დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 30.09.2021
საქმის ნომერი
ბს-1187(2კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს1187(2კ-20) 30 სექტემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. თ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: ი. თ-ემ 2017 წლის 13 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის მიმართ და „ი. თ-ისა და მისი ოჯახის თავშესაფრად 38.32 კვ.მ. ფართის განსაზღვრის ნაწილში“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 7 ივნისის №20.07.397 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის „ი. თ-ისა და მისის ოჯახისთვის ადეკვატური ფართის გადაცემის შესახებ“ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ი. თ-ისა და მისი ოჯახის თავშესაფრად 38.32 კვ.მ. ფართის განსაზღვრის ნაწილში“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 7 ივნისის №20.07.397 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა ი. თ-ისა და მისი ოჯახისთვის ადეკვატური ფართის გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საკასაციო საჩივრების თანახმად, სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფისათვის უსახლკარო პირთა რიგითობის საკითხს. დადგენილია, რომ თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის კანონით დადგენილი კრიტერიუმებიდან ი. თ-ის ოჯახს გააჩნდა მხოლოდ მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის მხრიდან თავართქილაძეების ოჯახს მიენიჭა 2,4 ქულა.

გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის №320 ბრძანებაზე და იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტით მოსარჩელის ოჯახთან ერთად, სხვა 6-სულიანი ოჯახებისთვისაც განისაზღვრა თავშესაფარი ფართი, თუმცა კასატორების მოსაზრებით, განსხვავებით ი. თ-ის ოჯახისგან სხვა 6-სულიანი ოჯახებისთვის გადაცემული ფართების ოდენობა ჯდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის №320 ბრძანებით დევნილი ოჯახებისთვის განსაზღვრულ სტანდარტებში. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელის ოჯახს კანონიერად განესაზღვრა ადეკვატური საცხოვრებელი ფართი.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოსარჩელის 6-სულიანი ოჯახისთვის თავშესაფრად 38.32. კვ.მ. ფართის შეთავაზების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესზე“, რომლითაც რეგულირდება პირთა უსახლკაროდ რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. იმავე წესით განსაზღვრულია რეგისტრაციის კრიტერიუმები, პროცედურები და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობები. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულია უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფილს კრიტერიუმები, ასევე, თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის დადგენილია უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა, მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუქნტის შესაბამისად, პრიორიტეტი ენიჭება მრავალშვილიან ოჯახს.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის აუცილებელია იგი რეგისტრირებული იყოს უსახლკაროდ და ჯერ არ სარგებლობდეს თავშესაფარი ფართით. ამასთან, უნდა აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის რომელიმე ქვეპუნქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, ადმინისტრაციული ორგანო უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირს უარს ეტყვის თავშესარით უზრუნველყოფაზე. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ი. თ-ისა და მისი ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის ფაქტის არსებობა. ამასთან, დადგენილია, რომ „უსახლკაროდ რეგისტრირებული პირების თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის №10.18.223 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 7 ივნისის №20.07.397 განკარგულების თანახმად, ცვლილება შევიდა „უსახლკაროდ რეგისტრირებული პირების თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის №10.18.223 განკარგულებაში და მისი პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის მიხედვით, ი. თ-ის ოჯახისთვის თავშესაფრად განისაზღვრა - 38.32 კვ.მ. ფართი. საქმეში წარმოდგენილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „,თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ ურთიერთშეთანხმების აქტებით დასტურდება, რომ ი. თ-ემ და მისმა ოჯახის წევრებმა ააიპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ დაქვემდებარებაში არსებულ სოციალურ საცხოვრისში გადაყვანაზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ...ის ქუჩა N...-ში უარი განაცხადეს ფართის სიმცირის გამო. აღსანიშნავია, რომ სადავო აქტით, კერძოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 7 ივნისის №20.07.397 განკარგულებით, მოსარჩელის ოჯახთან ერთად სხვა 6-სულიანი ოჯახებისთვისაც განისაზღვრა თავშესაფარი ფართი, თუმცა განსხვავებით ი. თ-ის ოჯახისგან, მათთვის შეთავაზებული თავშესაფარი ფართის ოდენობამ შეადგინა - 70.55 კვ.მ.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ზემოაღნიშნულთან გამოთქულ მოსაზრებებს და განმარტავს, რომ მართალია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის მიხედვით, უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა ხდებოდა ფართის ოპტიმალური გადანაწილების პრინციპის საფუძველზე და ერთ ადამიანზე გათვალისწინებული საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენდა - 6 კვ.მ-ს. შესაბამისად, ფორმალური თვალსაზრისით ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან თითქოს არ დარღვეულა ზემოთ მითითებული დადგენილებით დამტკიცებული პარამეტრები, მაგრამ, გაუგებარია მოცემულ შემთხვევაში, ი. თ-ის მარტოხელა დედობის პირობებში, როცა მას ჰყავს 4 შვილი და შვილიშვილი, რის საფუძველზე შეაფასა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაცემული ფართის ოპტიმალურობა, რადგან ფართის გადაცემის მიზანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ოჯახში შემავალ ბავშვებს უნდა შეექმნათ მინიმალური საცხოვრებელი პირობები მაინც, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოუდგენელია, ვინაიდან გადაცემულ ფართში გარდა საწოლებისა, შეუძლებელია, სხვას რაიმე საყოფაცხოვრებო კუთხის მოწყობა. ამდენად ი. თ-ისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის გადაცემული ფართის ოდენობა გამორიცხავს, აღნიშნულ ფართში ოჯახის თითოეული წევრის ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სადავო აქტით განსაზღვრულ სხვა 6-სულიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული ფართების ოდენობა, მაშინ, როცა ი. თ-ის სარეიტინგო ქულა უფრო მაღალია, ვიდრე მათი, გაცილებით დიდია, ვიდრე მოსარჩელისთვის თავშესაფრად განსაზღვრული ფართი. საკასაციო სასამართლოს მითითებით კი, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

ამრიგად, საქმეზე დადასტურებული გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის, ი. თ-ის 6-სულიანი ოჯახისთვის ადეკვატური, ნორმალურ საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისი თავშესაფრის განსაზღვრის შესახებ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე