საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 22.07.2003
საქმის ნომერი
2კ-135დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 135-დად 22 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის ქუთაისის პროკურორის უფროსი თანაშემწის, გ.ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ხონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული ა. გ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996წ. 6 სექტემბრის განაჩენით ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 78-ე მუხლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის I, II, IV, V ქვეპუნქტებით, 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-4 ნაწილებით და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

მსჯავრდებულ ა.გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995წ. 24 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 18 მაისის ¹571 განკარგულებით მოუხდელი სასჯელი შეუმცირდა 1 წლითა და 6 თვით, მოსახდელი დარჩა 10 წელი და 6 თვე.

2003წ. 23 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხონის ¹9 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ ა. გ-ს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

ხონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ივნისის დადგენილებით დაკმაყოფილდა ხონის ¹9 დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებული ა. გ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის ქუთაისის პროკურორის უფროსი თანაშემწე გ.ფ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ხონის რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და ა.გ-ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივით, რომ ა.გ-მა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მოსახდელი დარჩა 2 წელი, 4 თვე და 22 დღე, სასჯელის მოხდის პერიოდში 2-ჯერაა დასჯილი სარეჟიმო მოთხოვნათა დარღვევისათვის, წახალისებულია 2-ჯერ, რაც არ არის საკმარისი პირის დადებითად დახასიათებისათვის. საჩივარში მითითებულია, რომ მსჯავრდებულ ა.გ-ს გათავისუფლება ნაადრევია, ვინაიდან იგი ბოლომდე არ არის გამოსწორებული. პროკურორმა ო.რ-ამ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

ა.გ. არ დაეთანხმა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მის მიმართ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე ხონის რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ა. გ. სასჯელს იხდიდა 1995წ. 24 აპრილიდან. მან დანიშნული სასჯელიდან მოიხადა 8 წელი, 1 თვე და 13 დღე. ამდენად, მას, საქართველოს სსკ-ს 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 3/4 მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.

ხონის ¹9 დაწესებულების ადმინისტრაცია ა.გ-ს ახასიათებს დადებითად. რაიონულ სასამართლოში დაწესებულების დირექტორმა განმარტა, რომ ა.გ. გამოირჩევა თავაზიანობით, ნანობს ჩადენილ დანაშაულს და ადგას გამოსწორების გზას. საქმის მასალების თანახმად, ა.გ-ს 2-ჯერ აქვს გამოცხადებული მადლობა, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე. მართალია, სასჯელის მოხდის პერიოდში იგი 2-ჯერაა დასჯილი სარეჟიმო მოთხოვნათა დარღვევისათვის, მაგრამ აღნიშნული ხანდაზმულობით გაქარწყლებული აქვს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ხონის რაიონული სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ ა. გ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე სწორია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ხონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ივნისის დადგენილება მსჯავრდებულ ა. გ-ს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.