დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-582(კ-20) 10 სექტემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - რ. მ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 25 ივლისს რ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 აპრილის №572 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ 188.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ახალი ინდივიდუაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 აპრილის №572 განკარგულება „მიწის ნაკვეთზე რ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ 188.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რ. მ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ც. გ-ის, მ. ბ-ისა და ლ. ლ-ის 2017 წლის 13 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, რ. მ-ეს 1973 წლიდან ნამდვილად ჰქონდა თვითნებურად დაკავებული 188 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ნაკვეთი იყო შემოკავებული და მასზე იდგა ავტოფარეხი. მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ, განმცხადებლებს პრეტენზია არ გააჩნდათ, რომ მოქალაქე რ. მ-ეს აღნიშნული უძრავი ქონება დაიკანონებინა.
2017 წლის 14 დეკემბერს რ. მ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს და ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავი ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ 188 კვ.მ-ზე. განცხადებას თან ერთვოდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე; თანხმობა მედიატორის დანიშვნის თაობაზე; ელ.ვერსია; ორთოფოტო; ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 22 დეკემბრის №718384/17 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ელექტრონული რუკის მონაცმებით, №... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე არსებულ უძრავ ნივთზე, 15.12.2017 წლის მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო. ამავე წერილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების მიხედვით, (ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმები) წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის თაობაზე ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის №... მიმართვის თანახმად, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, რ. მ-ის მიერ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარდგენილი, აგრეთვე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 აპრილის №572 განკარგულებით, რ. მ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: თბილისი, ...ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 188 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით ფართობითა და კონფიგურაციით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის. ამასთან, მიწის ნაკვეთის ნაწილი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ განკარგულებაში მხოლოდ ზოგადი მითითება იმის თაობაზე, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვერ იქნებოდა მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნაწილი იყო მოქცეული სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1). შესაბამისად, გასაჩივრებული განკარგულება ასევე არ შეიცავდა მსჯელობას იმის თაობაზე, თუ რატომ უთხრა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაინტერესებულ პირს მთლიან მიწის ნაკვეთზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-51 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ კომისიამ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიჩნია, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის ნაკვეთის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან, მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობითა და კონფიგურაციით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ გამორიცხავს ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მოქცეულია სატრანსპორტო ზონაში.
კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არ/ვერ უთითებს იმ არსებით დარღვევაზე, რომელიც იქნებოდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოწინააღმდეგე მხარის - რ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ც. გ-ის, მ. ბ-ისა და ლ. ლ-ის 2017 წლის 13 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, რ. მ-ეს 1973 წლიდან ნამდვილად ჰქონდა თვითნებურად დაკავებული 188 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ნაკვეთი იყო შემოკავებული და მასზე იდგა ავტოფარეხი. მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ, განმცხადებლებს პრეტენზია არ გააჩნდათ, რომ მოქალაქე რ. მ-ეს აღნიშნული უძრავი ქონება დაეკანონებინა.
2017 წლის 14 დეკემბერს რ. მ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს და ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავი ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ 188 კვ.მ-ზე. განცხადებას თან ერთვოდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე; თანხმობა მედიატორის დანიშვნის თაობაზე; ელ.ვერსია; ორთოფოტო; ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 22 დეკემბრის №718384/17 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ელექტრონული რუკის მონაცემებით, №... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე არსებულ უძრავ ნივთზე, 15.12.2017 წლის მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო. ამავე წერილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების მიხედვით, (ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმები) წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის თაობაზე ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის №... მიმართვის თანახმად, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, რ. მ-ის მიერ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარდგენილი, აგრეთვე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 აპრილის №572 განკარგულებით, რ. მ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: თბილისი, ...ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 188 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით ფართობითა და კონფიგურაციით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის. ამასთან, მიწის ნაკვეთის ნაწილი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმადაც, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილება მიღებული არის საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამასთან, სადავო გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს, ვინაიდან, მხოლოდ ზოგადი მითითება იმის თაობაზე, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამება დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვერ იქნება მიჩნეული სათანადო დასაბუთებად და იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნაწილი არის მოქცეული სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1). საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილის სატრანსპორტო ზონაში მოქცევა არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე სრულად უარის თქმის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი