საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 04.07.2003
საქმის ნომერი
2კ-101დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 101-დად 4 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ი. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მათაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული კრწანისისი-მთაწმინდის რაიონული პროკურატურის გამომძიებელ ვ. ც-ს მიერ ვ. კ-ს გარდაცვალების ფაქტზე გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 24 ნოემბერს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მოქალაქე ნ. კ. ვაკის პარკში სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც სასწრაფო დახმარებით მოთავსებულ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

2002წ. 30 დეკემბერს ვ. იგივე ნ. კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ პროკურატურაში ჩატარდა მოკვლევა, რის შედეგად 2003წ. 19 იანვარს გამომძიებელ ვ. ც-ს მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო /საფუძველი _ საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი/.

აღნიშნულ დადგენილებას არ დაეთანხმა ი. მ. და მან საჩივრით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც ითხოვდა გამომძიებელ ვ. ც-ს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებასა და მასალების პროკურატურისათვის გადაცემას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

სასამართლომ საჩივარი განიხილა 2003წ. 31 მარტს, არ დააკმაყოფილა ი. მ-ს მოთხოვნა და პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილება დატოვა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრით ი. მ. ითხოვს ვ. კ-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მიაჩნია, რომ სრულყოფილად არ მომხდარა ვ. კ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალების მოკვლევა.

პალატის სხდომაზე ი. მ-მა მხარი დაუჭირა თავის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

პროკურორმა გ. პ-მა ვრცლად მიმოიხილა მასალები. მან აღნიშნა, რომ ვ. კ-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და მიღებულია სავსებით კანონიერი გადაწყვეტილება. პროკურორმა აღნიშნა, რომ, ი. მ-ს შეუძლია მიმართოს პროკურატურას, თუკი თვლის, რომ სხვადასხვა პირების მიერ გაყალბდა დოკუმენტაცია. მის განცხადებას შეისწავლიან, შეამოწმებენ და გადაწყვეტენ. პროკურორმა იშუამდგომლა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 მარტის დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ კრანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 მარტის დადგენილება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ამავე რაიონული პროკურატურის 2003წ. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: ჩატარებული მოკვლევით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ აწ გარდაცვლილი ვ. კ. დაავადებული იყო და დასმული ჰქონდა დიაგნოზი: რეაქტიული სიტუაციური მდგომარეობა ადაპტაციის დარღვევით.

შემთხვევის მნახველი პირების: ნ. ჯ-სა და ნ. უ-ს განმარტებებით დადგენილია, რომ 2002წ. 24 ნოემბერს ვერის ბაღში, შეკრებილი იყო უამრავი ხალხი, იქ მყოფთა გადმოცემით, ასაკოვანი ქალბატონი სეირნობის დროს გადავარდა ხევში, რომელიც იქვე მყოფმა პირებმა ამოიყვანეს, დაზარალებულმა განაცხადა, რომ იყო ნ. კ., მაგრამ თავისი მისამართი ვერ გაიხსენა. იგი არ ითხოვდა შველას და არც არავის ადანაშაულებდა მომხდარში. ანალოგიური განმარტებები აქვთ მიცემული გ. უ-სა და გ. ო-ს.

დადგენილ იქნა ის გარემოებაც, რომ ვ. კ. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. იგი დაბადებული იყო 1926 წელს, იყო ავადმყოფი. გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევა არ მომხდარა.

პალატა თვლის, რომ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით მოკველევა ჩატარებულია სრულყოფილად და არ არსებობს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმების საფუძველი.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ, თუკი ი. მ-ს მიაჩნია, რომ ვ. კ-ს მიმართ ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა დოკუმეტაციის გაყალბებას, ამის შესახებ მან ცალკე განცხადებით უნდა მიმართოს პროკურატურას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 242-ე, 243-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. მ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 მარტის დადგენილება, რომლითაც ძალაში იქნა დატოვებული ამავე რაიონული პროკურატურის 2003 წლსი 19 იანვრის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.