საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 30.09.2003
საქმის ნომერი
2კ-113კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 113-კოლ 30 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და დაინტერესებული პირის _ რ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 ივლისის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. მ-ს მიმართ 2001წ. 23 ოქტომბერს ქ. თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისი ბრალდების საქმე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ და 2002წ. 26 ნოემბერს მის მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლითY ბრალდებასთან დაკავშირებით.

2003წ. 6 ივნისს რ. მ-მ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მისი რეაბილიტირებულად ცნობა 2002წ. 26 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე, აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოების უკანონო მოქმედებით მისთვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსაცია 100000 ლარის ოდენობით.

სასამართლო კოლეგიამ განიხილა რ. მ-ს განცხადება და 2003წ. 4 ივლისის განჩინებით მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ: ზემოთ ხსნებული სახელმწიფო ორგანოების უკანონო მოქმედებით მისთვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსაცია მას განუსაზღვრა 1000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული სასამართლო განჩინების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას კერძო საკასაციო საჩივრებით მიმართეს ფინანსთა სამინისტრომ და რეაბილიტირებულმა რ. მ-მ, რომლებშიც მათ წარმოდგენილი აქვთ ურთიერთშემხვედრი მოთხოვნები, სახელდობრ: ფინანსთა სამინისტრო ითხოვს რეაბილიტირებულ რ. მ-სათვის სასამართლოს მიერ მიკუთვნებული საკომპენსაციო თანხის ოდენობის მაქსიმალურად შემცირებას, ხოლო თვით რ. მ. კი _ საკომპენსაციო თანხის გაზრდას მის მიერ წარმოდეგნილი მოთხოვნის მოცულობით.

საკასაციო განხილვისას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-მ მხარი დაუჭირა ამ სამინისტროს კერძოO საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მანვე მოითხოვა, რომ რ. მ-ს უარი ეთქვას მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

რეაბილიტირებულმა რ. მ-მ მხარი დაუჭირა თავის კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მანვე მოითხოვა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უარი ეთქვას მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

პროცესში მონაწილე პროკურორმა მხარი არ დაუჭირა ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა, რომ მას უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამასთან ერთად, პროკურორმა მოითხოვა, რომ რეაბილიტირებულ რ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მისთვის მიკუთვნებული საკომპენსაციო თანხა გაიზარდოს 2000 ლარამდე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობანი მორალური და ფიზიკური ზიანის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრისას და ამ თვალსაზრისით დაუსაბუთებლად მიაკუთვნა რეაბილიტირებულ რ. მ-ეს 1000 ლარი. პალატას მიაჩნია, რომ იმ ზიანის ხასიათს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების უკანონო მოქმედებით განიცადა რ. მ-მ, სავსებით შეესაბამება მის საკომპენსაციოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხის მოცულობა, ამასთანავე, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის ოდენობა არ სცილდება სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებს. აღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ რეაბილიტირებულ რ. მ-სა და პროკურორ ბ. გ-ს მოთხოვნა საკომპენსაციო თანხის გაზრდის თაობაზე არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან.

მითითებულ გარემოებათა საფუძველზე პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 ივლისის განჩინება რეაბილიტირებულ რ. მ-სათვის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და დაინტერესებული პირის _ რ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 ივლისის განჩინება რეაბილიტირებულ რ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.