საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 29.05.2003
საქმის ნომერი
2კ-81აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.05.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 81-აპ 29 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა პროცესში მონაწილე პროკურორის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის განაჩენი ჯ. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის განაჩენით ჯ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 5 წელი.

აღნიშნული საქმე პროკურორის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ, რომელმაც არ დააკმაყოფილა საჩივრის მოთხოვნა სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო განაჩენის გაუქმების თაობაზე და 2003წ. 18 თებერვლის განაჩენით რაიონული სასამართლოს ზემოთ მითითებული განაჩენი ჯ. კ-ს მიმართ დატოვა უცვლელად.

განაჩენით ჯ. კ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა _ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ბინაში უკანონო შეღწევით.

კერძოდ: 2002წ. 5 სექტემბერს, ღამის საათებში, ჯ. კ. მივიდა ი. ყ-ს ბინასთან, წინასწარ მომარჯვებული სახრახნისით ამოიღო პირველი სართულის ფანჯრის მინა და უკანონოდ შეაღწია ბინაში, საიდანაც ფარულად გაიტაცა შემდეგი ნივთები: ფერადი ტელევიზორი _ ღირებული 300 ლარად, აუდიომაგნიტოფონი _ ღირებული 150 ლარად, ქალის ტყავის ლაბადა _ ღირებული 200 ლარად, ქალის ტყავის ქურთუკი _ ღირებული 100 ლარად, მამაკაცის ტყავის ქურთუკი _ ღირებული 200 ლარად და ჟილეტი _ ღირებული 100 ლარად და საფანტის პისტოლეტი. ამის შემდეგ ჯ. კ. მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, მაგრამ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად პოლიციის მუშაკებმა იგი დაკავეს 2002წ. 6 ოქტომბერს და მისგან ამოღებულ იქნა მაგნიტოფონი, ქალის ლაბადა და ქურთუკი. რაც შეეხება დანარჩენ ნივთებს, რომელთა საერთო ღირებულებაა _ 500 ლარი, ვერ იქნა ამოღებული.

საკასაციო საჩივრით პროცესში მონაწილე პროკურორი მიიჩნევს, რომ განაჩენი ჯ. კ-ს მიმართ სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმის და პიროვნების შეუსაბამოა _ აშკარად უსამართლოა მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, რისთვისაც ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის გადაცემას ხელახლა განსახილველად სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის.

პროკურორი ბ. გ. მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს. საკასაციო პალატის სხდომაზე მჯავრდებული ჯ. კ. ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნევს, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ჯ. კ-მ დანაშაული ჩაიდინა პირველად, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს ოთხი შვილი _ მათ შორის 3 არასრულწლოვანი. მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. პალატა მხედველობაში იღებს იმასაც, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ი. ყ-მ მოითხოვა, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილებულიყო. მისი განმარტებით, მსჯავრდებულმა ჯ. კ-მ მიყენებული ზიანი აუნაზღაურა და მის მიმართ რაიმე პრეტენზია არა აქვს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მითითებას იმაზე, რომ ჯ. კ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი მეტისმეტად მსუბუქია და სააპელაციო პალატის განაჩენს ტოვებს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განაჩენი ჯ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.