განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 85-აპ 22 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის განაჩენი ზ. ბ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის განაჩენით ზ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000წ. 23 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის განაჩენით გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ზ. ბ-ს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით “გ” ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს _ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას _ დაემატა სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2001წ. 3 სექტემბრიდან. განაჩენით ზ. ბ-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ იგი ნასამართლევი იყო რა ქურდობისათვის, 2001წ. 22 ივლისს კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული და სხვა პირთან წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით თბილისში მცხოვრებ მ. ბ-ს ფარულად გასტაცა 800 ლარის ღირებულების ნივთები, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. ბ. ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას მისთვის განსაზღვრული სასჯელისათვის არ უნდა დაემატებინა სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე, ვინაიდან ამ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე იგი გათავისუფლდა პრეზიდენტის შეწყალებით.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი ა. ს. ეთანხმება საკასაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით ზ. ბ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, მისი სამართლებრივი შეფასება სწორია.
ამასთან ერთად, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზ. ბ-ს მიმართ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს _ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას არასწორად დაუმატა სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000წ. 23 მაისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე, რის გამოც ამ ნაწილში განაჩენი უნდა შეიცვალოს.
როგორც საქმიდან ირკვევა, სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000წ. 23 მაისის განაჩენით ზ. ბ-ს საქართველოს 1960წ. სსკ-ს 92-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2001წ. 3 აპრილს პრეზიდენტის შეწყალებით იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან და მოუხდელი სასჯელი _ 1 წელი და 6 თვე _ შეეცვალა პირობითი მსჯავრით, იმავე ზომით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
მართალია, ზ. ბ-მ განაჩენით შერაცხული დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს ზ. ბ-სათვის დანიშნული სასჯელისათვის არ უნდა დაემატებინა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე, ვინაიდან სისხლის სამართლის კანონმდებლობა შეწყალების წესით განთავისუფლების შემთხვევაში, არ ითვალისწინებს მოუხდელი სასჯელის დამატებას.
პალატა თვლის, რომ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს ზ. ბ-ს მიმართ სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000წ. 23 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის _ 6 თვის დამატება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 561-ე და 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის განაჩენი ზ. ბ-ს მიმართ შეიცვალოს.
განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000წ. 23 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის _ 6 თვის დამატების შესახებ.
ზ. ბ-ს მოსახდელად დაეტოვოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის “გ” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.