კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 27.05.2003
საქმის ნომერი
2კ-98-დად
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.05.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 98-დად 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თბილისის ¹5 საპყრობილის დირექტორის წარდგინება სასჯელის მოხდისაგან მისი პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

საჩივარი ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების შეცვლას და საპყრობილის დირექტორის წარდგინების დაკმაყოფილებას.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის განაჩენით გ. ჯ. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მეორე ნაწილითა და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას მსჯავრი დაედო მასში, რომ 2001წ. დეკემბრიდან 2002წ. 3 მარტამდე პერიოდში, სხვადასხვა დროს, ქ. თბილისში, კუკიის სასაფლაოზე, ც. ა-თან ერთად, 6 საფლავზე მოხსნა ალუმინის ფიგურები და გაიტაცა. გ. ჯ. სასჯელს იხდის 2002წ. 3 მარტიდან.

2003წ. 4 აპრილს ¹5 საპყრობილის დირექტორმა წარდგინებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა გ. ჯ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლება. სასამართლომ მიზანშეწონილად არ ჩათვალა წარდგინების დაკმაყოფილება.

კერძო საკასაციო საჩივარი სასამართლოს ზემოაღნიშნულ დადგენილებას მიიჩნევს არაობიექტურად და ითხოვს საპყრობილის დირექტორის წარდგინების დაკმაყოფილებას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ ითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ რაიონული სასამართლოს დადგენილება უნდა შეიცვალოს შემდეგი გარემოების გამო:

საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის შესაბამისად მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან შეიძლება ვადამდე გათავისუფლდეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია გ. ჯ-ს ახასიათებს დადებითად და მიაჩნიათ, რომ ის მტკიცედ დგას გამოსწორების გზაზე. რაიონულმა სასამართლომ ამის თაობაზე არ იმსჯელა და ადმინისტრაციის წარდგინება არ დააკმაყოფილა ისეთი მოტივებით, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული, სახელდობრ: სასამართლოს დადგენილებაში მსჯავრდებულის ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის მოტივად მითითებულია მხოლოდ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მიყენებული ზარალის რაოდენობა, რომლის ნაწილიც არ არის ანაზღაურებული.

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. მას სასჯელის მთლიანად მოხდამდე დღეისათვის დარჩენილი აქვს მხოლოდ სამი თვე და 7 დღე. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად. პროკურორი მხარს უჭერს წარდგინების დაკმაყოფილებას. თვითონ მსჯავრდებული პირობას დებს, რომ მომავალში არ ჩაიდენს რაიმე დანაშაულს და დაზარალებულს მთლიანად აუნაზღაურებს მიყენებულ ზარალს. ასეთ ვითარებაში პალატა შესაძლებლად მიიჩნევს სასჯელაღსრულების დაწსებულების ადმინისტრაციის წარდგინების დაკმაყოფილებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ჯ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

შეიცვალოს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის დადგენილება, დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის ¹5 საპყრობილის დირექტორის წარდგინება და გ. ჯ. პირობით ვადამდე გათავისუფლდეს შეფარდებული სასჯელის მოხდისაგან.

განჩინება აღსასარულებლად გადაეგზავნოს ქ. თბილისის ¹5 საპყრობილის დირექტორს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.