საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 06.05.2003
საქმის ნომერი
2კ-87აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 87-აპ 6 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ტ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც აბაშის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ივლისის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება: ზ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ერთობლივად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ზ. ტ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

ზ. ტ-მ 2002წ. 8 იანვარს განიზრახა ქ. აბაშაში, ... მცხოვრები მ. შ-ს საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა საოჯახო ნივთის ფარული გატაცება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი იმავე ღამით მივიდა მ. შ-ს საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სამზარეულოს ოთახთან, სადაც თანქონი ბრტყელტუჩათი ამოიღო ფანჯრის მინა და შეაღწია სახლში, საიდანაც გაიტაცა დაზარალებულ მ. შ-ს კუთვნილი “ჰორიზონტის” მარკის შავ-თეთრი ტელევიზორი, 20 ლიტრი ღვინო, 4 კგ. ლობიო, მცირე ზომის, ხელით სატარებელი რადიომიმღები, სალესი ქვა, 0,5 ლიტრიანი 8 ქილა მურაბა, მცირე ზომის მოვარაყებული ჯიბის დანა, მაჯის საათი და 7 ლიტრი მზესუმზირის ზეთი. გატაცებული ნივთები თავისი ხელით საგორებელი ორთვალათი იმავე ღამით გადაზიდა ფრანგიშვილის ქუჩაზე მდებარე ძველ, დანგრეულ შენობაში და გადამალა. 2002წ. 9 იანვარს ქ. სამტრედიაში, ე.წ. “ბონგის” ბაზრობაზე, მისთვის უცნობ პიროვნებას 70 ლარად მიჰყიდა გატაცებული ქონების ნაწილი, კერძოდ: ტელევიზორი, რადიომიმღები, მოვარაყებული ჯიბის დანა და სალესი ქვა. აღნიშნული დანაშაულით დაზარალებულ მ. შ-ს მიაყენა 400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2002წ. 10 თებერვალს, დაახლოებით 17 საათზე, მსჯავრდებულმა ზ. ტ-მ ქ. აბაშაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, იპოვა პოლიეთილენში გახვეული ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” 6,6 გრამის ოდენობით, რასაც, პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ ინახავდა ქ. აბაშაში, გ. ე-ს სახლში, სადაც მსჯავრდებული დროებით ცხოვრობდა. 2002წ. 19 თებერვალს ჩატარებული ჩხრეკისას, გ. ა-ს ბინიდან პოლიციის მუშაკების მიერ ამოღებულ იქნა მსჯავრდებულ ზ. ტ-ს მიერ უკანონოდ შენახული ზემოაღნიშნული სახეობისა და რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება.

2002წ. 16 თებერვალს, დაახლოებით 6 საათზე, მსჯარვდებულმა ზ. ტ-მ ქ. აბაშაში, ყოფილი ჭადრაკის სახლის აივნიდან, ფარულად გაიტაცა დაზარალებულ ვ. ხ-ს კუთვნილი, 25 ლარად ღირებული 90 პაკეტი ანაკომის ფირმის ქათმის ბულიონი. გატაცებული პაკეტების ნაწილი მან მეუღლეს, ბ. ბ-ს გადასცა, ხოლო ნაწილი კი შესანახად მიიტანა ქ. აბაშაში, ი. ფ-ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც 2002წ. 19 თებერვალს ჩატარებული ჩხრეკისას პოლიციის მუშაკების მიერ ამოღებულ იქნა დაზარალებულ ვ. ხ-ს კუთვნილი 45 პაკეტი ქათმის ბულიონი.

მანვე 2002წ. 15 თებერვალს განიზრახა ქ. აბაშაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, დაზარალებულ მ. ქ-ს კუთვნილი სავაჭრო ჯიხურიდან საქონლის ფარული გატაცება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი 2002წ. 17 თებერვალს, დაახლოებით 6 საათზე, მივიდა აღნიშნულ ჯიხურთან და ლომით გატეხა რკინის კარების ორი ბოქლომი და შეაღწია ჯიხურში, საიდანაც ფარულად გაიტაცა კვების პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები, სიგარეტები და ხუთი ცალი სპირტის საზომი ხელსაწყო. აგრეთვე ნავაჭრი თანხა _ 33 ლარი. გატაცებული ქონება გადამალა ქ. აბაშაში, ... ქუჩაზე, მისი დროებითი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე ერთ-ერთ დანგრეულ შენობაში. ამის შედმეგ მისი კუთვნილი, “უკრაინის” მარკის ველოსიპედით კვლავ მივიდა ზემოაღნიშნულ ჯიხურთან, საიდანაც ფარულად გაიტაცა მამაკაცის “ბოსის” მარკის ნაცრისფერი ჯინსის შარვალი, მამაკაცის “ლევი სტრაუსის” მარკის შავი ფერის ჯინსის შარვალი და ორი ცალი იმპორტული წარმოების ძეხვი, რომლებიც ჯიხურის მახლობლად დააგდო და მიიმალა, ვინაიდან იგი შემჩნეულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ. აღნიშნული ქმედებით მსჯავრდებულმა ზ. ტ-მ დაზარალებულ მ. ქ-ს მიაყენა 240 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. ტ. ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას. მიუთითებს, რომ იგი თავს ცნობს დამნაშავედ მხოლოდ სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში. სხვა ნაწილში იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ, ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას.

პროკურორმა ზ. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს ზ. ტ-ს დადგენილი აქვს მხოლოდ სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ზ. ტ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დაზარალებულ მ. შ-ს, ვ. ხ-ს, მ. ქ-ს, მოწმეების: კ. მ-ს, გ. კ-ს, თ. შ-ს, გ. ე-ს, ბ. ბ-ს, ი. ფ-ს ჩვენებით, თვით მსჯავრდებულ ზ. ტ-ს მიერ წინასწარი და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, სადაც ის გულწრფელად აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 560-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენისა თუ გასაჩივრებული სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები.

მოცემულ შემთხვევაში პირველმა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად ჩათვალეს მსჯავრდებულ ზ. ტ-ს მიერ მ. შ-ს ბინის გაქირდვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტი, ვ. ხ-ს გაქურდვისა და მ. ქ-ს ჯიხურის გაქურდვის ფაქტი. პალატა თვლის, რომ ზ. ტ-ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, სასჯელიც ჩადენილის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვს განსაზღვრული. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 თებერვლის განაჩენი ზ. ტ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.