დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 143-აპ 26 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ზ. ყ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 10 აპრილის განაჩენზე, რომლითაც ზ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით მიესაჯა ორი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელს იხდის 2002 წ. 9 დეკემბრიდან.
საკასაციო საჩივარი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით ზ. ყ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 1999 წ. 9 ივნისის განაჩენით მსჯავრდებული იყო რა ქურდობის გზით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის, მისჯილი ჰქონდა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლდა 2000 წ. მაისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების შედეგად. 2002 წ. 13 მაისს მან გარდაბნის რაიონის სოფელ აღთაკლიაში კვლავ მოიპარა სააქციო საზოგადოება “ქართლის” კუთვნილი, 2000 ლარად ღირებული რკინიგზის რელსები. გარდა ამისა, ის თავის საცხოვრებელ ოთახში კანონსაწინააღმდეგოდ ინახავდა ატიპიურ ცეცხლსასროლ იარაღს _ გადაჭრილ ერთლულიან სანადირო თოფს.
საკასაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების მოტივად მიუთითებს მსჯავრდებულის მძიმე მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია მსჯავრდებულ ზ. ყ-ს მიერ მასზე შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რასაც არც საჩივარი ხდის სადავოდ.
ასევე უდავოდ დადგენილია ისიც, რომ ზ. ყ. მანამდეც იყო მსჯავრდებული ქურდობისათვის, მაგრამ სასჯელის მთლიანად მოხდამდე ის შეიწყალა ქვეყნის პრეზიდენტმა. მიუხედავად ამისა, წინა ნასამართლობის გაქარწყლებამდე მან კვლავ ჩაიდინა ორი განზრახი დანაშაული. სასამართლო პალატამ სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა პასუხისმგებლობის ყოველგვარი შემამსუბუქებელი გარემოება და ზ. ყ-ს დაენიშნა სასჯელის კანონით გათვალისწინებული მინიმუმი, რომლის კვლავ შემცირების არავითარი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 10 აპრილის განაჩენი ზ. ყ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.