დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 16.09.2021
საქმის ნომერი
ბს-219(კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-219(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 26 ივნისს თ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელიც 1996 წლიდან 2002 წლის მარტამდე რეგისტრირებულ იქნა დევნილად ქ. თბილისში, ...ო „...ში“. 2002 წლის მარტში კი მან ფაქტობრივად შეწყვიტა თანაცხოვრება მის ყოფილ მეუღლესთან - კ. გ-თან და საცხოვრებლად გადავიდა ნათესავთან. შესაბამისად, იგი გადამისამართდა ქ. თბილისში, ...ის ქ. #79-ში, რის შემდეგაც მასზე გაცემულ იქნა ახალი დევნილის მოწმობა და ცალკე ოჯახის ნომერი მიენიჭა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი 2006 წელს დარეგისტრირდა და მას შემდეგ ცხოვრობს მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. #4, ... ...ში. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს კი ადასტურებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ფაქტის კონსტატაცია და მოპასუხის მიერ მოსარჩელის არაერთი შემოწმების დამადასტურებელი ფაქტი. მოსარჩელე წლების მანძილზე მიმართავდა სამინისტროს მის სარგებლობაში არსებულ მისამართზე საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2009 წლის 23 დეკემბერს ქ. თბილისში, ...ის ქ. #4, ... ...ში მდებარე უძრავი ქონება იჯარის ხელშეკრულებით გადაეცა ააიპ „...ოს“, რის შესახებაც მოსარჩელეს ინფორმაცია არ მიუღია. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2018 წლის მარტში ჩაჰბარდა სარჩელი, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო ითხოვდა მოსარჩელის გამოსახლებას უძრავი ქონებიდან, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თ. გ-ი იყო კომპენსირებული. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მოპასუხისგან გამოითხოვა დოკუმენტაცია კომპენსირების შესახებ, რის შემდეგაც მოპასუხემ წარადგინა 2004 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებდა, რომ ...ო „...ში“ #... და #... ოთახების მაცხოვრებლებს მიღებული ჰქონდათ კომპენსაცია, აღნიშნულს კი ხელმოწერით ადასტურებდა კ. გ-ი, რომელიც ყველა სრულწლოვანი ოჯახის წევრის სახელით აცხადებდა თანხმობას. ოჯახის უფროს წევრად მითითებული იყო თ. გ-ი, თუმცა სანოტარო აქტს იგი ხელს არ აწერდა.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კომპენსაციის გაცემის დღისთვის იგი აღარ იმყოფებოდა ქორწინებაში კ. გ-თან და 2004 წლის 20 ოქტომბრიდან რეგისტრირებული იყო სხვა მისამართზე, სხვა ოჯახის ნომრით, რასაც ადასტურებდა მოპასუხის მიერ წარდგენილი სანოტარო აქტი. შესაბამისად, იგი ვერ მიიღებდა კომპენსაციას ...ო „...ში“.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 9 ნოემბრის #01-01/07/26921 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის კომპენსირებულთა სიიდან თ. გ-ის ამორიცხვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 9 ნოემბრის #01-01/07/26921 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე თ. გ-ის კომპენსირებულთა სიიდან ამორიცხვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, თ. გ-ი და მისი ყოფილი მეუღლე - კ. გ-ი 1996 წლიდან ერთ სარეგისტრაციო ნომერზე (#...) იყვნენ რეგისტრირებულები ...ო „...ს“ შენობაში, თუმცა 2002 წლის შემდეგ, თ. გ-მა რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და მას ახალი სარეგისტრაციო ნომერი მიენიჭა (#...). შესაბამისად, 2002 წლიდან ისინი ცალ-ცალკე ოჯახებად იყვნენ დარეგისტრირებულები და რეალურად ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ოჯახები ერთ ოჯახად არ უნდა მიეჩნია. შესაბამისად, 2004 წლის 20 ოქტომბერს კ. გ-ის მიერ ერთჯერადი კომპენსაციის მიღება ქ. თბილისში, ...ის ...-ში მდებარე ს/ს „...ო ...ში“ დაკავებული #... და #... ოთახების გამოთავისუფლების სანაცვლოდ, ვერ ჩაითვლებოდა მოსარჩელის კომპენსაციით დაკმაყოფილებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, 2002 წლის აპრილიდან 2006 წლის სექტემბრამდე თ. გ-ი დამისამართებული იყო გლდანის რაიონში, ...ის ქ. #79-ში. 2006 წლის სექტემბრიდან თ. გ-ი გადამისამართდა დიდუბის რაიონში, ...ის ქუჩაზე მდებარე ... ...-ის შენობაში, ხოლო 2008 წლის ივლისიდან იგი რეგისტრირებულია ქ. თბილისში, დიდუბე - ...ის ქ. #4-ში. მართალია, სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, თ. გ-ი 2002 წლის აპრილიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. #79, თუმცა, ეს არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ...ო „...ს“ შენობაში. კასატორი განმარტებით, როდესაც ხდებოდა დევნილი ოჯახების მიერ ინვესტორის კუთვნილებაში არსებული საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლება საკომპენსაციო თანხების გაცემის შემდეგ, ინვესტორი სწავლობდა ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახის წევრთა შემადგენლობას და დაკავებული ოთახების რაოდენობის მიხედვით, ხდებოდა საკომპენსაციო თანხის გაცემა. შესაბამისად, თუკი მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არასწორად მოხდა ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლა, მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს მხოლოდ ინვესტორი - ს/ს ...ო „...“.

კასატორის განმარტებით, იმ გარემოებას, რომ თ. გ-ი ნამდვილად ცხოვრობდა ...ო „...ში“ და დაკავებული ჰქონდა ...ო #... და #... ოთახები, ადასტურებს წარმოდგენილი სია, რომლის შესაბამისად მოსარჩელე მითითებულ მისამართზე ფიქსირდება ფაქტობრივ მაცხოვრებლად. ასევე, შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების დაზუსტების მიზნით, სამინისტროს თანამშრომლების მიერ, განხორციელდა აღნიშნულ მისამართზე ვიზიტი, რა დროსაც თ. გ-ი ადგილზე არ იმყოფებოდა, ხოლო თ. ც-ესა და ააიპ „...ოს“ პრეზიდენტთან - ნ. ი-თან გასაუბრების დროს გაირკვა, რომ ეს უკანასკნელი მის მიერ დაკავებულ ფართში ცხოვრობს პერიოდულად და არა მუდმივად. რაც შეეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 25 დეკემბრის ოქმს ფაქტების კონსტატაციის შესახებ, ბუნებრივია, იგი ვერ ასახავს რეალურ სიტუაციას 2004 წლის მდგომარეობით, დაკმაყოფილდათუ არა, ოჯახი საკომპენსაციო თანხით. ბიუროს არ ჩაუტარებია გამოკითხვა, რითიც დაადასტურებდა, რომ თ. გ-ი ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ...ის ქ. #4. აღსრულების ეროვნული ბიურო დაეყრდნო მხოლოდ კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელ ორ ქვითარს.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე ხელმომწერმა პირმა, ოჯახის უფროსმა - კ. გ-მა, დაადასტურა, რომ იყო ერთადერთი უფლებამოსილი წარმომადგენელი და იძლეოდა გარანტიას, რომ მიღებული ჰქონდა #... და #... ოთახებში განთავსებული ყველა სრულწლოვანი ოჯახის წევრის თანხმობა, მათი სახელით გაეფორმებინა ხელშეკრულება. ამდენად, გარემოება, რომ ...ო „...დან“ მოხდა დევნილი ოჯახების გამოსახლება კანონით გათვალისწინებული და ინვესტორსა და კონკრეტულ ოჯახებს შორის შეთანხმებული ფულადი კომპენსაციების სანაცვლოდ, საყოველთაოდ ცნობილი გარემოებაა და ცხადია, ამის შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელისთვისაც, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ხსენებულ ...ოში. თ. გ-ისთვის ასევე ცნობილი იყო მის მეუღლესა და ინვესტორს შორის ნოტარიულად გაფორმებული ხელშეკრულება ფართის გამოთავისუფლების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სადაოდ არ გაუხდია ხსენებული ხელშეკრულება და თუ მიაჩნდა, რომ ამ ხელშეკრულებით დაირღვა მისი უფლება, მას 14 წლის განმავლობაში სამართლებრივი გზით დავის შეუზღუდავი უფლება ჰქონდა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სახეზეა ინვესტორ კომპანიასა და მოსარჩელის ოჯახს შორის დადებული ნოტარიული ხელშეკრულება (რომლის გაფორმების დროს მხარეთა უფლებამოსილებები შემოწმებული იყო ნოტარიუსის მიერ და ამ უფლებამოსილების ნამდვილობაზე მითითებულია სანოტარო აქტში), რომლის საფუძველზეც მოსარჩელე სამინისტროს ბაზაში აღრიცხულია როგორც კომპენსირებული პირი - ამ კონკრეტული ხელშეკრულების ბათილობის გარეშე სარჩელის მოთხოვნას არანაირი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

კასატორის მითითებით, თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. შეფასების შედეგად, თითოეულ დევნილ ოჯახს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. სახელმწიფოს ძირითადი რესურსი, რომელსაც იგი იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოუყოფს, მიმართულია უსახლკაროდ დარჩენილი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ მოსარჩელის მიმართ მონაცემთა ბაზაში არსებული ჩანაწერის მოხსნა ავტომატურად გამოიწვევს იმგვარ სამართლებრივ შედეგს, რომ იგი სახელმწიფოს მიერ კვლავ უნდა დაკმაყოფილდეს ფულადი კომპენსაციით ან საცხოვრებლით, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან, ვინაიდან კანონი ითვალისწინებს დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას და არა ამ ოჯახების ცალკეულ წევრთა უზრუნველყოფას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 9 ნოემბრის #01-01/07/26921 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის კომპენსირებულთა სიიდან თ. გ-ის ამორიცხვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ამავე მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 9 ნოემბრის #01-01/07/26921 წერილის შესაბამისად, თ. გ-ი დევნილად რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...ის ქ. #4-ში და მასზე გაცემულია საკომპენსაციო თანხა, სამინისტროს 2017 წლის 13 ივნისის #01-01/07/15390 წერილით თ. გ-ს ეცნობა, რომ იგი სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით დაკმაყოფილებულია სახელმწიფოსგან კომპენსაციით ...ო „...ში“ #... და #... ოთახების გამოთავისუფლების სანაცვლოდ.

დადგენილად არის მიჩნეული, რომ მართალია, თ. გ-ი და კ. გ-ი 1996 წლიდან ერთ სარეგისტრაციო ნომერზე (#...) იყვნენ რეგისტრირებულები ...ო „...ს“ შენობაში, თუმცა 2002 წლის შემდეგ, თ. გ-მა რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და მას ახალი სარეგისტრაციო ნომერი მიენიჭა (#...). შესაბამისად, 2002 წლიდან ისინი ცალ-ცალკე ოჯახებად იყვნენ დარეგისტრირებულები და რეალურად ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ. მათი სხვადასხვა საცხოვრებელ ფართებში ცხოვრება კი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კერძოდ, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2007 წლის 16 აგვისტოს #01/01-35/1858 ცნობით დგინდება, რომ თ. გ-ის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს - ...ის ქუჩა #4, ... ... . 2008 წლის 7 აპრილს განხორციელებული დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა აღწერით დადგინდა, რომ თ. გ-ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს - ქ. თბილისი, ...ის ქ. #4, ...ი .... მოსარჩელის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია ასევე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2009 წლის 18 თებერვლის #05/01-07/301 და 16 დეკემბრის #05/01-07/2602 ცნობებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 27 აგვისტოს #05/01-07/44524 ცნობით და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის, ...ის ქ. #4-#8-ში, ...ის ქ. #15-ში, ...ის #137ა-ში, ...ის ქ. ...-ში მაცხოვრებლების წერილობითი განმარტებით. ასევე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 25 დეკემბერს განხორციელებული შემოწმებით. აღნიშნული ფაქტები კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული პირები ერთობლივად არ ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას, რაც სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, ერთ-ერთ სავალდებულო ელემენტს შეადგენს პირების დევნილ ოჯახად მიჩნევისათვის.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი დევნილი ოჯახის ცნებიდან გამომდინარე, პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ პირების ერთად ცხოვრების ფაქტი, ამდენად მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული ოჯახების ერთ ოჯახად მიჩნევა. შესაბამისად, 2004 წლის 20 ოქტომბერს კ. გ-ის მიერ ერთჯერადი კომპენსაციის მიღება ქ. თბილისში, ...ზე ... მდებარე სს ...ო „...ში“, მის მიერ დაკავებული #... და #... ოთახების გამოთავისუფლების სანაცვლოდ, ვერ ჩაითვლება მოსარჩელის კომპენსაციით დაკმაყოფილებად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თ. გ-ი, მიუხედავად სხვა მისამართზე რეგისტრაციისა, 2004 წლის 20 ოქტომბერს, კ. გ-ის მიერ ერთჯერადი კომპენსაციის მიღების დროს, ცხოვრობდა კ. გ-თან ერთად, ერთ ოჯახად, მისამართზე, ქალაქ თბილისში, ...ზე ... მდებარე სს ...ო „...ში“, ვინაიდან საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე კასატორის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ინვესტორი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილზე განხორციელებული არაერთი ვიზიტების და მოსახლეობის აღწერების გზით სწავლობდა ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახის წევრთა შემადგენლობას და დაკავებული ოთახების რაოდენობის მიხედვით ახდენდა საკომპენსაციო თანხის გაცემას.

რაც შეეხება კასატორის მითითებას რომ კ. გ-ს ჰქონდა #... და #... ოთახებში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის, მათ შორის თ. გ-ის თანხმობა ხელშეკრულების გაფორმებაზე და თუ თ. გ-ი არ ეთანხმებოდა აღნიშნულს, ხელშეკრულება უნდა გაეხადა სადავოდ კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაში ზოგადად არის მითითებული #... და #... ოთახებში განთავსებული ყველა სრულწლოვან წევრზე და როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ თ. გ-ი იმ დროისთვის ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, ...ზე ...-ში მდებარე ს/ს „...ო ...ში“, #... და #... ოთახებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა