საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 37-კოლ 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ზ.ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 7 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც მ. მ. სრულად იქნა რეაბილიტირებული.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. მ. 1987 წლიდან მუშაობდა შს ორგანოებში, ხოლო 1993 წლიდან _ საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანამდებობაზე.
1996წ. 1 ივლისს მ.მ. მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს და შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. იმავე წლის 2 ივლისს დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან. 1997წ. 2 სექტემბერს მ.მ-ს გურჯაანის რაიონის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუცვალა გაუსვლელობის ხელწერილით. 2002წ. 30 იანვარს საქმე განსახილველად დაექვემდებარა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც იგი დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დააბრუნა გენერალურ პროკურატურაში.
2002წ. 19 ივლისს მ. მ-ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” და “ჟ” ქვეპუნქტების საფუძველზე გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.
2002წ. 4 დეკემბერს მ.მ-მა რეაბილიტაციის შესახებ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით მ. მ. სრულად იქნა რეაბილიტირებული; მისი მოთხოვნები სისხლის სამართლწარმოების ორგანოების მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა მ.მ-ს სასარგებლოდ ადვოკატებისთვის გადახდილი ჰონორარის _ 1.000 ლარის, საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების _ 1.000 ლარისა და მორალური ზიანის _ 6.000 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამავე განჩინებით მ.მ-ს სრული რეაბილიტაციის შესახებ პუბლიკაცია უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში; ინფორმაცია მისი სრული რეაბილიტაციის შესახებ უნდა გაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროსა და კახეთის რეგიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების პირადი შემადგენლობისთვის გასაცნობად; გაზეთების: “ალიასა” და “დილის გაზეთის” რედაქციებს დაევალათ ინფორმაციის გამოქვეყნება მ.მ-ს სრული რეაბილიტაციის შესახებ; საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელობას დაევალა მ.მ-სთვის ბოდიშის მოხდა წერილობითი ფორმით. მ.მ-ს მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე დარჩა განუხილველი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ზ.ს. საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებას მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში იმ მოტივით, რომ მ.მ-მა ვერ წარადგინა ადვოკატისთვის გადახდილი თანხისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მორალური ზიანის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის ოდენობა შედაგენს 50.000 ლარს, რომელიც უნდა განაწილდეს რამდენიმე ათეულ რეაბილიტირებულ პირზე.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ნ.უ. ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
რეაბილიტირებული მ.მ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინიტროსა და გენერალურ პროკურატურას დაეკისროთ მისთვის მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება 550.000 ლარის ოდენობით.
პროკურორი ა.ს. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოთხოვნები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით მ. მ. სრულად იქნა რეაბილიტირებული და იმის გამო, რომ მას სისხლის სამართლწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიადგა ქონებრივი და მორალური ზიანი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად _ 2.000 და 6.000 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს ფინანსთა სამინისტროსთვის არ უნდა დაეკისრებინა მ.მ-ს მიერ ადვოკატებისთვის გადახდილი ჰონორარისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები, რადგანაც მან ვერ წარმოადგინა აღნიშნული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ.მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება გრძელდებოდა 6 წლის განმავლობაში, სამართლწარმოება ხორციელდებოდა როგორც ქ.თბილისში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მ.მ-ს ინტერესებს საქმის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე იცავდა ორი ადვოკატი, ამ ხნის მანძილზე მას უდავოდ მოუწევდა აუცილებელი ხარჯების გაწევა როგორც საქმის წარმოების, ასევე ადვოკატთა მომსახურებისათვის. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სამართლიანად დააკმაყოფილა რეაბილიტირებულის მოთხოვნა აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და თანხის ოდენობაც შესაბამისად განუსაზღვრა.
ასევე, მ.მ-სთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა სახელმწიფოს მძიმე ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა, კერძოდ, ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში რეაბილიტირებულ პირთათვის განკუთვნილი თანხის ოდენობა შეადგენს მხოლოდ 50.000 ლარს, რაც ყველა რეაბილიტირებულზე უნდა განაწილდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მოთხოვნა მორალური ზიანისთვის დაკისრებული თანხის შემცირების, ასევე თავად რეაბილიტირებული პირის მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის გაზრდის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 7 თებერვლის განჩინება მ. მ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 7 თებერვლის განჩინება მ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.