ბ-სთან.
2001წ. 17 ოქტომბერს, დაახლოებით 16.30 საათზე, საწყობის დათვალიერების შემდეგ, გ. ბ-მ წესდების დაცვით დაკეტა საწყობი და დალუქა ¹15 ლუქით. 2001წ. 19 ოქტომბერს სათანადო წესების დაცვით მან გახსნა ბოქლომი, ლუქი და შევიდა საწყობში აკადემიის რიგით ჯარისკაც ს. ა-თან ერთად და აღმოაჩინა, რომ საწყობიდან ფარული გზით გატაცებული იყო აკადემიის კუთვნილი ქონება, კერძოდ, თეთრი და რუხი ფერის საღებავები, წყალემულსია და ავტომატური გამთიშველები. აღნიშნულის შესახებ გ. ბ-მ აცნობა ხელმძღვანელობას. დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ საწყობის ორფრთიანი, ჟალუზებიანი კარები ქვემოდან ზევით ხელის მიწოლით ამოდიოდა ანჯამებიდან ე.წ. “პეტლებიდან” კლიტისა და ლუქის დაუზიანებლად, რაც ქმნიდა საწყობში დაუბრკოლებლად შესვლის საშუალებას.
ვიცე-პოლკოვნიკმა გ. ბ-მ, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 1994წ. 19 აგვისტოს დამტკიცებული დროებითი დებულების _ “სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის გამო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ” _ მიხედვით სახელშეკრულებო საფუძველზე დაეკისრა მატერიალური პასუხისმგებლობა და რომელსაც, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 2 სექტემბრის ¹295 ბრძანებულებით მიღებული საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდების შესაბამისად, როგორც მოხელეს და როგორც აღნიშნული საწყობის უფროსს, ევალებოდა მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს მატერიალური და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, მათი სწორად შენახვა, მოვლა-პატრონობა და მიზნობრივად ხარჯვა, დაარღვია დასახელებული წესდებით გათვალისწინებული ნორმები, კერძოდ, არ უზრუნველყო საწყობის უსაფრთხოება, არ გაამაგრა საწყობში შესასვლელი ლითონის ორფრთიანი, ჟალუზებიანი კარები, რომელიც ქვემოდან ზევით ხელის მიწოლით ამოდიოდა სამაგრებიდან (ე.წ. “პეტლებიდან”) კლიტისა და ლუქის დაუზიანებლად, რითაც შეიქმნა საწყობში შეღწევისა და იქიდან აკადემიის კუთვნილი ქონების ფარული გზით გატაცების შესაძლებლობა.
გ. ბ-ს მიერ გამოჩენილმა სამსახურებრივმა გულგრილობამ, რაც გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა და არაჯეროვან შესრულებაში, გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, კერძოდ, ეროვნული აკადემიის კუთვნილი 1668,5 ლარის ღირებულების ქონების ფარული გატაცება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 13 იანვრის განაჩენით გ. ბ. გამართლებულ იქნა წარდგენილ ბრალდებაში.
საკასაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა, თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურორის თანაშემწე გ. ს-მა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მიიჩნია უკანონოდ და მიუთითა შემდეგ არგუმენტებზე:
გ. ბ., თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო უზრუნველეყო საწყობის სათანადო მოვლა-პატრონობა, რაშიც იგულისხმება, რომ მას ევალებოდა მიეღო ზომები საწყობის უსაფრთხოებისათვის (კარების დადუღება, დამატებითი კარების დაყენება და სხვა).
საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს აგრეთვე 2001წ. 26 ოქტომბრის აქტზე, რომელსაც გ. ბ. ხელს აწერს, როგორც მატერიალური საშუალებების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი. ასეთ ვითარებაში საჩივარი არასწორად მიიჩნევს გ. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რის გამოც ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილ შესაგებელში ადვოკატი ო. ღ.ი აღნიშნავს, რომ სამსჯავრო გამოძიების პროცესში არ დადასტურდა გ. ბ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არც ერთი ფაქტი, არც ერთი მტკიცებულება და გარემოება, რის გამოც სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
ადვოკატის აზრით, თავად საკასაციო საჩივარიც ვერ უთითებს და ვერ აბათილებს გამამართლებელი განაჩენის დებულებებსა და მტკიცებულებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა იშუამდგომლა გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ, რასაც მხარი დაუჭირა გ. ბ-მაც.
პროკურორმა გ. ს-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ გამამართლებელი განაჩენი გ. ბ-ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ბ. ასრულებდა კომუნალური და საექსპლუატაციო სამსახურის უფროსის მოვალეობას, რამდენადაც საწყობის უფროსის საშტატო განაკვეთი შემცირებულ იქნა. გ. ბ., მხოლოდ და მხოლოდ სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ასრულებდა საწყობის უფროსის ფუნქციებსაც.
გ. ბ-მ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ რამდენადაც სამსახურებრივად აუცილებელი იყო ვინმეს საწყობის უფროსის ფუნქცია შეესრულებინა, მან თავი დაიტვირთაAდა უსასყიდლოდ, თავის ძირითად საქმესთან დამატებით შეითავსა ეს მოვალეობა.
აღსანიშნავია, რომ ეს მისთვის არ დაუვალებია ხელმძღვანელობას და საქმის მასალებშიც არსად მოიპოვება ამასთან დაკავშირებით არც წერილობითი ბრძანება და არც სხვა რაიმე სახის ადმინისტრაციული განკარგულება.
სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილ იქნა ეროვნული აკადემიის სხვადასხვა სამსახურის, მათ შორის, კომუნალურ-საექსპლუატაციო სამსახურის და საწყობის უფროსის ფუნქციურ მოვალეობათა შემცველი დებულებები.
როგორც ამ დებულებათა შინაარსიდან ირკვევა, მათში ნათლადაა ასახული კომუნალური სამსახურის უფროსის სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი. სახელდობრ, კომუნალური სამსახურის უფროსი მოვალეა კვარტალში ერთხელ შეამოწმოს “ქვედანაყოფებსა და საწყობებში ქონების არსებობა და მდგომარეობა”, საწყობის უფროსი კი მოვალეა ,,საწყობის დაკეტვისას გულმოდგინედ შეამოწმოს, მთელია თუ არა კედლები, სახელური, კარ-ფანჯარა, ხომ არ დაუზიანებიათ საკეტები და პლომბები”.
გამოძიებამ გააიგივა რა საწყობის უფროსის და კომუნალური სამსახურის უფროსის მოვალეობები, ბრალი დასდო გ. ბ-ს ისეთ ქმედებაში, რაც არ შედიოდა მის მოვალეობაში. გამოძიებამ საერთოდ არ გაითვალისწინა ის, რომ გ. ბ. სათანადო ბრძანების ან განკარგულების არარსებობის ვითარებაში, რაზეც ზემოთ იყო საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას ზოგჯერ უხდებოდა საშტატო ერთეულის შემცირების გამო საწყობის უფროსის მოვალეობის შესრულება, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო საწყობის უფროსად. ბრალდება ამასთან მიმართებაში არასწორად მიიჩნევს, რომ რადგან გ. ბ. ხელშეკრულების საფუძველზე გახდა სამხედრო მოსამსახურე და შეითავსა საწყობის უფროსის მოვალეობა, იგი უკვე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი გახდა. ამ პოზიციის დასადასტურებლად ბრალდება იშველიებს ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მეორე მუხლს.
საკასაციო პალატა სრულიად ეთანხმება სასამართლო კოლეგიას, როდესაც ამ უკანასკნელმა არ გაიზიარა ზემოთ მითითებული არგუმენტი. სწორია მისი მითითება, რომ ბ. არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მატერიალურად პასუხისმგებელ პირად, რამდენადაც ბრალდებამ ვერ წარმოადგინა რაიმე მასალა, რაც დაადასტურებდა, რომ მოპარული ქონება ბ-ს ჩაბარებული ჰქონდა, როგორც სწორედ მატერიალურად პასუხისმგებელ პირს და, აქედან გამომდინარე, პირდაპირ ევალებოდა მისი მოვლა-პატრონობა და დაცვა.
გააიგივა რა კომუნალური სამსახურის უფროსის და საწყობის უფროსის მოვალეობები, გამოძიება ბრალს სდებს გ. ბ-ს ისეთ ქმედებაში, რაც ფაქტობრივად არ შედიოდა მის მოვალეობაში. ამასთანავე, ბრალდების მხარე ყურადღებას არ აქცევს იმ გარემოებას, რომ რაიმე მოვალეობის, მოცემულ შემთხვევაში გ. ბ-ს მხრივ საწყობის უფროსის მოვალეობის ნებაყოფლობითი, რაიმე ადმინისტრაციული განკარგულების გარეშე შესრულება, არ წარმოშობს სამართლებრივ ვალდებულებებს და შედეგებს პირისათვის.
საკასაციო პალატა ეთანხმება ამ მიმართებით სასამართლო კოლეგიას იმაში, რომ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალად შერაცხვისას გამოკვეთილი უნდა იქნეს, რა არ შეასრულა ან რა შეასრულა არაჯეროვნად მოხელემ (ანუ გ. ბ-მ), მისთვის ოფიციალურად მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე.
გამოვიდა, რომ გ. ბ-., რომელმაც ფაქტობრივად ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა _ ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად შეითავსა მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის ზოგიერთი ფუნქცია _ მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ის, რომ გ. ბ. ნამდვილად არ არის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი და მას არ ევალებოდა საწყობის უსაფრთხოების დაცვა, დადასტურდა მის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით, საქმეში არსებული სამხედრო თანამდებობის პირთა უფლება _ მოვალეობის ნუსხით და სასამართლოზე დაკითხული მოწმეების განმარტებებით.
საკასაციო პალატა გამამართლებელი განაჩენის კანონიერების შეფასებისას ითვალისწინებს იმასაც, რომ სამხედრო აკადემია გარშემორტყმულია 5 მეტრი სიმაღლის ღობით, ერთ-ერთი საყარაულო საგუშაგო განლაგებულია სწორედ საწყობის გვერდით, აკადემიას ჰყავს ყარაული _ 18 საათიდან 09 საათამდე.
ასეთ ვითარებაში გ. ბ-ს სრული საფუძველი ჰქონდა ეფიქრა, რომ არასასურველი შედეგი _ საწყობის გაქურდვა _ შეუძლებელი იყო. თვით ქურდობის მეტად განსხვავებული ხერხი (კარების ანჯამებიდან ამოგდება ქვევიდან ზევით ხელის მიწოლით, ლუქის და ბოქლომის დაუზიანებლად და შემდეგ კვლავ პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება) ადასტურებს, რომ გ. ბ. ვერ გაითვალისწინებდა, რომ მოვლენების ასეთი არასპეციფიკური განვითარების გზით ვინმე შეძლებდა საწყობის გაქურდვას. სხვათა შორის, ამასვე ადასტურებს ყოფილი საწყობის უფროსის კვირკველიას ჩვენებაც.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გამამართლებელ განაჩენს საფუძვლიანად დაედო ერთ-ერთ მტკიცებად ექსპერტ კ-ის ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ მისი მისვლის დროს, ჩარჩოს თავზე კარები უკვე დადუღებული იყო, რის გამოც მან ვერ ჩაატარა ექსპერტიზა იმის დასადგენად, შესაძლებელი და რეალური იყო თუ არა კარების ანჯამებიდან ამოგდება ქვემოდან ზევით ხელის მიწოლით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სრულად გამოიკვლია და სათანადო შეფასება მისცა წინასწარ გამოძიებაში და სასამართლო სხდომაზე მოპოვებულ მტკიცებულებებს და მიიღო სწორი გადაწყვეტილება ბ-ს გამართლების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ბ-ს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის წესით დანაშაულად მიჩნეული ქმედება. ის, რომ მან წინასწარ გამოძიებაში თავი დამნაშავედ ცნო, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, მით უფრო, რომ გ. ბ-მ დამაჯერებლად ახსნა ასეთი ჩვენების მიცემის მოტივები.
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება განაჩენს ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე, რამდენადაც თანახმად სსსკ-ის 105-ე, 106-ე მუხლებისა, ექსპერტ კ-ს უფლება არ ჰქონდა, ერთსა და იმავე საქმეზე ორი სხვადასხვა ექსპერტიზა ჩაეტარებინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სწორად, კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნევს გამამართლებელ განაჩენს გ. ბ-ს მიმართ და სტოვებს მას უცვლელად, რაც შეეხება საკასაციო საჩივარს, პალატა მას არ იხილავს უსაფუძვლობის მოტივით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე, 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენი გ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.