შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 11.06.2003
საქმის ნომერი
2კ-66კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.06.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 66-დად 11 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ დ. ჩ-ს კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 10 მარტის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წ. 16 აპრილის განაჩენით კასატორი დ. ჩ. მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებითა და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევით) ჩადენისათვის, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით.

2002 წ. 30 ოქტომბერს მსჯავრდებულმა დ. ჩ-მ შუამდგომლობით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების გადავადებას ორსულობის მოტივით. რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის მეშვეობით დ. ჩ. ორსულობაზე ვერ შემოწმდა მისი ბრალით, რის გამოც სასამართლომ 2003 წ. 10 მარტის დადგენილებით მას უარი უთხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 10 მარტის დადგენილების თაობაზე მჯავრდებულმა დ. ჩ-მ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების შეცვლას და მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების გადავადებას.

საკასაციო განხილვისას მსჯავრდებულმა დ. ჩ-მ მხარი დაუჭირა თავის კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პროკურორი ე. ქ.ა მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და ითხოვს მსჯავრდებულ დ. ჩ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების გადავადებას 3 თვით, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტისა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა საჩივრის საფუძვლები, აგრეთვე საჩივართან დაკავშირებით წარმოებული საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ დ. ჩ-ს შუამდგომლობისა და საჩივრის თაობაზე წარმოებული საქმის მასალებით არ დგინდება მის მიმართ ისეთი გარემოებების არსებობა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა განაჩენის გადავადება, კერძოდ: მის გამოჯანმრთელებამდე _ მძიმე დაავადების გამო; ფეხმძიმობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე _ ორსულობის გამო, ანდა ბავშვის 5 წლის ასაკის შესრულებამდე _ მცირეწლოვანი შვილის არსებობის გამო.

იმავე საქმის მასალებით დგინდება მსჯავრდებულ დ. ჩ-ს მიმართ სსსკ-ის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი განსაკუთრებული გარემოებების არსებობა, რომელთა გამო განაჩენის დაუყოვნებლივ აღსრულებას შეიძლება მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის წევრისათვის მძიმე შედეგები მოჰყვეს. მოცემულ შემთხვევაში ასეთი გარემოებებია შემდეგი: მსჯავრდებულ დ. ჩ-ს საცხოვრებელი სახლი ძლიერ დაზიანდა მიწისძვრის შედეგად და შექმნილია ავარიული მდგომარეობა, ამავე დროს მას ჰყავს მცირეწლოვანი _ ექვსი წლის შვილი, რომელსაც ფაქტობრივად მარტო ზრდის, რის გამოც მას უნდა გადაევადოს განაჩენის აღსრულება 3 თვის ვადით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ჩ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 10 მარტის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ დ. ჩ-ს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულება გადაევადოს 3 თვის ვადით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.