კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 16.09.2003
საქმის ნომერი
2კ-174დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 174-დად 16 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹ 2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მსჯავრდებულ გ. შ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მაისის განაჩენით გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 177-ე მუხლის II ნაწილის ”ა”, ”ბ”, ”გ” პუნქტებით, 177-ე მუხლის III ნაწილის ”ა” პუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ს მე-60 მუხლის I და IV პუნქტებით დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელის ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მაისის განაჩენში იმ მიმართებით, რომ გ. შ-ს ამოერიცხა სსკ-ს 177-ე მუხლის III ნაწილის “ა” პუნქტი და ამ ნაწილში გამართლებულ იქნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ხოლო სსკ-ს 177-ე მუხლის II ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” პუნქტებით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდა დაეწყო 2000წ. 17 ივლისიდან.

ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გ. შ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ გ. შ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული გ. შ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ ხასიათდება დადებითად, მოხდილი აქვს სასჯელის 2/3, არის ავადმყოფი, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ინვალიდი დედა, რომლებიც შიმშილის ზღვარზე არიან, მათი ერთადერთი მარჩენალი ის არის.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულ გ. შ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულმა გ. შ-მ სასჯელის 2/3 მოიხადა 2003წ. 17 თებერვალს, ხასიათდება დადებითად, მონაწილეობს აღმზრდელობითი ხასიათის საუბრებში, კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, სარეჟიმო დარღვევებსა და კონფლიქტურ სიტუაციებში შემჩნეული არ არის, ადმინისტრაციის მიერ ერთხელ არის წახალისებული სარეჟიმო მოთხოვნების დაცვისა და სანიმუშო ყოფაქცევისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ იგი პირობით ვადამდე იქნეს განთავისუფლებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე , 568-ე და 610-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებული გ. შ. დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლდეს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.