საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 86-დად 5 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა ადვოკატ თ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ამავე რაიონული პროკურორის მოადგილის 2003წ. 13 თებერვლის დადგენილება ვ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
კოოპერატივ “კვენაკოს” დირექტორმა გ. ყ-მა განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ პროკურატურას იმის შესახებ, რომ აღნიშნული კოოპერატივი რეგისტრირებულ იქნა 1996 წელს. მას ჰყავდა თანასწორი უფლებით არჩეული ორი დირექტორი _ გ. ყ. და ვ. გ.. განცხადების თანახმად ამ უკანასკნელმა თავის თავზე აიღო კოოპერატივის ხელმძღვანელობა და იჯარით კოოპერატივის წევრებზე გასცა მიწები; ამასთან, საწესდებო კაპიტალი _ 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადარიცხა მიწის გადასახადში, ბოლოს კი სასამართლოში დააყენა საკითხი კოოპერატივის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. განმცხადებელი გ. ყ. ითხოვდა კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას ვ. გ-ს მიმართ.
სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ მოიკვლია მასალები გ. ყ-ს განცხადების თაობაზე და 2003წ. 13 თებერვალს მიიღო დადგენილება ვ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა გ. ყ. და საჩივრით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.
სასამართლომ გ. ყ-სა და მისი ინტერესების წარმომადგენელ ადვოკატ თ. ბ-ს საჩივარი განიხილა 2003წ. 21 მარტს და თავისი დადგენილებით უცვლელად დატოვა პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი თ. ბ. ითხოვს სასამართლოსა და პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას, მიუთითებს, რომ ვ. გ-ს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული. ადვოკატი თვლის, რომ საქმეზე უნდა ჩატარდეს წინასწარი გამოძიება და გადაწყდეს ვ. გ-ს პასუხისმგებლობის საკითხი.
პალატის სხდომაზე გამოცხადებულმა ვ. გ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და ამის შესახებ ვერც კასატორი უთითებს საჩივარში.
პროკურორმა ზ. ზ-მა კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ მასალებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: კერძო საკასაციო საჩივარი არის ძალზე ზოგადი, მასში არაა მითითებული, თუ რატომაა სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება უკანონო. მით უმეტეს, როგორც მოკვლევის, ასევე საკითხის სასამართლოში განხილვისას დეტალურად იქნა გამოკვლეული ადვოკატ თ. ბ-ს განცხადებაში მითითებული გარემოებები და მიეცა სათანადო შეფასება.
პალატა თვლის, რომ წარმოდგენილ მასალებზე როგორც პროკურატურის, ასევე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის კანონიერი და არ არსებობს მათი გაუქმების არავითარი საფუძველი, რის გამოც კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 მარტის დადგენილება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ამავე რაიონული პროკურატურის 2003წ. 13 თებერვლის დადგენილება ვ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.