საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 88-დად 20 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,თ. ლალიაშვილი
განიხილა გ. გულბანის, მ. ჯ-ს, ტ. კ-სა და მათი ინტერესების წარმომადგენლის, ადვოკატ მ. ც-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა წყალტუბოს შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის 2002წ. 31 მაისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 29 მარტს წყალტუბოს შს რაიგანყოფილებას კოლექტიური განცხადებით მიმართეს საქართველოს “იეჰოვას მოწმეთა” წყალტუბოს კავშირის წევრებმა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2002წ. 28 მარტს ქ. წყალტუბოში, რიტუალების სასახლეში, მათი ორგანიზაციის წევრებს ჰქონდათ შეკრება, რომელიც ეძღვნებოდა იესო ქრისტეს გახსენებას. შეკრებას ესწრებოდა “იეჰოვას მოწმეთა” 100-მდე წევრი და მოქალაქე. შეკრების ჩატარების დროს მათთან მივიდნენ წყალტუბოში მცხოვრები მოქალაქეები ზ. კ. და ს. .გ რომელთაც ახლდათ დაახლოებით 15 პირი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ს. გ. და ზ. კ., რომლებმაც მოითხოვეს, რომ შეკრებილ პირებს დარბაზი დაეტოვებინათ, შეიჭრნენ დარბაზში, მაგიდას ჰკრეს ფეხი და წააქციეს მასზე მოთავსებული ღვინით სავსე ბოკალი, ზ. კ. კი “იეჰოვას” მოწმეთაგან ითხოვდა 100 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა ავტომატის მიტანით და შეკრების დამსწრე პირთა დაცხრილვით.
კოლექტიური განცხადების ავტორები მოითხოვდნენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სს საქმის აღძვრას და მ. გ-ს, ზ. კ-სა და მათი თანმხლები უცნობი პირების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით წყალტუბოს შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში ჩატარდა მოკვლევა, ხოლო 2002წ. 31 მაისს წყალტუბოს შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება ს. გ-ს, ზ. კ-ს, ზ. მ-ს, მ. ჟ-ს, ნ. ჯ-ს, გ. ე-ს, ი. ც-ს, გ. ფ-ს, ბ. ხ-ს, ბ. ბ-ს, მ. ტ-ს და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. მიჩნეულ იქნა, რომ ზემოთ მითითებულ პირებს რაიმე სახის შეურცხყოფა “იეჰოვას მოწმეთათვის” არ მიუყენებიათ, მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია იეჰოველთა შეკრების ჩაშლას ან ასეთის მცდელობას, შეკრების სარიტუალო ნივთების წაქცევას ან დაზიანებას, რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის შეშლას, ისინი მხოლოდ მოითხოვდნენ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის ნებას, რაზედაც უარი მიიღეს, რის შემდეგაც დატოვეს შენობა.
მოკვლევის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს გ. გ-მა, მ. ჯ-მ, ტ. კ-მა და მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ც-მ.
საჩივარი წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ განიხილა მხარეთა მონაწილეობით და თავისი 2003წ. 10 მაისის დადეგნილებით უცვლელად დატოვა მოკვლევის ორგანოს მიერ მიღებული სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი მ. ც. ითხოვს მოკვლევის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას და მასალების სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის გადაგზავნას, მიუთითებს, რომ “იეჰოვას მოწმეების” განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევა არასრულია, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გარეშე შეუძლებელია განცხადებაში მითითებული გარემოებების სრულყოფილი შემოწმება და შეფასება.
პალატის სხდომაზე ადვოკატებმა მ. ც-მ და შ. კ-მა მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ. ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ასევე გ. გ-მა, მ. ჯ-მ და ტ. კ-მა.
პროკურორმა ბ. გ-მ ვრცლად მიმოიხილა წარმოდგენილი მასალები, მან კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია გ. გ-სა და სხვათა განცხადებაში მითითებული გარემოებები, გამოკითხა ყველა დაინტერესებული პირი, გამოიკვლია მოკვლევის ორგანოს მიერ მოპოვებული მასალები და მიიღო სავსებით კანონიერი გადაწყვეტილება.
სასამართლომ დადგენილებაში დეტალურად მიუთითა ყველა იმ გარემოებაზე, რაც სადავოდ მიაჩნდათ საჩივრის ავტორებს და მისცა სათანადო შეფასება.
პალატა აღნიშნავს, რომ როგორც მოკვლევის, ასევე შემდგომ სასამართლოში მასალების განხილვისას დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია “იეჰოვას მოწმეთათვის” შეურცხყოფის მიყენებას, შეკრების ჩაშლას, ფიზიკური ან ბუნებრივი ზიანის მიყენებას, რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის შეშლას ან მუქარას. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე, 243-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 მარტის დადგენილება, რომლითაც ძალაში დარჩა ამავე რაიონული შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის 2002წ. 31 მაისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.