დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1311(კ-19) 30 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი: შპს „...-მა“ 2018 წლის 11 მაისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის №187 და №188 დადგენილებებისა და ქალაქ ბათუმის მინიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 23 აპრილის №02/120 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“ რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10, 236-ე მუხლებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილების პირველ მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემული იყო არასათანადო დამრღვევის მიმართ, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები და არასწორად დაადგინეს სამართალდარღვევის სუბიექტი. კერძოდ, მოსარჩელესა და შპს „L...-ს“ შორის გაფორმებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა უშუალოდ მშენებლობის მწარმოებელ პირს და არა დამკვეთს. მართალია, უძრავი ქონებისა და მშენებლობის ნებართვის მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „...-ი“, თუმცა სამშენებლო სამუშაოებს ატარებდა შპს „L...“, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაედგინა სამართალდარღვევის ჩამდენი პირი და მის მიმართ მიეღო პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „...-ის“ მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის გამო სამართალდამრღვევისთვის სანქციის დაკისრების კანონიერება. ამასთან, მნიშვნელოვანია სამართალდარღვევის სათანადო სუბიექტის დადგენა, ვინაიდან კასაციის ძირითად არგუმენტს სწორედ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე კანონის 1-ლი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონის მიზანს წარმოადგენს ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.
საკასაციო პალატა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტის განსაზღვრის მიზნისთვის, თავდაპირველად მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომლის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევა კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, განსაზღვრულია სამართალდარღვევის სუბიექტის - დამკვეთის ვალდებულებები, კერძოდ, დამკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენას, შესაბამის ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, მოიპოვებს მშენებლობის ნებართვას კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სანებართვო პირობების შესრულებას, ორგანიზებას უწევს დადგენილი წესით დასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების გავლას, სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას ახდენს მშენებარე ობიექტის კონსერვაციას ამ დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიებს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებულ ეგზემპლარს და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობას. ამავე დადგენილების 78-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ის სანებართვო პირობები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც აკისრია დამკვეთს IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას, ნებართვის მფლობელს დაეკისრება „არქიტექტურულ-სამშენებლო სამქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმების შინაარსი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მშენებლობის ნებართვის მფლობელის - დამკვეთის პასუხისმგებლობას ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტს, რომ შპს „...-ი“ წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის მფლობელს, დამკვეთს, რომელიც ვალდებულია, კანომნმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. ამასთან, „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, შენობა-ნაგებობებში, ასევე მათ ნაწილებში უსაფრთხოება უნდა შენარჩუნდეს, შენობისა და ნაგებობის მოვლაზე პასუხისმგებელი მისი მესაკუთრეა, ან მისი წარმომადგენელი. ამდენად, შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მესაკუთრეს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, ხოლო შპს „L...“ მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს მესამე პირს, ნარდობის ხელშეკრულების მხარეს, მენარდეს, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივ-სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება შპს „...-თან“ და მშენებლობის წარმოებაზე პასუხს აგებს მხოლოდ დამკვეთის წინაშე, ხოლო მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე და შესაბამისად, სანებართვო პირობების სათანადო შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი არის, შპს „...“.
რაც შეეხება სადავო აქტების კანონიერების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობისათვის. საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა - უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის განხორციელება, რაზეც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო რეაგირება მოახდინა და კანონმდებლობის მოთხოვნათა და შესაბამისი პროცედურის დაცვით, 2018 წლის 21 თებერვალს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის გასაჩივრებული №187 და №188 დადგენილებებით შპს „...“ დააჯარიმა 1000 ლარით, სწორედ 2017 წლის 16 იანვრის №29 დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში შეუსრულებლობის გამო. ამრიგად, სადავო აქტების, მათ შორის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მინიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 23 აპრილის №02/120 ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;
3. კასატორს - შპს „...-ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 20 თებერვალს №0 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე