განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 20.06.2003
საქმის ნომერი
2კ-121დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.06.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 121-დად 20 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის ¹1 საპყრობილის დირექტორის წარდგინება მისი პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წ. 10 ოქტომბრის განაჩენით გ. ბ-ს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მეორე ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წ. 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსი) სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წ. ბრძანებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს მოუხდელი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით შეეცვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. გ. ბ. 2001 წ. 17 აგვისტოს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის I ნაწილით და შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. 2002 წ. 10 ოქტომბერს გ ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის II ნაწილის “ა”, “გ”, “ი” ქვეპუნქტებით და 378-ე მუხლის III ნაწილით და შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით გ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა დანიშნულ სასჯელზე ნაკლები _ 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ქ. თბილისის ¹1 საპყრობილის დირექტორმა 2003 წ. 18 აპრილს წარდგინებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს გ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2003 წ. 29 აპრილის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული ნასამართლევია 3-ჯერ, ბოლო ნასამართლეობისას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წელი, რაც სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა 1 წლითა და 6 თვით. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი არ დაადგა გამოსწორების გზას. საპატიმრო ადგილებში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა მძევლად ხელში ჩაგდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის ძალადობის მუქარით.

პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულს მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის სამი მეოთხედი. მას მოსახდელი დარჩა ორი თვე და 10 დღე. იგი სასჯელს იხდის თბილისის ¹1 საპყრობილის სამეურნეო სამსახურში, ხასიათდება დადებითად, დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რაიონული სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნას იმის შესახებ, რომ გ. ბ-ს მიმართ მიზანშეუწონელია პირობით ვადამდე განთავისუფლების გამოყენება იმის გამო, რომ იგი სამჯერ არის ნასამართლევი, ამავე დროს მას ბოლო განაჩენით შეეფარდა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთ წლამდე და ექვს თვემდე. როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, გ. ბ-ს მოხდილი აქვს მის მიერ ჩადენილი განსაკუთრებული მძიმე დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელის სამი მეოთხედი. გ. ბ. სასჯელს იხდის თბილისის ¹1 საპყრობილის სამეურნეო სამსახურში.

ქ. თბილისის ¹1 საპყრობილის დირექტორი 2003 წ. 18 აპრილის წარდგინებით მას ახასიათებს დადებითად. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ¹1 საპყრობილის წარმომადგენელმა ნ. გ-მა ასევე დადებითად დაახასიათა მსჯავრდებული. ნ გ-ს ჩვენებითა და საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ გ. ბ. ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიმართ თავაზიანია, მას სასჯელის მოხდისას რეჟიმი არ დაურღვევია, იგი დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს კეთილსინდისიერად.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ გ. ბ-ს მოსახდელი დარჩა შეფარდებული სასჯელიდან მხოლოდ ორი თვე და 10 დღე, საკასაციო პალატა თვლის, რომ იგი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე უნდა გათავისუფლდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე, 610-ე, 623-ე და სსკ-ის 72-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 29 აპრილის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის ¹1 საპყრობილის დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ გ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე, შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

მსჯავრდებული გ. ბ. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდეს პირობით ვადამდე.