დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#ბს-584(კ-20) 10 სექტემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 02 მარტს მ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, „მსმენელის სტატუსის შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 02 თებერვლის №MIA 18 00266974 ბრძანების ბათილად ცნობა, „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 06 თებერვლის №MIA 3 18 00295689 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მ. შ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ... ...ის ...ის ...ის ... ...ს ...-... ...ის ... ...ის, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინებით მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 771 მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტები, რომელთა შესაბამისად, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის/ოპერატიული ქვედანაყოფის ის მოსამსახურე, რომელიც დანიშნულია ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლიდან ხუთ წელიწადში ერთხელ გადის შესაბამის გადამზადების კურსს აკადემიაში. გადამზადების კურსის გავლის მიზნით მოსამსახურეს აქვს შესაბამის გამოცდაზე ორჯერ გასვლის უფლება. კურსის დასრულების შესახებ გამოიცემა აკადემიის რექტორის ბრძანება და შედეგები ეცნობება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საპატრულო პოლიციის ...ის მიერ, გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლა, მისი სამსახურიდან დათხოვნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი იყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის გასავლელად მისი ჩარიცხვა უკანონოდ განხორციელდა, რადგან მას მანამდე შესაბამისი ფიზიკური მომზადება არ გაუვლია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 15 იანვრის ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე მ. შ-ე აღნიშნულ პროგრამაში ჩაირიცხა, არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილი წესით და ძალაში იყო. ამასთან, მოსარჩელე მ. შ-ემ მონაწილეობა მიიღო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ როგორც პირველ, ისე განმეორებით ჩათვლაში. შესაბამისად, მართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში ვერ იმსჯელებდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 15 იანვრის ბრძანებისა და მისი სამართლებრივი შედეგების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალური პროფესიული მომზადების (სწავლების) ფორმების, შეფასების სისტემისა და საწარმოო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2013 წლის 22 მარტის №87 ბრძანებით დამტკიცებული წესი ან/და სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი, პროგრამის გავლამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოსამსახურის ფიზიკური მოუმზადებლობის გამო პროგრამის გავლისას მიღებული არადამაკმაყოფილებელი შედეგების გაუქმებას არ ითვალისწინებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. შ-ის მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება დამოკიდებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 16 ნოემბრის №0177 საიდუმლო ბრძანებით დადგენილ ნორმაზე, რაც კასატორის მოსაზრებით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენს, ვინაიდან მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა განხორცილდა საიდუმლო გრიფით მიღებული ბრძანების შესაბამისად. მ. შ-ე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტითა და ევროპის სოციალური ქარტიით გარანტირებული შრომის სამართლიანი პირობებით სარგებლობის უფლება. კასატორის მითითებით, მისთვის სასამართლო განხილვის ეტაპამდე უცნობი იყო ის ნორმატივები, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრის საიდუმლო ბრძანებით იყო განსაზღვრული და რომლის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლითაც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო ხსენებული ნორმატივები. აღნიშნული საკითხი სასამართლოების მიერ არ შეფასებულა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, არსებობდა თუ არა სამინისტროს მიერ დადგენილი ფიზიკური მომზადების გავლის შესაბამისი პროგრამა. მ. შ-ის მითითებით, სამინისტროს არ შეუქმნია საპატრულო პოლიციელებისათვის ვარჯიშისა და მომზადების პირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. შ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ. შ-ე დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ......ის ...ის ...ის ... ...ს ...-... ...ს ...ის ...ის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 11 იანვრის ბრძანებით მ. შ-ე 2018 წლის 15 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის გასავლელად გაგზავნილ იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. ამასთან, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 15 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე 2018 წლის 15 იანვრიდან, 2018 წლის 31 იანვრამდე, ჩაირიცხა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის გასავლელად. საქმის მასალებით დადგენილადაა ცნობილი ის გარემოება, რომ გადამზადების პროგრამის გავლისას, მოსარჩელეს 2018 წლის 26 იანვარს ჰქონდა ჩათვლა ფიზიკური ნორმატივებში, სადაც მან 100 მეტრიანი დისტანცია დაფარა 20.5 წამში, ხოლო აღნიშნულ დისტანციაზე ასაკობრივი ზღვარი შეადგენდა 18.0-19.0 წამს. საცეცხლე მომზადებაში, მ. შ-ეს ჩათვლა ჰქონდა 2018 წლის 29 იანვარს, სადაც მან მიიღო 27 ქულა, ხოლო მინიმალური ზღვარი გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის იყო 30 ქულა. მოსარჩელის მოთხოვნით, მისი პატაკის საფუძველზე, საცეცხლე მომზადების ჩათვლის გადაბარება ჩაინიშნა 2018 წლის 30 იანვარს, თუმცა მოსარჩელემ კვლავ ვერ შეძლო მისი ჩაბარება, რის გამოც მან ფიზიკური ნორმატივების ჩათვლის გადაბარების უფლებით ვეღარ ისარგებლა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის წარუმატებლად გავლის გამო, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 02 თებერვლის ბრძანებით შეუწყდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის მსმენელის სტატუსი, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 06 თებერვლის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა შსს საპატრულო პოლიციის ......ის ...ის ... ...ს ...-... სამმართველოს ...-... ...ის ... ...ის ...ის ...ის თანამდებობიდან.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სწორედ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 02 თებერვლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 06 თებერვლის ბრძანებების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 771 მუხლის თანახმად, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის/ოპერატიული ქვედანაყოფის ის მოსამსახურე, რომელიც დანიშნულია ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლიდან ხუთ წელიწადში ერთხელ გადის შესაბამის გადამზადების კურსს აკადემიაში. გადამზადების კურსის გავლის მიზნით მოსამსახურეს აქვს შესაბამის გამოცდაზე ორჯერ გასვლის უფლება. კურსის დასრულების შესახებ გამოიცემა აკადემიის რექტორის ბრძანება და შედეგები ეცნობება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან. ამდენად, მოსამსახურის მიერ გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში მისი სამსახურიდან გათავისუფლება პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის გარემოება, რომ მ. შ-ე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 15 იანვრის ბრძანებით, 2018 წლის 15 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრამდე ჩაირიცხა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის გასავლელად. აღნიშნული აქტი ძალაშია და მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა. ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ მ. შ-ემ ვერ შეძლო ფიზიკური ნორმატივებისა და საცეცხლე მომზადების კომპონენტებში დამაკმაყოფილებელი შედეგის დაფიქსირება. აღსანიშნავია, რომ მას, კანონდებლობის შესაბამისად მიეცა გადაბარებაზე გასვლის უფლება საცეცხლე მომზადებაში, რაც კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა მისთვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ არსებობდა სადავო ბრძანებების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება, კასატორის მოსაზრებას, მისი გათავისუფლების საფუძვლად საიდუმლო გრიფის მქონე ბრძანების არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. შ-ის სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება გამოცემული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესისა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელის მიერ გასავლელი ფიზიკური მომზადების ნორმატივები დადგენილი იყო „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 სექტემბრის №530 ბრძანების შესაბამისი დანართებით, რაც არ წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას. ასევე, აღსანიშნავია, რომ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2018 წლის 02 თებერვლის სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებულია „სსიპ-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალური პროფესიული მომზადების (სწავლების) ფორმების, შეფასების სისტემისა და საწარმოო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2013 წლის 22 მარტის №87 ბრძანება, რომელსაც 2018 წლის 17 იანვარს სათანადო წესით გაეცნო მ. შ-ე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი