საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 13I 1 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია
განიხილა დაინტერესებული პირის ხ. ი-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 იანვრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ს-ს, ტ. ს-ს საქალაქო სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის განაჩენით მსჯავრი დაედოთ სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სახელდობრ: თვითნებობისათვის, ე.ი. თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორცილებისათვის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
განაჩენის მიხედვით აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
1994წ. 11 იანვრიდან ხ. ი., იმყოფებოდა რა ე. ფ-სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ცხოვრობდა მამამთილის _ ვ. ფ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ქ. ქუთაისში. ფ-ს და ხ. ი-ს 1995წ. 12 იანვარს შეეძინათ ქალიშვილი _ გ. ფ.. 1995წ. აპრილიდან ხ. ი., ოჯახში შექმნილი უსიამოვნების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მამამთილის _ ვ. ფ-ს საცხოვრებელი სახლი და საცხოვრებლად გადასულიყო თავისი მშობლების ბინაში.
ქ. ქუთაისის სასამართლოს 1997წ. 25 თებერვლის ¹2/94 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ხ. ი.-ს სარჩელი მამამთილის ვ. ფ-ს საცხოვრებელი სახლის საერთო ფართში შესახლების შესახებ. 1997წ. 25 დეკემბერს აღნიშნული გადაწყვეტილება იძულების წესით მოყვანილ იქნა სისრულეში და ხ. ი. მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად შესახლებულ იქნა ვ. ფ-ს საცხოვრებელი სახლის საერთო ფართში. ვინაიდან, იმავე დღიდან ყოფილი მამამთილის ვ. ფ-ს ოჯახის წევრებმა ხ. ი-ს არ მისცეს სახლის საერთო ფართში ცხოვრების საშუალება, ეს უკანასკნელი იძულებული გახდა შვილთან ერთად საცხოვრებლად კვლავ მშობლების ბინაში დაბრუნებულიყო.
1999წ. ივნისში ვ. ფ-მ თავისი საცხოვრებელი სახლი 10500 აშშ დოლარად მიჰყიდა ცოლ-ქმარ ნ. და ტ. ს-ს და მათგან ბეს სახით თანხის ნაწილიც მიიღო. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა რა დაზარალებულ ხ. ი-სათვის, იმავე წლის ივლისში გააფრთხილა ტ. ს-ს დედა თ. ს., რომ ხსენებულ ბინაში მას სასამართლოს გადაწყვეტილებით საერთო ფართით სარგებლობის უფლება ჰქონდა და არ შეეძინათ სახლი. მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის გარიგება მაინც შედგა და 1999წ. ივნისიდან სიმსივეები გახდნენ ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მფლობელები. თანხის სრულად გადაუხდელობის გამო კი აღნიშნული სახლი კვლავ ვ. ფ-ს სახელზე ირიცხებოდა. ამ პერიოდიდან დედა-შვილმა თ. და ტ. ს-ებმა გადაწყვიტეს თვითნებურად უარი ეთქვათ ხ. ი-სათვის ბინაში შესახლებაზე და არ მიეცათ მათ მიერ შეძენილი საცხოვრებელი სახლის საერთო ფართში ცხოვრების უფლება.
2000წ. 17 ივლისს ხ. ი-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებას და ბინაში შესახლების თაობაზე დახმარება სთხოვა. 2000წ. 18 ივლისს იმავე განყოფილების საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ქ/განყოფილების უფროსი რ. გ., უბნის ინსპექტორი ვ. კ. და ქუთაისის ვაკის უბნის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ა. თ. გამოცხადდნენ ქუთაისში, ... ქუჩის ¹30-ში, სადაც მათ დახვდათ ტ. ს-ს დედა თ. ს., რომელსაც განუმარტეს რა სასამართლოს გადაწყვეტილება ამ სახლის საერთო ფართში ხ. ი-ს შესახლების თაობაზე, მოსთხოვეს ხელი არ შეეშალა გადაწყვეტილების შესრულებისათვის. თ. ს-მ შვილთან, ტ. ს-სთან, შეთანხმების თანახმად კატეგორიული უარი განაცხადა ზემოთ აღნიშნული სახლის საერთო ფართში დაზარალებულ ხ. ი-ს შესახლებაზე.
დედასთან _ თ. ს-სთან შეთანხმებისამებრ, შეძენილ ზემოაღნიშნულ ბინაში ხ. ი-ს შესახლებაზე კატეგორიული უარი განაცხადა ტ. ს-მაც, რომელმაც 2000წ. 25 ივლისს მასთან ბინის საერთო ფართში ხ. ი-ს შესახლების მოთხოვნით მისულ უბნის ინსპექტორ კ. კ-ს განუცხადა, რომ ნებას არ დართავდა ხ. ი-ს შესახლებულიყო ქუთაისში, ... მდებარე მის (ტ.ს-ს) კუთვნილ სახლში. აღნიშნულით ხ. ი-მ განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.
აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულებმა თ. და ტ. ს-ებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის საოლქო სასამართლოში. საჩივრით ისინი ითხოვდნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა რა მსჯავრდებულების სააპელაციო საჩივარი, მიიჩნია, რომ ვითარების შეცვლის გამო, თ. და ტ. ს-ების მიერ ჩადენილი ქმედება აღარ არის საშიში, რის გამოც მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტისა და მე-8 ნაწილის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო 2003წ. 22 იანვრის განჩინებით.
დაზარალებული ხ. ი. არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მისი განჩინების თაობაზე კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც იგი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 22 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
ხ. ი-ს კერძო საკასაციო საჩივართან დაკავშირებით პალატაში შემოვიდა ტ. და თ. ს-ების შესაგებელი, რომლითაც ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
საკასაციო სასამართლო სხდომაზე განხილვისას კასატორმა ხ. ი-მ მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
პროცესში მონაწილე პროკურორი ბ. გ. მხარს არ უჭერს საჩივარს და ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას.
დაინტერესებული პირი ტ. ს. მხარს არ უჭერს საჩივარს და ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 22 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, მოუსმინა რა მხარეებს და შეისწავლა საქმის მასალები, მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენსა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში წარმოდგენილ სამართლებრივ დასკვნებს თ. და ტ. ს-ების ბრალეულობის თაობაზე, ვინაიდან ასეთი დასკვნები არ შეესაბამება წინასწარი და სასამართლო გამოძიებით დადგენილLფაქტობრივ გარემოებათა სწორ შეფასებას. უდავოდაა დადგენილი ის, რომ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ხ. ი., ბავშვთან ერთად, სასამართლოს 1997წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე იმავეწ. 25 დეკემბერს იძულების წესით შესახლებულ იქნა ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც იმ დროისათვის ხ. ი-ს მამამთილის ვ. ფ-ს საკუთრებას წარმოადგენდა. იგივე სახლი 2000წ. 18 ივლისს, როდესაც ხ. ი-მ პოლიციის მუშაკთა დახმარებით მასში ხელახლა შესახლება მოინდომა, უკვე კანონიერად იყო თ. და ტ. ს-ების ფაქტობრივ მფლობელობაში ვ. ფ-სთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რის გამოც მათ მიმართ ხ. ი-ს მიერ წაყენებული მოთხოვნა შესახლების თაობაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ სახლი ჯერ კიდევ ვ. ფ-ს სახელზე ირიცხებოდა. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხ. ი-ს სადავო სახლში შესახლების თაობაზე ერთხელ უკვე აღსრულებული იყო, ხოლო ერთი და იმავე სასამართლო გადაწყვეტილების მეორედ აღსრულება კანონით შეუძლებელია.
ხ. ი-ს სარჩელით უნდა მიემართა სასამართლოსათვის ს-ებსა და ფ-ს შორის დადებული ხელშეკრულების გასაუქმებლად და ხელახლა დაეყენებინა მოთხოვნა სადავო სახლში შესახლებაზე. თუკი სასამართლო გამოიტანდა შესაბამის გადაწყვეტილებას, მხოლოდ მაშინ გაუჩნდებოდა ხ. ი-ს უფლება, მოეთხოვა შესახლება აღნიშნულ სახლში, რასაც განხილულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამრიგად, თ. და ტ. ს-ებს, როდესაც კატეგორული უარი განაცხადეს უკვე მათ კანონიერ მფლობელობაში არსებულ სახლში ხ. ი-ს შესახლებაზე, არ ჩაუდენიათ თვითნებობა, ანუ თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, ისინი მართლზომიერი გზით იცავდნენ თავიანთ ნამდვილ უფლებას მათ კანონიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან მიმართებაში და მათი მხრივ უკანონო მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმაც ხ. ი-ს ვერ მიაყენებდა მატერიალურ ან მორალურ ზიანს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თ. და ტ. ს-ების მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ამის გათვალისწინებით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რადგან ამ განჩინების გამოტანისას სასამართლომ დაუშვა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხ. ი-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 იანვრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: ტ. ს-სა და თ. ს-ს მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ტ. ს-სა და თ. ს-ს განემარტოთ თავიანთი უფლება რეაბილიტაციისა და უსაფუძვლო მსჯავრდებით მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.