საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 44-დად 6 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა ქ.წყალტუბოს პროკურორის თანაშემწე ი.კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ბრალდებულ გ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ.ა-ს საჩივარი, გაუქმდა ქ.წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილის _ ა.ა-ს 2003 წლის 19 იანვრის დადგენილება ადვოკატის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სისხლის სამართლის ¹6902106 საქმეზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002 წლის 12 ოქტომბერს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის წყალტუბოს განყოფილებაში გ. ჩ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹6902106.
2002 წლის 14 ოქტომბერს გ. ჩ. ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა პასუხისგებაში, ხოლო იმავე წლის 15 ოქტომბერს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.
2003 წლის 16 იანვარს ბრალდებულ გ.ჩ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ლ.ა-მა და თ.ნ-მ გამოძიების წინაშე იშუამდგომლეს მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
ქ.წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილე ა.ა-ს 2003 წლის 19 იანვრის დადგენილებით ადვოკატებს: ლ.ა-სა და თ.ნ-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი.
აღნიშნული დადგენილება ბრალდებულ გ.ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ.ა-მა გაასაჩივრა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 თებერვლის დადგენილებით დაკმაყოფილდა ბრალდებულ გ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ.ა-ს საჩივარი, გაუქმდა ქ.წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილე ა.ა-ს 2003 წლის 19 იანვრის დადგენილება ადვოკატის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სისხლის სამართლის ¹6902106 საქმეზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
ქ.წყალტუბოს პროკურორის თანაშემწე ი.კ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ადვოკატის მიერ შუამდგომლობა შეტანილია საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით და მიმართულია გამოძიების გაჭიანურებისა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში ხელის შეშლისაკენ.
პროკურორი ე.ქ. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
ადვოკატები ლ.ა. და თ.ნ. არ ეთანხმებიან კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვენ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 73-ე მუხლით.
ამდენად, სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს დადგენილება ბრალდებულ გ.ჩ-ს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 თებერვლის დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ბრალდებულ გ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ.ა-ს საჩივარი, გაუქმდა ქ.წყალტუბოს საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილის _ ა.ა-ს 2003 წლის 19 იანვრის დადგენილება ადვოკატის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სისხლის სამართლის ¹6902106 საქმეზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დარჩეს უცვლელად.