საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 96-დად 13 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა ზ. ზე-ს კერძო საკასაციო საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.ღ-ს 2003წ. 25 თებერვლის დადგენილება ადიგენის პოლიციის ყოფილი თანამშრომლების: ი. თ-ს, გ. ს-სა და თ. ა-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 9 ოქტომბერს ადიგენის პროკურატურას განცხადებით მიმართა მოქალაქე ზ. ზ-მა, რომელიც მიუთითებდა, რომ 1999წ. 7 მარტს სოფ. .....ში სახლის ეზოდან მოპარეს 1 სული დეკეული. იგი აცხადებდა, რომ ამის შესახებ მიმართა შს ადიგენის რაიგანყოფილების უბნის ინსპექტორ თ. ა-სა და კრიმინალური პოლიციის უფროს გ. ს-ს, რომლებმაც არ აღრიცხეს დანაშაული, დამალეს მისი განცხადება და არ გამოააშკარავეს დამნაშავე. 1999წ. მაისში კი თ.ა-მა და ადმინისტრაციული პოლიციის უფროსმა ი.თ-მა შს ადიგენის განყოფილების ეზოში და სამორიგეოში მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ზ.ზ-მა ადიგენის პროკურატურას წარუდგინა სამედიცინო ბარათი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 1999წ. მაისში იგი ნაცემი იყო ორივე საფეთქლის არეში.
2001წ. 10 აპრილს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მოქალაქე ზ.ზ-ს ადიგენის რაიონულ პოლიციაში ცემისა და გ. ს-ს მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე. საქმის გამოძიება დაევალა ადიგენის რაიონულ პროკურატურას.
2001წ. 18 ოქტომბერს პოლიციის მუშაკების: ი.თ-ს, გ.ს-სა და თ.ა-ს მიმართ მოქალაქე ზ.ზ-ს ცემის, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და მოქალაქეთა განცხადებებში მითითებულ დანაშაულთა მიჩქმალვის, სხვადასხვა დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით საქმე წარმოებით შეწყდა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა”, “ბ” და “ნ” ქვეპუნქტებით, რადგან არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული და მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ 2001წ. 14 ნოემბერს გააუქმა საქმის წარმოებით შეწყვეტის დადგენილება ადიგენის პოლიციაში დანაშაულის დამალვის, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, მოქალაქეთა განცხადებებში მითითებული სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით და განაახლა გამოძიება. 2002წ. 18 იანვარს აღნიშნულ საქმეზე წარმოება ისევ შეწყდა.
მიღებული გადაწყვეტილება 2002წ. 14 თებერვალს საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ გააუქმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში და 2002წ. 7 მარტს საქმე აცილების წესით დაექვემდებარა ხაშურის რაიონულ პროკურატურას.
2003წ. 25 თებერვალს ადიგენის პოლიციის ყოფილი თანამშრომლების: ი. თ-ს, გ. ს-სა და თ. ა-ს მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო, მიღებულ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, რომელიც ხაშურის რაიონის პროკურორმა დაამტკიცა 2003წ. 5 მარტს.
აღნიშნული დადგენილება ზ.ზ-ს წარმომადგენელმა ჯ.კ-მ გაასაჩივრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის დადგენილებით ხაშურის რაიონის პროკურორის თანაშემწე გ.ღ-ს დადგენილება ი.თ-ს, გ.სარაშვილისა და თ.ა-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დარჩა უცვლელად.
კასატორი ზ. ზ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ხაშურის რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლებას იმ მოტივით, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ თ.ა-მა და გ.ს-მა ჩაიდინეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.
თ.ა-სა და გ.ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ.თ. არ ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვებას.
თ.ა. და გ.ს. მხარს უჭერენ თავიანთი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას.
პროკურორი გ.ღ. ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის დადგენილება დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მიუხედავად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა, წინასწარმა გამოძიებამ ვერ მოიპოვა საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები ი.თ-ს, გ.ს-სა და თ.ა-ს მიმართ ბრალის წარსადგენად. ზ.ზ-ს მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი აუდიოჩანაწერი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მტკიცებულებად, ვინაიდან აღნიშნული ჩანაწერი მოპოვებული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების დარღვევით და არც საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებები იძლეოდა ზემოაღნიშნულ პირთათვის ბრალის წარდგენის საფუძველს.
ამასთან, ყურადსაღებია, რომ მოქალაქე ზ.ზ-მა ი.თ-ს, გ.ს-სა და თ.ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე პროკურატურას მიმართა აღნიშნული ფაქტიდან 1წ.ა და 5 თვის შემდეგ, რამაც უარყოფითად იმოქმედა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაზე. საქმეში არსებული 2000წ. 13 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ადიგენის რაიონის პოლიკლინიკის ჩანაწერების საფუძველზე ზ.ზ-ს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. თუმცა დასკვნაში აღინიშნა, რომ საქმეში არ არის სამედიცინო საბუთები, რომლებიც ასახავდა ზ.ზ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას 1999წ. 10 მაისიდან 9 აგვისტომდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიების მიერ ვერ იქნა დადგენილი ზ.ზ-ს ჯანმრთელობის დაზიანების ზუსტი თარიღი. ამდენად, დღეისათვის შეუძლებელია, დადგინდეს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ზ.ზ-ს მიყენებული აქვს 1999წ. 7 მაისს. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა თავად ზ.ზ-სა, მისთვის დაზიანების მიყენების ზუსტ თარიღს ვერც კასატორის მიერ კერძო საკასაციო საჩივარში მითითებული მოწმეები: ა.ბ. და ბ.ბ. ასახელებენ.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამჟამად, როდესაც აღნიშნული ფაქტიდან უკვე 4 წელია გასული, წინასწარი გამოძიების განახლებით საქმეზე დამატებითი, უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება და ზემოაღნიშნულ პირთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადასტურება შეუძლებელია, რის გამოც არ არსებობს ი.თ-ს, გ.ს-სა და თ.ა-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გაუქმების საფუძველი.
პალატა ვერ გაიზაირებს კერძო საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ზ.ზ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რაიონულ სასამართლოში განცხადება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ შეიტანა. საქმეში მოთავსებულია მოსამართლე თ.თაყაძის მიერ შედგენილი ცნობა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ზ.ზ-ს წარმომადგენელ ჯ.კ-ს საჩივრის განხილვისას საქმეში იდო ჯ.კ-ს სახელზე გაცემული დაცვის ორდერი, რომელიც საქმეში აღარ აღმოჩნდა კერძო საკასაციო საჩივრის დაწერის შემდეგ. ამის გამო მოსამართლე თ.თაყაძის მიერ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ხაშურის იურიდიული კონსულტაციიდან გამოთხოვილ იქნა ზ.ზ-სა და ჯ.კ-ს შეთანხმების ე.წ. ყუა, რაც დართულია საქმეზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ.ღ-ს 2003წ. 25 თებერვლის დადგენილება ადიგენის პოლიციის ყოფილი თანამშრომლების: ი. თ-ს, გ. ს-სა და თ. ა-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყევტის შესახებ, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.