განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 25.06.2003
საქმის ნომერი
2კ-125აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.06.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 125-აპ 27 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ქ. ფ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 17 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ქ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960 წ. სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ღონისძიებად დაენიშნა ჯარიმა 250 მინიმალური დღიური ანაზღაურების ოდენობით, ანუ 500 ლარი.

საკასაციო საჩივარი ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მსჯავრდებულის უდანაშაულობის მოტივით.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით ქ. ფ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული – თვითნებობა გამოიხატა შემდეგში:

1998 წ. 27 იანვარს ქ. ფ-მა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ბინა, მდებარე ... ქ. თბილისში მიჰყიდა მოქალაქე ნ. კ-ს. ამ უკანასკნელმა შეასრულა თავისი ვალდებულება. მიუხედავად ამისა, ქ. ფ-მა ბინა არ გაათავისუფლა, რის გამოც ნ. კ-მა სასამართლო წესით მოითხოვა ფ-ს ბინიდან გამოსახლება. სასამართლოს 1998 წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. კ-ს მოთხოვნა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იძულებითი წესით აღსრულებულ იქნა 1999 წ. 13 ივლისს. მიუხედავად ამისა, ქ. ფ. თვითნებურად შეიჭრა თავის ყოფილ ბინაში, გამოცვალა საკეტი და დაიკავა ბინა.

საკასაციო საჩივარი განაჩენის გაუქმების საფუძვლად მიუთითებს როგორც საპროცესო დარღვევებზე, ასევე არსებითად, მსჯავრდებულის უდანაშაულობაზე.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ლ. ხ-მ და მსჯავრდებულმა ქ. ფ-მა ითხოვეს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა მისი უდანაშაულობის მოტივით.

პროკურორმა ე. ქ-მ იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება საოლქო სასამართლოში ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განაჩენი და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია არასრულად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის გარეშე, რითაც დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები.

გამომძიებელმა ქ. ფ-ს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის დადგენილება გამოიტანა 2000 წ. 18 იანვარს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამ დროისათვის ნ. კ-ს სადავო ბინა უკვე გაყიდული ჰქონდა სხვა პირზე. საბრალდებო დასკვნითა და განაჩენით ახსნილი არ არის, ასეთ შემთხვევაში რაში გამოიხატა ნ. კ-სათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი.

გამომძიებელმა დაზარალებულად ცნო მოქალაქე ვ. ბ-ც, მაგრამ ქ. ფ-სათვის წარდგენილ ბრალდებასა და საბრალდებო დასკვნაში ეს არ გამოხატულა.

ქ. ფ. როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტავდა, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს ნ. კ-მა და მისმა პარტნიორებმა და მოტყუებით დაადებინეს ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. ეს მოსაზრება გარკვეულად დადასტურებულია ბინიდან გამოსახლების დავის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებულია, რომ ქ. ფ. მოატყუეს ნ. ბ-მა და სხვა პირებმა და არ გადაუხადეს შესაბამისი თანხა. ამასთან დაკავშირებით ქ. ფ. წინასწარი გამოძიების დროს აცხადებდა, რომ ნ. ბ-ს მიმართ თაღლითობის კვალიფიკაციით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ამ საკითხით გამოძიება არ დაინტერესებულა და არ შეუსწავლია, მართლაც თუ იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ნ. ბ. რა კავშირში იმყოფებოდა ნ. კ-თან.

ნ. კ-სა და მის პარტნიორთა ქმედება გარკვეულ ეჭვს ბადებს თუნდაც იმიტომ, რომ მან ქ. ფ-ს ბინის შესყიდვა სანოტარო წესით გაიფორმა 10000 ამერიკულ დოლარად, ხოლო რამდენიმე თვეში იგივე ბინა გაყიდა 1500 ლარად.

ამრიგად, გამოძიებასა და სასამართლოს სრულყოფილად და ობიექტურად არ გაურკვევიათ, ქ. ფ-მა თავისი ქმედებით მართლაც მიაყენა სხვა პირს (კონკრეტულად ვის?) მნიშვნელოვანი ზიანი, თუ თვითონვე იცავდა თავის ქონებას სხვა პირთა უკანონო მოქმედებისაგან. ამ არსებითი საკითხის სრულყოფილ გამოკვლევამდე, სამოქალაქო დავის საგანზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ნაადრევია ქ. ფ-ს დამნაშავედ თუ უდანაშაულოდ ცნობის საკითხის გადაწყვეტა.

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ სასამართლომ ქ. ფ-ს ქმედება დააკვალიფიცირა რა ადრე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, სასჯელის ღონისძიება განუსაზღვრა ახალი კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლის სანქციაც უფრო მკაცრია, ვიდრე ამას ის მუხლი ითვალისწინებდა, რომლითაც დადგენილია განაჩენი. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა.

პალატას მიაჩნია, რომ საქმის საბოლოო ბედი უნდა გადაწყდეს მხოლოდ სრულყოფილი გამოძიების შემდეგ, რომლის თაობაზეც განჩინებაში ზემოთ არის მითითებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 17 იანვრის განაჩენი ქ. ფ-ს მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.