საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 142-აპ 26 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია, დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 23 აპრილის განაჩენზე, რომლითაც წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002 წ. 4 ოქტომბრის განაჩენში გ. გ-ს მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება.
აღწერილობითი ნაწილი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002 წ. 4 სექტემბრის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და ერთობლივად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნულ განაჩენში ცვლილება იქნა შეტანილი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 23 აპრილის განაჩენით: გ. გ-ს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 1 წლით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
განაჩენით გ. გ-ს მსჯავრი დაედო შემდეგში: 2001 წ. სექტემბერში მან შეაღწია და გაქურდა წყალტუბოს რაიონის სოფ. ბანოჯაში მდებარე ა. ვ-ს სააგარაკე სახლი, საიდანაც წაიღო 163 ლარის ღირებულების სხვადასხვა საოჯახო ნივთი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ა. ვ-ს. მანვე, განაწყენებულმა იმით, რომ გაქურდვის ფაქტი ცნობილი გახდა დაზარალებულისთვის, 2002 წ. 8 მარტს, მთვრალმა, ფიზიკური დაზიანება მიაყენა ა. ო-ს, რაც განეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. ასევე 2002 წ. 15 აპრილს გ. გ-მ ცეცხლი წაუკიდა ა. ვ-ს სააგარაკე სახლს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თავის საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული გ. გ. უთითებს, რომ უკანონოა მისი მსჯავრდება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით. იგი მიიჩნევს, რომ ამ დანაშაულთა ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. აქედან გამომდინარე, ითხოვს გამართლებას ამ ნაწილში, ხოლო დანარჩენი ბრალდებებისათვის _ სასჯელის შემცირებას 3 წლამდე.
პროკურორი ბ. გ. ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, დაასკვნა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გ. გ-ს ბრალდება დადასტურებულია დაზარალებულების _ ა. და ნ. ვ-ების როგორც პირველ, ისე სააპელაციო სასამართლოებში მიცემული თანმიმდევრული ჩვენებებით. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ გ. გ-სგან ამოღებულია რკინის საწოლი, რკინის კარადა, ვედრო, ჩექმები, რომლებიც ვ-ეების კუთვნილი ნივთებია. დაზარალებულებმა განმარტეს, რომ როდესაც გ. გ. მხილებულ იქნა ქურდობაში, იგი ვ-ებს სახლის გადაწვით დაემუქრა, რაც შეასრულა კიდეც. მოწმე თ. გ-მ მთლიანად დაადასტურა ვ-ების ჩვენება და განმარტა, რომ ქურდობაში მხილებული გ. გ. განაწყენებული იყო და თ. გ-სთან საუბარში თქვა, რომ ვ-ებს ანანებდა. 2002 წ. 16 აპრილს იგი შეხვდა თ. გ-ს და უთხრა, რომ ვ-ებს სახლი დაუწვა. საკასაციო პალატა ამ ჩვენებებს მიიჩნევს სარწმუნოდ, მით უფრო, რომ თ. გ-მ თავისი მამხილებელი ჩვენება მთლიანად დაადასტურა გ. გ-სთან დაპირისპირების დროს.
რაც შეეხება გ. -ს ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკანონოდაა მსჯავრდებული სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო პალატა არ იზიარებს, რამდენადაც ეს ვერსია ვერ დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით. სახელდობრ, ო-მა თანმიმდევრულად მისცა გ. გ-ს მამხილებელი ჩვენებები და განმარტა, რომ გ. გ. მისი გერია და იგი განაწყენებული იყო მამინაცვალზე, რამდენადაც ეჭვობდა, რომ ო-მა ამხილა იგი ვ-ების გაქურდვაში. ამ მოტივით მან სცემა ო-ს ხელებით და წიხლებით, რის შესახებაც ო-მა თავის მეუღლესაც მოუთხრო. როგორც ო-მა, ასევე მისმა მეუღლემ, ნ. გ-მ, დამაჯერებლად განმარტეს როგორც ჩხუბის ვითარება, ასევე მისი მოტივები, რაც ო-მა დაადასტურა გ. გ-სთან დაპირისპირებისას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ დანაშაულებრივ ქმედებებში გ. გ-ს გამართლება, რასაც იგი მოითხოვს საკასაციო საჩივარში, სრულიად უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივრის მოტივებს მისი ბრალდებებიდან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის ამორიცხვის თაობაზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების (მათ შორის დაზარალებულ ვ-ს ჩვენებების) საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს სწორად შეერაცხა ჩადენილად ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.
რაც შეეხება სასჯელის შემცირების მოთხოვნას, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, გ. გ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მას უკვე შეუმცირდა სასჯელი 5 წლიდან 4 წლამდე, სასჯელის კვლავ შემსუბუქების რაიმე საფუძველი კი საქმეში არ მოიპოვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ს მსჯავრდება როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში სწორია და, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 23 აპრილის განაჩენი გ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.