საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 03.07.2003
საქმის ნომერი
2კ-127დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 127-დად 3 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 30 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება ვ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 26 თებერვლის განაჩენით ვ. ბ., _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე, 236-ე მუხლებით (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი) და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ვ. ბ. სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2006 წლის 4 იანვარს. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 18 მაისის განკარგულებით მას სასჯელი შეუმცირდა 1 წლითა და 4 თვით.

2003 წლის 27 მაისს (სასჯელის ¾3/4-ის მოხდის შემდეგ) ქ. რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ვ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ თავისი 2003 წლის 30 მაისის დადგენილების წარდგინება არ დააკმაყოფილა.

კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ვ. ბ. ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ სასჯელის მოხდის პირობა არ დაურღვევია, იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორი ო. რ. ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 30 მაისის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ გამოიკვლია წარმოდგენილი მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 30 მაისის დადგენილება მსჯავრდებულ ვ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულმა ვ. ბ-მა მართალია მოიხადა დანიშნული სასჯელის 3/4, რაც მოცემული კატეგორიის დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის მესამე ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების აუცილებელი პირობაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ბ. სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და მოსახდელად დარჩენილი აქვს შეფარდებული სასჯელის საკმაოდ დიდი ნაწილი _ 3 წელი, 6 თვე და 27 დღე, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ამ ეტაპზე მისი პირობით ვადამდე გათავისუფლება, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატაც. ამდენად, პალატა არ იზიარებს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ვ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 30 მაისის დადგენილება ვ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.