საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 20.03.2003
საქმის ნომერი
2კ-27კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.03.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 27-კოლ 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ქ. თბილისის პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორ გ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 16 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც მას უარი ეთქვა რ. მ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლაზე.

კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს სასამართლო კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინების შეცვლას და გაცდენილი საკასაციო გასაჩივრების ვადის საპატიოდ ჩათვლას.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 26 ნოემბრის განაჩენით რ. მ. გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. რ. მ-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ მუშაობდა რა საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამმართველოს ინსპექტორად, საზღვარგარეთიდან შემოყვანილი ავტომანქანის ძველი თარიღით განბაჟების გაფორმებისათვის მოქალაქე ა. ქ-საგან აიღო ქრთამი 300 ლარის ოდენობით.

განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 2002 წლის 17 დეკემბერს, პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა გ. ა-მა მოკლე საკასაციო საჩივარი წარადგინა თბილისის საოლქო სასამართლოში, რომელშიც მიუთითა, რომ ვრცელ, დასაბუთებულ საჩივარს წარადგენდა შემდგომ. 24 დეკემბერს კი განცხადებით მიმართა საქმის განმხილველი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარეს და ითხოვა გაცდენილი საკასაციო ვადის საპატიოდ ჩათვლა.

სასამართლო კოლეგიამ პროკურორის განცხადება განიხილა რა სხდომაზე, იმის გათვალისწინებით, რომ პროკურორმა ვერ წარადგინა გაცდენილი საკასაციო ვადის საპატიოდ მიჩნევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, უარი უთხრა მას გაშვებული საკასაციო ვადის აღდგენაზე.

კერძო საკასაციო საჩივარში პროკურორი გ. ა. მიუთითებს, რომ მის მიერ რ. მ-ს მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გაცდენა განაპირობა იმან, რომ წასული იყო ყაზბეგის რაიონში, სადაც გახდა ავად და დროულად ვერ დაბრუნდა თბილისში.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-მ ითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლო კოლეგიის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოების გამო:

პროკურორმა გ. ა-მა სასამართლო კოლეგიას ვერ წარუდგინა განაჩენის საკასაციო გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადის გაცდენის ვერავითარი საპატიო მიზეზი. გამომდინარე აქედან, სასამართლო კოლეგიამ მიიღო კანონზე დამყარებული გადაწყვეტილება გაცდენილი ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, რომლის შეცვლის რაიმე საფუძველი პალატას არ გააჩნია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ გ. ავსაჯანიშვილის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 16 იანვრის განჩინება, რომლითაც პროკურორ გ. ა-ს უარი ეთქვა რ. მ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.