განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 129-დად 1 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,ნ. კლარჯეიშვილი
განიხილა კახეთის საოლქო პროკურატურის კერძო საკასაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა ნ. ა-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 11 დეკემბერს სიღნაღის რაიონის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციის მუშაკ ნ. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
1999 წლის 11 დეკემბერს სიღნაღის რაიონის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ნ. ა-ს მიმართ.
თავდაპირველად ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი: 1999 წლის 11 დეკემბერს სიღნაღის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების წნორის ქვეგანყოფილებამ მიიღო შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, რის საფუძველზეც ამავე ქვეგანყოფილების ინსპექტორი ნ. ა., რიგითი პოლიციელი გ. ჩ. და ზ. დ. ამ უკანასკნელის კუთვნილი “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანით მივიდნენ დაბა წნორში, ... ქუჩის შესახვევში მცხოვრებ თანდაშვილების სახლთან. პოლიციაში მიღებული შეტყობინების მიხედვით, სოფ. ... მცხოვრებლებმა ზ. ბ-მა და დ. ნ-მა დაახლოებით დილის 5 საათზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თანდაშვილების ოჯახში სტუმრად მყოფ მ. ფ-ს და კვლავ აგრძელებდნენ ასეთ ხულიგნურ ქმედებას.
როდესაც გ. ჩ. და ზ. დ. თანდაშვილების სახლთან მივიდნენ, ზ. ბ. სახლის შესასვლელის გასწვრივ გაჩერებულ “ვაზ-21011” მარკის ავტომანქანაში, საჭესთან იჯდა, ხოლო დ. ნ. ესაუბრებოდა იქვე მდგომ ნ. თ-ს. პოლიციელმა ზ. დ-მა თავისი მანქანით წინა მხრიდან გასასვლელი დაუკეტა ზ. ბ-ს მანქანას, ამ დროს ზ. ბ-მა აამუშავა თავისი მანქანის ძრავა და დაიწყო უკუსვლით მოძრაობა. ნ. ა-მა განიზრახა რა მისი დაკავება, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, დაარღვია პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 და მე-13 მუხლების მოთხოვნები და “მაკაროვის” სისტემის ტაბელური პისტოლეტიდან პირდაპირი დამიზნებით ორჯერ გაისროლა ზ. ბ-ს მოძრავი ავტომანქანის მიმართულებით, რითაც დაუზიანა წინა საბურავი. მიუხედავად ამისა, ზ. ბ-მა გააგრძელა უკუსვლით მოძრაობა, ავიდა ... ქუჩაზე, გადაკვეთა წარმოსახვითი ღერძულა ხაზი და გაჩერდა სავალი ნაწილის შუაში. მან უმალვე გადართო სიჩქარის კოლოფი და დაიწყო წინ მოძრაობა. იმავე მომენტში ნ. ა-მა, რომელიც მირბოდა ზ. ბ-საკენ, დაუმიზნა პისტოლეტი ზ. ბ-ს და მესამედ გაისროლა, სროლის შედეგად ზ. ბ-მა მიიღო სასიკვდილო დაზიანება, ნასროლმა ტყვიამ მას გაუგლიჯა ორივე ფილტვი და აორტა.
2000 წლის 30 ნოემბერს ნ. ა-ს ბრალად წარედგინა საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის მესამე ნაწილით, 105-ე მუხლით და 187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2001 წლის 6 ივნისს სისხლის სამართლის საქმე ნ. ა-ს მიმართ ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებით დაბრუნდა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
დაზარალებულ ვ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გააუქმა საოლქო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დააბრუნა თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლომ 2002 წლის 15 მაისის განჩინებით ნ. ა-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე კვლავ დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად და მიზანშეწონილად მიიჩნია, სისხლის სამართლის საქმე აცილებულ ყოფილიყო სიღნაღის რაიონისა და კახეთის რეგიონულ პროკურატურებზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 8 აგვისტოს განჩინებით საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება დარჩა უცვლელად და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გენერალურ პროკურატურას დაუბრუნდა.
2002 წლის 2 ნოემბერს კახეთის საოლქო პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება ნ. ა-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.
2002 წლის 28 ნოემბერს დაზარალებულ ვ. ბ-ს წარმომადგენლებმა თელავის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს 2002 წლის 2 ნოემბერს კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილება ნ. ა-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, რაც თელავის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 დეკემბრის დადგენილებით უცვლელად დარჩა.
ზემოთ აღნიშნული განჩინება კვლავ დაზარალებულის წარმომადგენლებმა გაასაჩივრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 28 იანვრის განჩინებით საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა უშუალოდ გენერალურ პროკურატურას.
2003 წლის 12 მარტს ნ. ა-ს სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი გამოძიების წარმოება უშუალოდ გენერალურმა პროკურორმა დაავალა კახეთის საოლქო პროკურატურას.
2003 წლის 19 აპრილს კახეთის საოლქო პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება ნ. ა-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, რაც დაზარალებულ ვ. ბ-ს წარმომადგენლებმა გაასაჩივრეს თელავის რაიონულ სასამართლოში. თელავის რაიონულმა სასამართლომ 2003 წლის 27 მაისის დადგენილებით გააუქმა პროკურატურის მითითებული დადგენილება ნ. ა-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ პროკურატურამ არ შეასრულა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სავალდებულო მითითებები, კერძოდ კი, საქმის დამატებითი გამოძიება ჩაატარა კახეთის საოლქო პროკურატურამ, მაშინ, როდესაც სასამართლო განჩინებით მისი წარმოება დავალებული ჰქონდა უშუალოდ გენერალურ პროკურატურას.
კასატორი _ კახეთის საოლქო პროკურატურა კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თელავის რაიონული სასამართლოს აღნიშნული დადგენილების გაუქმებას და პროკურატურის დადგენილების ძალაში დატოვებას იმ მოტივით, რომ საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად კახეთის საოლქო პროკურატურას უშუალოდ გენერალურმა პროკურორმა დაავალა.
პროკურორმა ე. ქ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაზარალებულ ვ. ბ-ს წარმომადგენლები _ ლ. ჭ. და ს. უ. მხარს არ უჭერენ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მითითება გენერალური პროკურატურისათვის, რომ მას უშუალოდ ჩაეტარებინა დამატებითი გამოძიება, სავალდებულოა გენერალური პროკურორისთვის და მას უფლება არ ჰქონდა, საქმე დამატებითი გამოძიებისათვის გადაეცა კახეთის საოლქო პროკურატურისათვის.
ლ. ჭ-მა ასევე განმარტა, რომ დამატებითი გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურამ ჩაატარა არაობიექტურად და მიკერძოებულად, რის დადასტურებასაც წარმოადგენს ნ. ა-ს ზეგავლენით, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოწმეთა ჩვენებების შეცვლა, ასევე პროკურატურის მიერ საქმისათვის მნიშვნელოვან ისეთ მტკიცებულებათა ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვება, როგორიცაა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გასროლა მოხდებოდა, მხოლოდ უშუალოდ სასხლეტ კაუჭზე ჩახმახის დაშვებისათვის საკმარისი ძალით ზემოქმედებისას. ლ. ჭ-ს განმარტებით, დამატებითი გამოძიებისას გამომძიებელმა ისე გააკეთა დასკვნა იმის შესახებ, რომ ავტომანქანების შეჯახებისას ნ. ა. მათ შორის წარმოქმნილი კუთხის სივრცეში იდგა და მათ შორის 70- გრადუსიანი კუთხის შემთხვევაშიც არ იყო გამორიცხული მესამე გასროლის შესაძლებლობა იმ სიტუაციაში, რასაც ჩვენებებში აღწერდა ნ. ა., რომ საერთოდ არ ყოფილა გამოკვლეული ეს ვითარება, და არც ექსპერტის ან სპეციალისტისათვის არ მოუსმენიათ ამის შესახებ. ლ.L ჭ-მა ასევე მიუთითა, რომ გამოძიებისას არ შემოწმებულა საკითხი, მოძრაობდა თუ არა დაშვებული საბურავით აწ გარდაცვლილ ზ. ბ-ს ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან მის სრულ გაჩერებამდე, რისი გამოკვლევაც საოლქო სასამართლომ განჩინებით სავალდებულოდ მიიჩნია დამატებითი გამოძიების ჩატარებისას. Lლ. ჭ-ის განმარტებით, წინასწარი გამოძიებისას გაკეთდა დასკვნა იმის შესახებ, რომ ზ. ბ-ს მოქმედება საფრთხეს უქმნიდა სხვა ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მაშინ, როდესაც თვით გამოძიება უარყოფს, შემთხვევის ადგილზე ნ. ა-ს მიერ იარაღის გამოყენებისას სხვა ადამიანთა ყოფნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ე. ქ-ს, დაზარალებულ ვ. ბ-ს წარმომადგენლებს _ ლ. ჭ-სა და ს. უ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2003 წლის 28 იანვარის განჩინებით მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ნ. ა-ს სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი გამოძიება ჩაეტარებინა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ამ მიზნით საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა უშუალოდ გენერალურ პროკურატურას. როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საქართველოს პროკურატურამ მიიღო ნ. ა-ს სისხლის სამართლის საქმე და 2003 წლის 12 მარტს აღნიშნულ საქმეზე დამატებითი გამოძიების ჩატარება უშუალოდ გენერალურმა პროკურორმა დაავალა კახეთის საოლქო პროკურატურას. პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, პროკურატურა არის ცენტრალიზებული და ყველა ქვემდგომი პროკურორი და სხვა მუშაკი გენერალურ პროკურორს ექვემდებარებიან. საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს საქართველოს გენერალური პროკურორი, რომლის მითითებათა შესრულება სავალდებულოა მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების საკითხებზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ამოიღოს ნებისმიერი საქმე და გადასცეს გამოსაძიებლად პროკურატურის გამომძიებელს ან სხვა საგამოძიებო უწყბას. აქედან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა უშუალოდ გამოძიებას აწარმოებს პროკურატურის გამომძიებლის ან სხვა საგამოძიებო უწყების მეშვეობით. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მიიღო რა ნ. ა-ს საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, მან უშუალოდ მიიღო გადაწყვეტილება და ასეთი გამოძიების ჩატარება დაავალა კახეთის საოლქო პროკურატურას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ დამატებითი გამოძიება არ ჩაატარა უშუალოდ გენერალური პროკურატურის გამომძიებელმა, არ შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილების გაუქმების საფუძველი. რაიონულ სასამართლოს არსებითად უნდა ემსჯელა საჩივარში დაყენებულ საკითხებზე და მიეცა შეფასება დამატებითი გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურამ ჩაატარა თუ არა ობიექტურად და მიუკერძოებულად და, თუ კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიების ობიექტურობას საეჭვოდ მიიჩნევდა, აღნიშნული საკითხი უნდა დაეყენებინა გენერალური პროკურორის წინაშე. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულ სასამართლოს ასევე უნდა ემსჯელა: სრულყოფილად იქნა თუ არა ჩატარებული დამატებითი გამოძიება, გამოძიებამ შეამოწმა თუ არა ყველა ის გარემოება, რის შესახებაც საჩივარში ადვოკატები უთითებენ, კერძოდ: მიეცა თუ არა შეფასება ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მითითებულია, რომ გასროლა მოხდებოდა მხოლოდ უშუალოდ სასხლეტ კაუჭზე ჩახმახის დაშვებისათვის საკმარისი ძალით ზემოქმედებისას; მიეცა თუ არა შეფასება მოწმეთა შეცვლილ ჩვენებებს; გამოკვლეულ იქნა თუ არა ამ ჩვენებათა სარწმუნოობა, თუ რატომ იქნა გაზიარებული ერთი და უარყოფილი სხვა ჩვენებები; უარყოფს თუ არა გამოძიება შემთხვევის ადგილზე ნ. ა-ს მიერ იარაღის გამოყენებისას სხვა ადამიანთა ყოფნის Fფაქტს და გამოძიება აკეთებს თუ არა დასკვნას იმის შესახებ, რომ ზ. ბ-ს მოქმედება საფრთხეს უქმნიდა სხვა ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული საკითხებისა და აგრეთვე იმ საკითხების გამოკვლევის შემდეგ, რასაც რაიონული სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს სრულყოფილი გამოძიებისათვის, რაიონულმა სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნისა და საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კახეთის საოლქო პროკურატურის კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 მაისის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა ნ. ა-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება და დაზარალებულ ვ. ბ-ის წარმომადგენლების _ ლ. ჭ-სა და ს. უ-ს საჩივარი საქმის შეწყვეტის დადგენილების გაუქმების შესახებ ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს.