განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 01.04.2003
საქმის ნომერი
2კ-60აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.04.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 60-აპ 1 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ნოემბრის განაჩენით ჯ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” და “ე” ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით _ 2 წლითა და 6 თვით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განაჩენით ქობულეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი ჯ.ვ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით ჯ.ვ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, კულტივირება და მოყვანა მაშინ, როცა მას წინათ ჩადენილი ჰქონდა კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და არაერთგზის შენახვა, მაშინ, როცა მას წინათ ჩადენილი ჰქონდა კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში: 2000წ. 7 ივლისს ჯ.ვ. გაასამართლა ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ და სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (1960წ. კოდექსი) და სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. ამის შემდეგ ჯ.ვ-მ კვლავ ჩაიდინა დანაშაული. კერძოდ, 2002წ. გაზაფხულზე თავის საკარმიდამო ნაკვეთში უკანონოდ დათესა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფი”, გაუკეთა კულტივირება, რის შედეგადაც მოიყვანა ერთი ძირი კანაფი. 2002წ. სექტემბრის თვეში აღნიშნული კანაფისგან არაერთგზის დაამზადა ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, რომლის ნაწილი თვითონ მოიხმარა, ხოლო ნაწილი, 5,974 გრამის ოდენობით, 2002წ. 24 სექტემბერს პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს ჯ.ვ-ს საცხოვრებელ სახლთან არსებულ ფეხსაცმლის შემკეთებელი სახელოსნოდან.

მსჯავრდებული ჯ.ვ. საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებას და სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მისი ოჯახი იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი მეუღლე.

პროკურორი ა.ს. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ჯ.ვ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002წ. გაზაფხულზე ჯ.ვ-მ თავის საკარმიდამო ნაკვეთში უკანონოდ დათესა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფი” და გაუკეთა კულტივირება, რის შედეგადაც მოიყვანა ერთი ძირი კანაფი. 2002წ. სექტემბრის თვეში აღნიშნული კანაფისგან არაერთგზის დაამზადა ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, რომლისგანაც ნაწილი თვითონ მოიხმარა, ხოლო ნაწილი, 5,974 გრამი, პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს ჯ.ვ-ს საცხოვრებელ სახლთან არსებულ ფეხსაცმლის შემკეთებელი სახელოსნოდან.

სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ ჯ.ვ. ადრე ნასამართლევია სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960წ. კოდექსი), მისი ქმედება დააკვალიფიცირა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” (არაერთგზისობა) და “ე” (დანაშაულის ჩადენა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) ქვეპუნქტებითა და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული).

საქმის მასალების მიხედვით გაურკვეველია, კონკრეტულად რა ქმედებებისთვის არის ჯ.ვ. ადრე ნასამართლევი. როგორც მისი ეჭვმიტანილად დაკითხვის ოქმიდან, ბრალდებულის სახითYპასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებიდან და სასამართლოში მიცემული ჩვენებებიდან ირკვევა, იგი ადრე ნასამართლევია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ჯ.ვ-ს ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით სწორად არის დაკვალიფიცირებული, ხოლო რაც შეეხება 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტს, უნდა ამოერიცხოს, როგორც ზედმეტად წარდგენილი. ამასთან, იმის გამო, რომ ჯ.ვ. ადრე გასამართლებულია სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960წ. კოდექსი) ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, რასაც ამჟამად მოიცავს მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლი, რომლითაც ის ამ განაჩენითაა მსჯავრდებული, ჯ.ვერულიძის ქმედება სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ჯ.ვ-ს სსკ-ის 260-ე და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი ამოერიცხა, მის მიერ დამზადებული ნარკოტიკული საშუალება მიეკუთვნება მცირე ოდენობას, მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი და მეუღლე, არის ოჯახის ერთადაერთი მარჩენალი, მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 55-ე მუხლი, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტითYგათვალისწინებული დანაშაულისათვის დაენიშნოს ამ მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი და შეეფარდოს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ჯ.ვ-ს საბოლოოდ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით, უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ჯ. ვ-ს ამოერიცხოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ჯ.ვ-ს ქმედება სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს 265-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და შეეფარდოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯ. ვ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.