საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 132-აპ 12 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა ადვოკატ თ.დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAსააპელაციო პალატის 2003 წ. 10 აპრილის განაჩენზე კ. გ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 23 იანვრის განაჩენით კ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 10 აპრილის განაჩენით კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განაჩენი კ. გ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით კ.გ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2002 წ. 9 ივლისს კ. გ-მ და ჯ. კ-მა ფულის შოვნის მიზნით განიზრახეს, გაექურდათ რომელიმე საცხოვრებელი ბინა. აღნიშნულის სისრულეში მოსაყვანად წავიდნენ ქ.თბილისში, თავისუფლების მოედანზე, თან წაიღეს ბინაში შესაღწევ საშუალებათა გადასაზიდად დიდი ზომის ხელჩანთა. 10 ივლისს, ღამის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ავიდნენ ინგოროყვას ქუჩაზე, სადაც შეარჩიეს მოქალაქე ნ.მ-ს ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ¹19/17, დარწმუნდნენ რა, რომ ბინაში არავინ იმყოფებოდა, წინასწარ მომარჯვებული ბრტყელტუჩას მეშვეობითYამოიღეს შესასვლელი კარის მინა და უკანონოდ შეაღწიეს ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ ნ.მ-ს კუთვნილ, 100 ლარად ღირებულ 21 ცალ უცხოური წარმოების თეფშს, 150 ლარად ღირებულ 6 ცალ უცხოური წარმოების ლარნაკს, ა.ქ-ს კუთვნილ, 100 ლარად ღირებულ 8 შეკვრა შპალერს, 100 ლარად ღირებულ ინგლისური წარმოების პატეფონს და 150 ლარად ღირებულ უცხოური წარმოების უნიტაზს, 100 ლარად ღირებული წყლის ავზით, რითაც რ.მ-ს მიაყენეს 250 ლარის, ა.ქ-ს კი _ 450 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. იმავე ღამეს კ.გ. დააკავეს პოლიციელებმა. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებულ იქნა ნ.მ-ს კუთვნილი, 100 ლარად ღირებული 21 ცალი თეფში, 150 ლარად ღირებული 6 ცალი ლარნაკი, მათ შორის, ერთი გატეხილი, ა.ქ-ს კუთვნილი, 100 ლარად ღირებული 8 შეკვრა შპალერი და 150 ლარად ღირებული უნიტაზი ავზის გარეშე, რაც დაუბრუნდათ დაზარალებულებს. ჯ.კ-მა შეძლო მიმალვა.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ.დ. საკასაციო საჩივრით ითხოვს კ.გ-ს მიმართ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებას და მისთვის სასჯელის კმარებას იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები; იგი პირველადაა სამართალში; აქვს ქურდობის ერთი ეპიზოდი, რაც მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და უმუშევრობამ ჩაადენინა; მან თავიდანვე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და მას მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არა აქვს; კ.გ. არის დედისერთა; მისი მშობლები 8 წელია, ერთად არ ცხოვრობენ; დედამისი არის მძიმე ავადმყოფი, აყვანილია აღრიცხვაზე ონკოლოგიურ საავადმყოფოში და მის გარდა პატრონი არავინ ჰყავს.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ.მ. მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
პროკურორი ე.ქ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს კ.გ0ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია და არც საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ კ.გ-მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა კ.გ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლევი არ არის, კმაყოფაზე ჰყავს მძიმე ავადმყოფი დედა, რომელსაც მის მეტი მარჩენალი არავინ ჰყავს, მის მიერ დანაშაულის ჩადენა განაპირომა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული მატერიალური ზიანი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არა აქვს, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ.გ-ს გამოსწორება შეიძლება სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კ.გ-ს მიმართ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, დანიშნული სასჯელი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 10 აპრილის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ კ. გ-ს დანიშნული სასჯელი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი.
მსჯავრდებული კ. გ. გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
მსჯავრდებულ კ.გ-ს დაევალოს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სააღსრულებო ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.