საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 21.05.2003
საქმის ნომერი
2კ-26კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.05.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 26-კოლ 21 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულების: მ. ფ-ს, დ. ბ-ს, თ. ჯ-ს, გ. ი-ს, დ. კ-ს, დ. ნ-ს, გ. გ-ს, პ. პ-სა და ბ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 28 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

სასამართლო კოლეგიის აღნიშნული განაჩენის მიხედვით მსჯავრდებულებს: მ. ფ-ს, დ. ნ-ს, დ. კ-ს, დ. ბ-ს, თ. ჯ-ს, პ. პ-ს, გ. გ-ს, ბ. ჩ-ს და გ. ი--ს ბრალი ედებათ იმაში, რომ მ. ფ-მ, დ. ნ-მ, დ. კ-მ, დ. ბ-მ და თ. ჯ-მ ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებზე თავდასხმის მიზნით შექმნეს მყარი შეიარაღებული ჯგუფები (ბანდა). მონაწილეობა მიიღეს ასეთ ჯგუფში (ბანდაში), აგრეთვე მათ მიერ მოწყობილ თავდასხმებში, რა დროსაც ჩაიდინეს: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში, სადგომსა და სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით.

ამავე დროს მ. ფ-ემ, დ. ნ-მ, დ. ბ-მ და ბ. ჩ-მა იგივე ქმედება არაერთგზის ჩაიდინეს სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რასაც მოიცავს ბანდიტიზმი.

თავის მხრივ, მ. ფ-მ დამამძიმებელ გარემოებაში ანგარებითა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩაიდინა განზრახ ორი და მეტი პირის მკვლელობის მცდელობა, რა დროსაც ერთი პირის მკვლელობა მოიყვანა სისრულეში, ხოლო დანარჩენების მოკვლის განზრახვა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი.

თავის მხრივ, დ. ნ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და გადაზიდვა, ასევე _ არაქონებრივი ხასიათის დოკუმენტის გატაცება.

დ. ბ-მ ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობა, ე. ი. განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა უშუალოდ იყო მიმართული ანგარებით სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, მიმართული ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

ბ. ჩ-მა ჩაიდინა ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, არაერთგზის, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულთ; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, აგრეთვე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით ძალადობითა და ძალადობის მუქარით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, ასევე _ გაუპატიურება, ე.ი. სქესობრივი კავშირი ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

პ. პ-მ და გ. გ-მ ჩაიდინეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა;

_ ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით;

_ განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით.

გ. ი-მა ჩაიდინა:

_ ქურდობა, ე.ი. სხვისი ქონების ფარულად გატაცება, სადგომში შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს; _ ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინაააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით. მოქალაქის კუთვნილი პირადი არაქონებრივი ხასიათის დოკუმენტის გატაცება; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

აღნიშნული ქმედებები მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს 1997-2000 წლებში სხვადასხვა პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებათა წინააღმდეგ.

ჩადენილი ქმედებებისათვის სასამართლო კოლეგიის 2002წ. 28 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედოთ:

მ. ფ-ს _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე მუხლითა და მე-19-109-ე მუხლის “ა”, “ზ”, “ი” და “ლ” ქვეპუნქტებით; დ. ნ-ს _ საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლითა და 109-ე მუხლის “ვ”, “ზ”, “ი” და “ლ” ქვეპუნქტებით; დ. კ-სა და თ. ჯ-ს _ საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით; დ. ბ-ს _ საქართველოს სსკ-ის მე-19-109-ე მუხლის “ი” და “ლ” ქვეპუნქტებით და 224-ე მუხლით; პ. პ-ს _ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “ვ”, “ი” და “ლ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით; გ. გ-ს _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 109-ე მუხლის “ვ” და “ლ” ქვეპუნქტებით; გ. ი-ს _ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1998წ. 18 სექტემბრის რედაქცია), 212-ე მუხლით (1960წ. 30 დეკემბრის რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; ბ. ჩარქსელიანს _ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 224-ე მუხლით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, კერძოდ, მ. ფ-ს _ 20 წლის ვადით (პირველი 5 წელი _ საპყრობილეში მოხდით); დ. ნ-ს _ 20 წლის ვადით (პირველი 5 წელი _ საპყრობილეში მოხდით); დ. კ-ს _ 17 წლის ვადით; დ. ბ-ს _ 16 წლის ვადით; თ. ჯ-ს _ 9 წლის ვადით; პ. პ-ს _ 18 წლის ვადით; გ. გ-ს _ 17 წლის ვადით; ბ. ჩ-ს _ 15 წლის ვადით და გ. ი-ს _ 7 წლის ვადით.

მსჯავრდებულები: გ. გ- და პ. პ- თავიანთი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გამართლებასა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, ხოლო მსჯავრდებულები: დ. ნ., გ. ი., დ. ბ., თ. ჯ., დ. კ., მ. ფ., ბ. ჩ. კი ითხოვენ მათ მიმართ განაჩენის შეცვლას, კერძოდ: ცალკეული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდების მოხსნასა და შემსუბუქებული ბრალდების შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

საკასაციო განხილვისას ადვოკატებმა: ვ. კ.-მ, ე. ბ-მ, ი. ჯ-მ, ს. უ-მ, ა. ს-მა, ზ. კ-მ, ი. ჭ-მ, ზ. ი-მა და ლ. ჭ-მა მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულთა საკასაციო საჩივრებს და ითხოვენ მათ დაკმაყოფილებას.

პროკურორი ე. ქ. მხარს არ უჭერს მსჯავრდებულთა საკასაციო საჩივრებს და ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულთა ბრალდების თაობაზე და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულების დ. ბ-სა და თ. ჯ-ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო სხვა მსჯავრდებულთა საკასაციო საჩივრებს უნდა ეთქვათ უარი შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულებისათვის სასამართლოს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებები რომ ნამდვილად მათ მიერაა ჩადენილი, გარდა წინასწარი გამოძიებისას მიცემული მათივე ჩვენებებისა, უტყუარადაა აგრეთვე დადასტურებული დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე შემთხვევების ადგილთა დათვალიერების ოქმებით, ამოღებული დანაშაულის იარაღებითა და სხვა ნივთმტკიცებებით, საქმეზე ჩატარებული სხვადასხვა სახის სასამართლო ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო გამოძიების სტადიებზე.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულთა მიერ თავიანთ საკასაციო საჩივრებში გამოთქმულ პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ მათი ბრალდების საქმის განხილვისას სასამართლო არ იყო ობიექტური და მიუკერძოებული. მათ უსაფუძვლობას უდავოდ ადასტურებს ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს მოუხსნა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენის ცალკეული ეპიზოდების თაობაზე მათ მიმართ წარდგენილი ის ბრალდებები, რომლებიც სასამართლო გამოძიებით არ დადასტურდა მტკიცებულებათა უკმარისობის ან არასარწმუნობის გამო, ასევე ის ბრალდებები, რომლებიც საბრალდებო დასკვნით ზედმეტად იყო მათთვის წარდგენილი. ამასთან, ცალკეულ მსჯავრდებულს მოეხსნა არაერთი ასეთი ბრალდება.

ჩადენილ დანაშაულებში მათი მონაწილეობის თაობაზე წინასწარი გამოძიებისას მიცემულ თავიანთ ჩვენებებს მსჯავრდებულები იმით ხსნიან, რომ მათ მიმართ გამოყენებული იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ხერხები. მსჯავრდებულთა ასეთ პოზიციას პალატა არ იზიარებს, რადგან მათ ჩვენებებში ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე სინამდვილის შესაბამისი ისეთი დეტალები და გარემოებებია წარმოდგენილი, რომ შეუძლებელია ისინი სცოდნოდა სხვა ვინმეს, გარდა ამ დანაშაულთა ნამდვილი მონაწილეებისა.

ამრიგად, მსჯავრდებულების: მ. ფ-ს, დ. ნ-ს, გ. გ-ს, თ. ჯ-ს, დ. კ-ს, დ. ბ-ს, პ. პ-ს, გ. ი-სა და ბ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მიერ სამართლებრივად სწორად არის შეფასებული და კვალიფიკაციის ნაწილში განაჩენის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება მსჯავრდებულთა მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელებს, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი, ძირითადად, სწორად არის განსაზღვრული და შეესაბამება როგორც ჩადენილ ქმედებათა სიმძიმეს, ისე _ მათ ჩამდენთა პიროვნებას. ამასთანვე, პალატა თვლის, რომ ჩადენილ დანაშაულებში მათი მონაწილეობის ხარისხისა და სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია მსჯავრდებულების: დ. კ-ს, დ. ბ-სა და თ. ჯ-ს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილება ნაწილობრივ და მათ მიმართ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელების შემცირება. პალატის აზრით, განაჩენში ცვლილება მხოლოდ ამ მიმართებით შეიძლება შევიდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების: გ. გ-ს, დ. ნ-ს, გ. ი-ს, მ. ფ-ს, პ. პ-სა და ბ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

მსჯავრდებულების: თ. ჯ-ს, დ. კ-სა და დ. ბ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 28 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ თ. ჯ-ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით შეუმცირდეს 2 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით; მსჯავრდებულ დ. კ-ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით შეუმცირდეს 2 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით; მსჯავრდებულ დ. ბ-ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით შეუმცირდეს 2 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.