საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 10.04.2003
საქმის ნომერი
2კ-51დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.04.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 51-დად 10 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ. ძ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 იანვრის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის პროკურატურის 2001წ. 28 დეკემბრის დადგენილება ნ. ნ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე და საქმის მასალები გადაეგზავნა თბილისის პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 8 ოქტომბერს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქ. თბილისში ... მდებარე სამორინე “ფლამინგოზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე.

გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2001წ. 7 ოქტომბერს კ. ს-მ, ზ. კ-მ, ლ. ფ-მ და გამოძიებით დაუდგენელმა ვინმე “მუტრუკამ” წინასწარი შეთანხმებით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ ქ. თბილისში, ... მდებარე სამორინე “ფლამინგოს”.

2001წ. 8 ოქტომბერს, დაახლოებით 00 საათსა და 30 წუთზე, ზემოთ მითითებულმა პირებმა, შეიარაღებულებმა და სახეზე ნიღაბაფარებულებმა, შეაღწიეს სამორინეში და მოითხოვეს ფული. კაზინოს შენობაში შესვლისთანავე ზ. კ-მ მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლა და დაჭრა სამორინეში მყოფი პოლიციის რიგითი ნ. ნ., რომელმაც ბოროტმოქმედებს გაუწია წინააღმდეგობა და მასზე გაპიროვნებული “მაკაროვის” სისტემის იარაღიდან ერთი გასროლით მუცლის არეში დაჭრა ზ. კ.. ბოროტმოქმედები წააწყდნენ რა წინააღმდეგობას, გაიქცნენ. შემთხვევის ადგილიდან გაიქცა ასევე დაჭრილი კ-ც, მაგრამ იგი ფ-სა და ს-სთან ერთად დააკავეს კაზინოს მიმდებარე ტერიტორიაზე და მოათავსეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა 10 ოქტომბერს.

2001წ. 21 ოქტომბერს ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორმა გ. ძ-მ გამოიტანა დადგენილება ნ. ნ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის შესახებ _ მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო, ხოლო ზ. კ-ს მიმართ _ მისი გარდაცვალების გამო. ნ. ნ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მასზე, როგორც პოლიციის მუშაკზე, ზ. კ-ს მხრიდან თავდასხმა იყო რეალური და უქმნიდა მის სიცოცხლეს მოსპობის საფრთხეს _ ნ. ნ. იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ამდენად, იგი არ მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ფ-ს, კ. ს-ს და გამოძიებით დაუდგენელი ვინმე “მუტრუკას” მიმართ კი საქმე ქვემდებარეობით შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად გაეგზავნა თბილისის საგამოძიებო სამმართველოს, 2002წ. 19 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოცემულ საქმეზე დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი.

2002წ. 21 მაისს გარდაცვლილ ზ. კ-ს დედამ ზ. კ-მ საჩივრით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისის პროკურატურის 2001წ. 28 დეკემბრის სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილების გაუქმება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 29 ივლისის დადგენილებით დააკმაყოფილა ზ. კ-ს საჩივარი, გააუქმა დადგენილება ნ. ნ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გაეგზავნა ქ. თბილისის პროკურატურას.

ქ. თბილისის პროკურატურის კერძო საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, 2002წ. 26 სექტემბრის განჩინებით გააუქმა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ივლისის დადგენილება და კაპანაძის საჩივარი არსებითი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს. განჩინებით სასამართლოს დადგენილების გაუქმებას საფუძვლად დაედო სასამართლოში ზ. კ-ს საჩივრის განხილვა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევებით.

დიდუბუ-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ ხელმეორედ განიხილა ზ. კ-ს საჩივარი და 2003წ. 27 იანვრის დადგენილებით გააუქმა ქ. თბილისის პროკურატურის 2001წ. 28 დეკემბრის დადგენილება ნ. ნ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ნაწილში და მასალები გადაუგზავნა ქ. თბილისის პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.

კერძო საკასაციო საჩივარში თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორი გ. ძ. ითხოვს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 იანვრის დადგენილების გაუქმებას და ნ. ნ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ თბილისის პროკურატურის 2001წ. 28 დეკემბრის დადგენილების უცვლელად დატოვებას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ ნ. ნ. იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მოქმედებდა მართლზომიერად. ამდენად, პროკურორი მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად საფუძვლიანად არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ძ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. კ-ს საჩივარი საფუძვლიანია. სახელდობრ, სწორია საჩივრის მოტივები იმასთან დაკავშირებით, რომ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული მისი შვილის სიკვდილის გარემოებები. ამ მიმართებით სწორია სასამართლოს განჩინების მითითება, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო არა მხოლოდ კაზინო “ფლამინგოზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, არამედ ამ ყაჩაღური თავდასხმის დროს ზ. კ-ს მკვლელობის ფაქტზეც. აღნიშნული გამომდინარეობს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან, რის თანახმადაც დანაშაულის ნიშნების არსებობისას ყველა შემთხვევაში მოკვლევის ორგანო, პროკურორის თანხმობით, გამომძიებელი, პროკურორი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან აღძრან სისხლის სამართლის საქმე.

ამდენად, საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება კანონს, იგი საფუძვლიანია ამ მიმართებით და უნდა დაკმაყოფილდეს.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმეზე უნდა ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 იანვრის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის პროკურატურის 2001წ. 28 დეკემბრის დადგენილება ნ. ნ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე და საქმის მასალები გადაეგზავნა თბილისის პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.