განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 16.09.2003
საქმის ნომერი
2კ-83კოლ.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 83-კოლ 16 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლ. ჟ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 4 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს რეაბილიტაციის საფუძველზე დაეკისრა ა. ა-სათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ა-ს მიმართ 1994წ. 22 ივლისს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე _ დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 79-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი) წარმოებით შეწყდა 2000წ. 31 მაისის დადგენილებით.

2002წ. 23 დეკემბერს ა. ა-მ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მისი სრული რეაბილიტაციისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ და თავისი დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით საქმის განხილვის დროს მოითხოვა მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით, იმ მოტივით, რომ 1994წ. 17 ივლისიდან 23 სექტემბრამდე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში, ხოლო 2000წ. 31 მაისამდე გაუსვლელობის ხელწერილის ქვეშ, რა დროსაც განიცადა დამცირება, შეურაცხყოფა, სულიერი დაკნინება, შეერყა ჯანმრთელობა, დაემართა ნევროზი და ა.შ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 2003წ. 4 ივნისის განჩინებით დააკმაყოფილა ა. ა-ს სასარჩელო მოთხოვნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ და ფინანსთა სამინისტროს რეაბილიტაციის საფუძველზე დააკისრა ა. ა-სათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.

ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კერძო საკასაციო საჩივარში ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ა-მ დაარღვია გასაჩივრებისათვის დაწესებული ექვსთვიანი ვადა, რის გამოც სასამართლოს არ ჰქონდა მისი აღდგენის კანონიერ საფუძველი, რისთვისაც ითხოვს მითითებული განჩინების გაუქმებას.

სასამართლო სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-მ შეცვალა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებითა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 100000 ლარი, მოითხოვა სამინისტროსათვის დაკისრებული მორალური ზიანის 5000 ლარის ოდენობის შემცირებას.

რეაბილიტირებული ა. ა. და მისი ადვოკატი თ. რ. ითხოვენ განჩინების უცვლელად დატოვებას.

პროკურორი ა. ს. მხარს უჭერს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრებული მორალური ზიანის 5000 ლარის ოდენობის შემცირებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნევს, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო კოლეგიამ სამართლებრივად სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და კანონის შესაბამისდ რეაბილიტირებულად ცნო ა. ა.. ამასთან, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტში რეაბილიტირებულ პირთათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით მთლიანად გამოყოფილია 100000 ლარი, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ ა. ა-სათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5000 ლარის განსაზღვრა. საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ კოლეგიის განჩინებით ა. ა-სათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად განსაზღვრული თანხა _ 5000 ლარი უნდა შემცირდეს 3000 ლარამდე, რაც საკმარისია მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 4 ივნისის განჩინება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ფინანსთა სამინისტროს ა. ა-ს სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.