განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 45-კოლ 11 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი, მ. ახალაძე
განიხილა პროკურორ გ. ა-ს და დაზარალებულ ა. ქა-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წ. 24 თებერვლის განაჩენზე
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წ. 24 თებერვლის განაჩენით ზ. ჯ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებებში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების ჩაუდენლობის გამო.
ზ. ჯ-ს ბრალად ედებოდა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა, ტარება, რაც საბრალდებო დასკვნის მიხედვით ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში: ზ. ჯ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის “გაერთიანებული ქართული ბანკის” დაცვის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელად. იგი შს მინისტრის 1994 წ. 13 ივნისის ¹331 ბრძანების დარღვევით, ყაჩაღობის ჩადენის განზრახვით, არასამსახურებრივ დროს სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდა სამსახურებრივ ცეცხლსასროლ იარაღს _ “მაკაროვის” მარკის ¹… პისტოლეტს 5 საბრძოლო ვაზნით. 1998 წ. 15 ოქტომბერს, დაახლოებით 20 საათზე, მან შეაღწია “ბორჯომის” ვაგზლის ტერიტორიაზე განლაგებულ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში და ა. ქ-ს გასტაცა პოლიეთილენის პარკში შენახული 14 ათასი ლარი, 12,230 ათასი რუსული რუბლი და 11350 ათასი ამერიკული დოლარი, რის შემდეგ იგი გაიქცა რკინიგზის საავადმყოფოს მიმართულებით. მის დასაკავებლად გამოდევნებულების _ ა. ქ-ს, დ. მ-ს და ი. ქ-ს შესაშინებლად ზ. ჯ-მ სამსახურებრივი პისტოლეტიდან მოახდინა ერთჯერადი გასროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საკასაციო საჩივრით საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის უფროსი თანაშემწე გ. ა. და დაზარალებული ა. ქ. ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელმეორედ განხილვას. საჩივრებში მითითებულია, რომ სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ დაადგინა უკანონო გამამართლებელი განაჩენი, ისე გაამართლა წარდგენილ ბრალდებებში ზ. ჯ. რომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც მას ამხელდა ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ა-მა და დაზარალებულმა ა. ქ-მ მოითხოვეს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილება. გამართლებულმა ზ. ჯღამაძემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ნ. გ-მა და ზ. რ-მა შესაგებელი საჩივრით მოითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წ. 24 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი ზ. ჯ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას შემდეგი გარემოებების გამო: პროკურორი გ. ა. საჩივარში მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2002 წ. 19 თებერვალს გააუქმა გამამტყუნებელი განაჩენი ზ. ჯ-ის მიმართ და საქმე დაუბრუნა პროკურატურას, დამატებითი გამოძიება ჩატარდა სრულად, ობიექტურად და ყოველმხრივ. დამატებითი გამოძიების დროს შესრულდა სასამართლოს მითითებები და მოპოვებულ იქნა უტყუარი მტკიცებულებები ზ. ჯ-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად; მიუხედავად ამისა, სასამართლომ, მისი აზრით, გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი გამამართლებელი განაჩენი.
დაზარალებული ა. ქ. საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა საეჭვო მტკიცებულებებად მისი, ზ. ი-ს, ლ. ე-ს, მ. ჩ-სა და სხვათა ჩვენებები, ნივთმტკიცებები, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ამხელენ ზ. ჯ-ს დანაშაულის ჩადენაში.
საკასაციო პალატამ გააანალიზა რა საჩივრის მოტივები, დაასკვნა, რომ იგი საფუძვლიანია და საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლოს მიერ დამატებით გამოკვლევასა და შემოწმებას მოითხოვს.
სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, პროკურორის და დაზარალებულ ა. ქაძანაიას საჩივრის მოტივები. ამ მიზნით საჭიროა დამატებით დაიკითხონ ზ. ჯ., დაზარალებული ა. ქ., მოწმეები: ზ. ი., ლ. ე., მ. ჩ. და სხვები. საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათ შორის დაპირისპირებები, მოპოვებულ მტკიცებულებებს სასამართლომ უნდა მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და საქმეზე უნდა იქნეს მიღებული ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წ. 24 თებერვლის განაჩენი ზ. ჯ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას ხელახალი განხილვისათვის.
განაჩენის გაუქმებასთან ერთად უნდა გაუქმდეს იმავე სასამართლოს 2003 წ. 24 თებერვლის განჩინება ა. ქ-ზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის საქართველოს ტრანსპორტის პროკურატურისათვის დაბრუნების შესახებ და კერძო განჩინება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გაგზავნის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წ. 24 თებერვლის განაჩენი ზ. ჯ-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.
გაუქმდეს ასევე იმავე სასამართლოს 2003 წ. 24 თებერვლის განჩინება ა. ქ-ს ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის საქართველოს ტრანსპორტის პროკურატურისათვის დაბრუნების შესახებ და კერძო განჩინება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გაგზავნის თაობაზე.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.