საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 22.07.2003
საქმის ნომერი
2კ-164აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 164-აპ 22 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,გ. ბორჩხაძე

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 იანვრის განაჩენით ზ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით. სსკ-ს 59-ე მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მაისის განაჩენით ონის რაიონული სასამართლოს განაჩენი ზ. ბ-ს მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ სასჯელის ზომა, 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, შეუმცირდა 3 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

განაჩენით ზ.ბ-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას, რაც გამოიხატა შემდეგში: ონის რაიონის სოფ. ..ს მცხოვრებმა ზ. ბ-მა სოფ. ..ს ტერიტორიაზე 2001წ. ივნისის თვეში გაიცნო ქალაქიდან დასასვენებლად ჩასული, წინასწარი გამოძიებით დაუდგენელი ვინმე “კოტე”, რომლისგანაც პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, რომელსაც ინახავდა ბებიის საცხოვრებელ სახლში. მანვე 2001წ. ზამთარში თავისი დროებითი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე იპოვა 7,62 მმ კალიბრის 10 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომელიც აიტანა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე და გადამალა ისე, რომ აღნიშნულის შესახებ არავისთვის უცნობებია. 2001წ. 5 ივლისს ზ.ბე-ს დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ჩხრეკა, რა დროსაც შს ონის რაიგანყოფილების მუშაკებმა ამოიღეს უკანონოდ შეძენილი და შენახული 7,6 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შენახული 7,62 კალიბრის 10 ცალი საბრძოლო ვაზნა.

მსჯავრდებული ზ.ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, არც საბრძოლო ვაზნა და არც ნარკოტიკული საშუალება მას არ ჰქონია, აღიარებითი ჩვენება გამომძიებელმა იძულებით დააწერინა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსი პროკურორი ჯ.ს. შესაგებლით ითხოვს ზ.ბ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებული ზ.ბ. ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

პროკურორი ბ.გ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ზ.ბ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ზ.-ს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, რადგანაც საქმის მასალებით, კერძოდ, მოწმეების: გ. და გე. ბი-ს, შ. ჩ-ს, დ. ა-ს, ს. გ-სა და კ. გ-ს, თავად მსჯავრდებულის მიერ წინასწარი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით, ზ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2001წ. 5 ივლისს მსჯავრდებულის საცხოვრებელი სახლის შუშაბანდიდან გასასვლელი კარის მარჯვენა მხარეს არსებულ საკუჭნაოში მდგარი, ე.წ. “ტუმბოჩკის” გვერდით ნანახი იქნა ჭრელ ნაჭერში გახვეული 10 ცალი “კარაბინის” საბრძოლო ვაზნა, ხოლო საძინებელ ოთახში მდგარი კარადის თავზე, “ნაჩნიკის” ქვეშ, ღრუში _ თამბაქოს ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული მომწვანო ფერის დაფხვნილი ნივთიერება. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ე.წ. “საზამთრო ოთახში” მდებარე კარადის ზედა თაროზე აღმოჩენილ იქნა სამედიცინო წამლის “პანალგინის” მოთეთრო კოლოფში მოთავსებული მომწვანო ფერის დაფხვნილი ბალახისმაგვარი მასა.

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ზ.ბ-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული მორუხო-მომწვანო ფერის ფხვიერი მცენარეული მასა, საერთო წონით 7,4 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება “მარიხუანას”, ხოლო ბალისტიკური ექსპერტის დასკვნის თანახმად, ზ.ბ-ს სახლიდან ამოღებული 7,62 კალიბრის 10 ცალი ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით ზ.ბ-სთვის წარდგენილი ბრალდებები მთლიანად დადასტურებულია და მის მიერ სააპელაციო და საკასაციო პალატის სხდომებზე დანაშაულის ჩადენის უარყოფა მიმართულია პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად. მსჯავრდებულის საჩივრის მოტივი, თითქოს მან გამოძიებას აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა, საქმის მასალებით არ დასტურდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ზ.ბ-მა აღიარებითი ჩვენება მისცა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც.

ამასთან, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ზ.ბ-ს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელის ზომა უნდა შეუმცირდეს ერთი წლით და მიესაჯოს 2 წლით თავისფლების აღკვეთა. საბოლოოდ სსკ-ს 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ.ბ-ს განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მაისის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ზ. ბ-ს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეეფარდოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ს 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ზ. ბ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.