საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 161-აპ 4 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ თ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 აპრილის განაჩენზე, რომლითაც გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 დეკემბრის განაჩენი თ. მ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის განაჩენით თ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” პუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 17 აპრილის განაჩენით დატოვებულ იქნა უცვლელად.
განაჩენით თ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2002 წლის 5 ივნისს, იმყოფებოდა რა ... ქ.თბილისში. თ. მ-მ თბოსადგურის მიმდინარე ტერიტორიაზე შენიშნა შპს “მაგთიკომის” ანძის საბაზო სადგურის ვაგონზე დამონტაჟებული 2635 ლარის ღირებულების “ბაუმაკის” ტიპის კონდიციონერი და განიზრახა მისი ფარულად დაუფლება. დაბნეულობისას, 6 ივნისს, დაახლოებით 21 საათზე ე.წ. “ბრტყელტუჩას” გამოყენებით ჩაჭრა კონდიციონერი, რაც გამთენიისას დაუდგენელი კერძო ტაქსით გაიტანა და გადამალა გ. ხ-ს საცხოვრებელ ბინაში.
გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს მე-3 განყოფილების თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 8 ივნისს, ზემოაღნიშნულ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ფარულად გატაცებული “ბაუმაკის” ტიპის კონდიციონერი. თ. მ-ს დანაშაულებრივი ქმედებით შპს “მაგთიკომს” მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
თავის საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული თ. მ. ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ დანაშაული ჩაიდინა მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, მაშინვე აღიარა ჩადენილი დანაშაული და გულწრფელად ინანიებს მას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მჯავრდებული თ.მ. მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
პროკურორი ბ.გ. ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. მ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე რაიონულ სასამართლოში, მის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, რაც შეეხება სასჯელის შემსუბუქებას, მისი პიროვნება და ოჯახური მდგომარეობა განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ გათვალისწინებულია სწორად და სასჯელის ზომა განსაზღვრული აქვს დანაშაულის სიმძიმისა და ბრალის ხარისხის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენი დატოვებულ იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე და 568-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 17 აპრილის განაჩენი თ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.