საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 184-აპ 17 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ბ. წ-სა და დაზარალებულ მ. დ-ს საკასაციო საჩივრები აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის განაჩენი ბ. წ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის განაჩენით ბ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 წელი.
ზემოთ მითითებული განაჩენი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 სექტემბრის განჩინებით დატოვებულ იქნა უცვლელად.
ბ. წ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა მ. დ-ს, რაც გამოიხატა შემდეგში:
2000წ. 23 ნოემბერს, დაახლოებით 14 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. მახვილაურში, რ. წ-ს საცხოვრებელ სახლში გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ აჭარის ა/რ შს სამინისტროს თანამშრომლებთან მომხდარი კამათისა და ჩხუბის დროს, მსჯავრდებულმა ბ. წ-მ სახის არეში ხელის გარტყმით პოლიციელ მ. დ-ს მიაყენა ქვედა ყბის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, დაკავშირებულს ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ბ. წ. აღნიშნავს, რომ მისი ძმის _ რ. წ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში პოლიციელებსა და იქ მყოფ ხალხს შორის მომხდარი ინციდენტი, ძირითადად, გამოიწვია პოლიციის მუშაკების მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ – ისინი ჩხრეკის ჩასატარებლად სათანადო დოკუმენტის გარეშე, ძალის გამოყენებით ცდილობდნენ სახლში შეღწევას.
კასატორის განცხადებით, თვითონ შემთხვევის ადგილზე მივიდა მოგვიანებით, ჩხუბი უკვე დამთავრებული იყო და, ამდენად, მ. დ-სათვის არანაირი დაზიანება არ მიუყენებია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ბ. წ. ითხოვს მის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული ბ. წ. და ადვოკატი ი. ა. მხარს უჭერენ საკასაციო საჩივარს.
საკასაციო საჩივარში დაზარალებული მ. დ. მიიჩნევს, რომ ბ. წ-ს ქმედება არასწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგან მის მიერ ჩადენილია ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ითხოვს განაჩენის გაუქმებას.
პროკურორმა ა. ს-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრების მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი ემყარება სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, მსჯავრდებულმა ბ. წ-მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში – უარყო მ. დ-სათვის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, მაგრამ ბრალდება მის მიმართ დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
დაზარალებული მ. დ. თანმიმდევრულ ჩვენებებში დეტალურად აღწერს მომხდარ ფაქტს და ადასტურებს, რომ პოლიციელებთან ერთად რომან წულუკიძის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად მისულს, იქ შეკრებილმა ხალხმა დაუწყო კამათი და ჩხუბი, რა დროსაც ბ. წ-მ სახეში ხელის გარტყმით მიაყენა სხეულის დაზიანება. დაზარალებულ მ. დ-ს განმარტებით, შემთხვევამდე იგი ბ. წ-ს არ იცნობდა და მის მიმართ არანაირი ინტერესი არა აქვს.
ის, რომ დაზარალებულმა მ. დ-მ სხეულის დაზიანება მიიღო სწორედ ბ. წ-ს ხელის გარტყმის შედეგად, უტყუარადაა დადასტურებული შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციის მუშაკების, მოწმედ დაკითხულების _ გ. ქ-სა და ჯ. ბ-ს ჩვენებებით, ასევე საქმის ერთობლივი მასალების ანალიზით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზიანებები, რომლებიც მიიღო მ. დ-მ 2000წ. 23 ნოემბერს – ქვედა ყბის ორმხრივი ღია მოტეხილობა, ქვედა ტუჩის მარცხენა ნახევრის პარსეუზის და თავის ტვინის შერყევის სახით – მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.
ზემოთ მითითებულის გამო, პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ ბ. წ-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას მ. დ-ის არანაირი დაზიანება არ მიუყენებია და არ არსებობს მისი დანაშაულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასევე თვლის, რომ სასამართლოს განაჩენი ბ. წ-ს ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში სწორია და არ იზიარებს დაზარალებულ მ. დ-ს საკასაციო საჩივარს, ბ. წ-ს ქმედების სსკ-ის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკვალიფიცირების მოტივით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ ბ. წ-ს სასჯელი შეეფარდა ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 სექტემბრის განაჩენი ბ. წ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.