საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 16.09.2003
საქმის ნომერი
2კ-176აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 176-აპ 16 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ადვოკატ ვ. მ-სა და დაზარალებულის წარმომადგენელ დ. ა-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 მაისის განაჩენზე, რომლითაც სასჯელის ნაწილში ცვლილება შევიდა გ. მ-ს მიმართ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განაჩენში და დანიშნული სასჯელი _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდა სამი წლითა და 6 თვით.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განაჩენით გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელს იხდის 2001წ. 4 დეკემბრიდან.

ადვოკატის საკასაციო საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. მ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მისი უდანაშაულობის მოტივით.

დაზარალებულის წარმომადგენლის საჩივარი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2001წ. 7 ივლისს, ღამის 3 საათიდან 6 საათამდე შუალედში, გარდაბნის რაიონის სოფ. სართიჭალაში ფიზიკური ძალისა და მუქარის გამოყენებით გააუპატიურა 74 წლის მარტოხელა მოხუცი ე. ა-შვილი.

მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის გ. მ-ს მიერ ე. ა-ს გაუპატიურების ფაქტი.

დაზარალებული და მისი წარმომადგენელი თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ შეუმცირა გ. მ-ს რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ვ. მ-მა და მსჯავრდებულმა გ. მ-მ ითხოვეს მათი საჩივრის დაკმაყოფილება. დაზარალებულმა ე. ა-მა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა დ. ა-მა და ადვოკატმა ზ. ნ-მ დააზუსტეს საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლეს ხელახალი განხილვისათვის საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის გადაცემა. პროკურორმა ა. ს-მა ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, მოუსმინა მხარეებს, გააანალიზა საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს გენერალურ პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სსსკ-ს მე-18 მუხლის მოთხოვნათა აშკარა დარღვევით. საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. ამის გამო გამოძიების მიერ დაშვებული ხარვეზების შევსება და კანონიერი განაჩენის დადგენა სასამართლო სხდომაზე შეუძლებელია.

ზემოაღნიშნული გამოიხატება შემდეგში:

გ. მ-ს მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს ძირითად მტკიცებულებად საფუძვლად დაედო დაზარალებულის ჩვენებები, რომლებიც არაერთგვაროვანი და ურთიერთწინააღმდეგობრივია.

დაზარალებულის სახით პირველი დაკითხვის დროს ე. ა- აჩვენებდა: “2001წ. 6 ივლისს ვიმყოფებოდი ჩემს საცხოვრებელ სახლში. იმის გამო, რომ მაქვს ნერვოზი და უძილობა მაწუხებს, საღამო ხანს ქუჩაში გამოვედი და ჩემი სახლის წინ სკამზე დავჯექი. ჩემს მოპირდაპირე მხარეს, გზის იქით, მ. წ-ს სახლის წინ, ახალგაზრდები ისხდნენ გვიანობამდე და თამაშობდნენ. მათ შორის იყვნენ ნ. გ, გ. ბ., გ. წ., დ. ბ., თ. ბ. და სხვები. დაახლოებით ღამის პირველ საათზე შევედი სახლში დასაძინებლად. ახალგაზრდები ქუჩაში თამაშს აგრძელებდნენ. იქნებოდა ღამის სამი საათი, როცა რაღაც ხმაურმა გამაღვიძა. ვფიქრობდი, რომ ოთახში მდგარი შეშის ღუმელის მილის მუხლი ჩამოვარდა. იმის გამო, რომ შუქი ჩამქრალი იყო, ვერ გავარჩიე ოთახში თუ იყო ვინმე. საწოლიდან წამოვდექი შარდზე ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. გადმოვედი თუ არა საწოლიდან, ფეხი რაღაც ცოცხალს დავადგი. ვიფიქრე, ფანჯრიდან კატა გადმოვიდა და ვთქვი: შე ოხერო კატავ, რა გინდა _ მეთქი, მაგრამ ეს კატა არ აღმოჩნდა, ვიღაც უცნობი მამაკაცი წამოხტა, ხელები შემომხვია და მითხრა, დამნებდიო ... ამ უცნობმა ფიზიკური ძალადობის გამოყენებით ისევ ლოგინზე დამაწვინა და ყელში ხელები წამიჭირა. უკვე ვეღარ ვსუნთქავდი. შემდეგ ბალიში დამაფარა სახეზე _ არ იყვიროო. მე რაც შემეძლო წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ იგი ჩემზე გაცილებით ძლიერი იყო ფიზიკურად. მან გამხადა პერანგის მაგიერ ჩაცმული კაბა, შემდეგ ტრუსიკიც. ამავე დროს გაიხსნა შარვალი ისე, რომ იგი არ გაუხდია და თავისი სასქესო ასო ამოიღო”. ამის შემდეგ აღწერს, როგორ გააუპატიურა ის უცნობმა. შემდეგ კი ე. ა. აჩვენებს: “ამის შემდეგ ამ უცნობმა გადამაბრუნა და უკანა ტანიდანაც მოახდინა ჩემი გაუპატიურება. ამჯერადაც, თავდაპირველად ასოთი ვერ შევიდა, რის გამოც ხელით მაწვალა და ბოლოს ასოთი მოახდინა ჩემი გაუპატიურება უკანა ტანიდან. მან ამის შემდეგ შემომთავაზა პირში ჩამედო მისი სასქესო ასო. როცა უარი ვუთხარი, ძალით გამიღო პირი და თავისი ასო ჩამიდო ... როცა სურვილი დაიკმაყოფილა, მითხრა: რა კარგი ყოფილხარ, ხვალ ღამე კიდევ მოვალო. როცა ვყვიროდი, მოძალადე ახალგაზრდა პირზე ბალიშს მაფარებდა, ზევიდან მაწვებოდა და თან მემუქრებოდა. იგი დაახლოებით 06 საათზე წავიდა ჩემგან. იმავე დროს მე ჩავიცვი, მეზობელ ე. გ-ძესთან გადავედი და მოვუყევი, რაც მოხდა.” ამ დაკითხვის დროს გამომძიებლის კითხვებზე ე. ა-მა უპასუხა: “ეს უცნობი იყო დაახლოებით 30-35წ., მაღალი, დაახლოებით 175-180 სმ სიმაღლის, წონით საკმაოდ მძიმე, ძვალმსხვილი, ღიპი ჰქონდა თუ არა, არ ვიცი, ჰქონდა პატარა წვერი – დაახლოებით ხუთი დღის გასაპარსი, დიდი თავი, ბოხი ხმა, ლაპარაკობდა ქართულ ენაზე, ჰქონდა აღმოსავლური ქართული აქცენტი. უცნობი ბოროტმოქმედი მთვრალი იყო თუ არა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში პირიდან სუნი არ ამოსდიოდა. ვფიქრობ, რომ ამ ახალგაზრდას ხმით ამოვიცნობ. უცნობმა მოძალადემ ეაკულაცია (სპერმის გადმონთხევა) მოახდინა საშოდან, გაუპატიურებისას უკანა ტანიდან და პირის ღრუში ასოს ჩადებისას _ სულ სამჯერ. უცნობს ეცვა სქელი ტილოს შარვალი და გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი. შარვალი, თუ არ ვცდები, ნაცრისფერი იყო. ეს სახლში ვერ დავინახე, რადგანაც ოთახში ბნელოდა, თან მხედველობა დაქვეითებული მაქვს”. დაკითხვის ოქმი შედგენილია შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ _ 12 ივლისს, მანამდე კი ე. ა-ს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც იმავე შინაარსისაა, როგორიც დაკითხვის დროს მიცემული ჩვენება.

შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ, 2001წ. 8 აგვისტოს, დამატებითი დაკითხვის დროს, ე. ა-მა აჩვენა: “დაახლოებით 3-4 დღის წინ სოფ. ... დავინახე ჩემი თანასოფლელი გ. მ. და მაშინვე აღვიდგინე, რომ სწორედ მან გამაუპატიურა. მე იგი ვიცანი აღნაგობით, სახის მოყვანილობით, სიარულით. მას, როგორც შემთხვევის დღეს, ისე მაშინ, როცა ვიცანი, წელზე შემოხვეული ჰქონდა პირსახოცი თუ შალი. როცა მაუპატიურებდა, მითხრა: დიდი ხანია ვაპირებდი ამას, მაგრამ ვერ მოვახერხე, ადრე ორჯერ მოვედი, კარი გქონდა ჩაკეტილი და ვერ შემოვედი, ახლა ღია იყო და შემოვედიო. ისიც მითხრა, ცოლი მყავს მკვდარიო, ამ საქმეს დიდი დრო არ უნდა, სხვა დროს რომ შემოვალ 5 წუთში მოვრჩები საქმეს და წავალ, კარი ღია დატოვეო”. გამომძიებლის კითხვაზე უპასუხა: “გ. მ. 60 წლამდე ასაკისაა (2001წ. ზაფხულში გ. მ. 64წ. იყო). მე რომ ჩვენებაში გითხარით 30-35წ. არის-მეთქი, იქიდან ვმსჯელობდი, რომ იგი საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მე გ. მ-სთან ადრე არანაირი კონტაქტი არ მქონია, უბრალოდ ვიცნობდი შორიდან, როგორც თანასოფლელს”.

გ. მ-სთან დაპირისპირებისას ე. ა-მა აჩვენა: “2001წ. 7 ივლისს, დაახლოებით 03 საათზე, მე ვიმყოფებოდი ჩემს საცხოვრებელ ბინაში. როცა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ავდექი, ფეხი ვიღაცას დავადგი. როგორც შემდეგ მივხვდი, ეს იყო გ. მ.. მან ფიზიკური ძალადობისა და მუქარის გამოყენებით გამაუპატიურა. შემეკითხა: ქალიშვილი თუ ხარო. მე ვუპასუხე: კი-მეთქი. ვუთხარი: 74 წლის ვარ-მეთქი. მან მითხრა _ შენ კი არა, მკვდარს ვხმარობო. ამის შემდეგ ჩვეული წესით დაამყარა ჩემთან სქესობრივი კავშირი, შემდეგ _ უკანა ტანიდან და ბოლოს _ პირის ღრუდან. იგი გამთენიისას წავიდა ჩემი სახლიდან. წასვლისას მითხრა _ ეს ნატვრაც აგისრულე, ისეთი რამე გაგიკეთე, არც მოკვდები და არც დარჩებიო”.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს ე. ა-მა აჩვენა: “2001წ. 7 ივლისს ღამის პირველ საათზე დავწექი დასაძინებლად. როცა გამომეღვიძა, ფეხი რაღაცას წამოვკარი, ვიფიქრე, ფანჯრიდან რაღაც შემოფრინდა-მეთქი. უცებ წამოხტა მაშინ ჩემთვის უცნობი კაცი და მითხრა _ სამჯერ მოვედი და ვერც ერთხელ ვერ გნახეო. მაგინა დედის მისამართით. ორი საათი მეძალავა და იძულებული გავხდი დავნებებოდი ... წყალი ვთხოვე და არ დამალევინა. შემდეგ მიმაწვინა და ისევ გაიმეორა ყველაფერი. მე უგონოდ ვიყავი. შემდეგ მეზობლებთან ვთქვი და მითხრეს, რომ გ. მ. იყოო. მას მერე იგი ხშირად ადი-ჩამოდიოდა ჩემს ქუჩაზე და მაღიზიანებდა ასეთი საქციელით. მეზობელი ე. მეუბნებოდა მაგას კანონი კი არა, აიღე ქვა და ჩაარტყიო”. პროკურორის შეკითხვაზე დაზარალებულმა უპასუხა: “ერთ სოფელში ვცხოვრობთ, მაგრამ გ. მ-ს არ ვიცნობდი. შემთხვევიდან ორი თვის შემდეგ გ. მ. ჩემს ქუჩაზე გადი-გამოდიოდა და ამით მაღიზიანებდა.” ადვოკატის შეკითხვებზე კი უპასუხა: “ცუდი მხედველობა მაქვს. ცალ თვალში სულ ვერ ვხედავ, მეორეში ცუდად ვხედავ, ოდნავ ბჟუტავს, ფერებს კარგად ვერ ვარჩევ, თქვენი გარჩევა შემიძლია. იმ კაცს ბოხი ხმა ჰქონდა და მერე რომ შემხვედროდა, ვიცნობდი. შემდეგ პოლიციაში შემხვდა გ. მ., ხმა რომ ამოიღო, ვიცანი. ამის შესახებ გამომძიებლისათვის არ მითქვამს, ხმით რომ ვიცანი ... 14 წელია ცუდად ვხედავ, ფერები მერევა. შეიძლება მთვრალი იყო და იმიტომ ეგდო იატაკზე. გ. მ. დაპირისპირებისას ვნახე გარდაბანში. იგი რომელ საათზე მოვიდა ჩემთან, არ ვიცი, მაგრამ 5 საათი იქნებოდა, თენდებოდა, როცა წავიდა. მოძალადეს საწოლზე არ დავუწვენივარ, მიმაყუდა საწოლზე. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ საწოლზე არ დავუწვენივარ. თუ სადმე ვნახავდი გ. მ-ეს, შეხედულებით ამოვიცნობდი ... მივედი პროკურორ ვ. გ-ს მეუღლესთან და ვუთხარი, რომ ჩემი გამაუპატიურებელი კაცი _ გ. მ-ა-მეთქი. მან ჩემი ნათქვამი თავის მეუღლეს გადასცა. ვადასტურებ, რომ რამდენჯერმე მაწვალა, მაგრამ ერთხელ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ერთხელ დაკმაყოფილდა.”

მოსამართლის შეკითხვებზე კი დაზარალებულმა უპასუხა: “კარები, ეტყობა, ღია დამრჩა. მთვრალი იქნებოდა და დაიძინა იატაკზე. ბევრი იწვალა უკანა ტანში, პირში და ბოლოს, როგორც იქნა, საშოში დაამყარა სქესობრივი კავშირი. კარის მეზობელ მ-ს ვუთხარი, დილასვე, მომხდარის შესახებ. ის წავიდა მანქანით და ჩემი ძმა ამომიყვანა. სათვალეს არ ვხმარობ, ვერ ვიყიდე. ბუნდოვნად ვხედავ, მაგრამ ხელით არავინ მატარებს.”

იმავე სასამართლო სხდომაზე ე. ა-შვილმა შემდეგ განმარტა: “მეზობელმა ჟ. კ-მა მითხრა: დ. და ჯ- კი არ იქნებოდნენ, სინამდვილეში გ. მ. ყოფილაო. ამ საუბარს ესწრებოდა გ. მ-ს ბიძაშვილი _ ა. ზ., რომელმაც მითხრა, რომ, თუ გ-ს აბრალებ, ჩემი სახელი არ ახსენოო. მაგ საქმეს იგი ვერ გააკეთებდა, სათესლე ჯირკვლები არა აქვს და შალმოხვეული დადისო ... საჯდომით მე საწოლზე არ ვწოლილვარ, მიყუდებული ვიყავი. ერთ ადგილზე ვიყავი ყოველთვის, არ გადავუადგილებივარ სხვაგან”.

სააპელაციო სასამართლოში ე. ა-მა განმარტა: “დავწექი ღამის პირველ საათზე. როდესაც გამომეღვიძა, საწოლიდან წამოვდექი. როცა საწოლიდან გადმოვედი, ფეხი რაღაცას დავადგი, მეგონა ფანჯრიდან ბეღურა შემოფრინდა. ხელმეორედ რომ დავადგი ფეხი, ამ დროს წამოფრინდა და მეძგერა, დამიჭირა, მომეხვია, არ ვნებდებოდი, მაგინა დედის მისამართით _ ძლივს ხელში ჩაგიგდეო, მიმაწვინა კრაოტზე, არ ვნებდებოდი, პირზე ხელი დამადო _ უნდა დაგახრჩოო, მერე ბალიში დამადო და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დამაწვა პირზე _ მოგგუდავ, იცოდე, მოგგუდავო, ხმა არ ამოიღო, მეზობლებმა არ გაიგონო. იძულებული ვიყავი, დავნებებოდი. ვერაფერს ვერ გახდა, ჯერ ხელები შემიტენა უკანა ტანში, მერე ის ოხრად დასარჩენი ხელში მომცა _ ამოძრავე, ორგანიზმი არ მუშაობსო, მერე პირში მომცა, მერე ისევ უკანა ტანს დაუბრუნდა ჯერ ხელებით, მერე იმ ოხრით, მერე ხელში მომცა, ამოძრავეო. ასე ხუთი საათი მაწვალა, ერთი ფეხი გადასწიეო, მეორე ფეხი გამოსწიეო, ამ მდგომაროებაში უკვე გათენდა. შეიკრა წელი, რაღაც ჰქონდა შემოჭერილი _ შალი იყო თუ პირსახოცი, შარვალი ამოიწია, თმები გადაიწია, ამ დროს სახეზე ვიცანი, მაგრამ არ ვიცოდი, ვინ იყო, სად მყავდა ნანახი. ის წავიდა დილის 8 საათზე. მე გარეთ გავედი დედიშობილა. როცა წავიდა, შევედი სახლში, გადავიცვი და მეზობელთან წავედი. გ-ძესთან წამალი დავლიე, ხოლო წ-მა მნახა სახლის წინ რომ ვიჯექი და ვტიროდი, მთელი სახე დაკაწრული მქონდა. მე ორივე მეზობელს ვუთხარი, რაც შემემთხვა.” იმავე სხდომაზე დაზარალებულმა ადვოკატის შეკითხვაზე უპასუხა: “ძალადობით მიმაწვინა საწოლზე, ისე კი არა როგორც ვწევარ, ფეხები იატაკზე მქონდა ჩამოშვებული”.

საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ ის ღამით გააღვიძა მამლის ყივილმა. მან არ იცის, შემთხვევის ღამეს მასთან მოძალადე მამაკაცმა რამდენჯერ დაიკმაყოფილა სქესობრივი ჟინი. მამაკაცმა, რომელმაც ის გააუპატიურა, წასვლისას შარვლის გარედან შემოიხვია შალი. მისი წასვლისას ქუჩაში უკვე ნახირს მიერეკებოდნენ.

დაზარალებულის ჩვენებებში არსებული ასეთი წინააღმდეგობები გამოძიების მიერ აღმოფხვრილი და დაზუსტებული არ იქნა. სასამართლოებმა კი გ. მ-ს მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდეს პრაქტიკულად ერთადერთი მტკიცებულება _ დაზარალებულის ჩვენება.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილია, რომ ე. ა-შვილი მარჯვენა თვალიდან უნდა ჩაითვალოს პრაქტიკულად უსინათლოდ, ხოლო მარცხენა თვალზე კატარაქტის გამო გაკეთებული ოპერაციის მიუხედავად, მხედველობა მკვეთრად დაქვეითებული აქვს. ამის გამო ბუნებრივ განათებაზე სათვალის გარეშე იგი საგნებს აღიქვამს ბუნდოვნად. სამედიცინო თვალსაზრისით, მას სათვალის გარეშე დამოუკიდებლად გადაადგილება, ასევე ნაბეჭდი ან ხელნაწერი ტექსტის წაკითხვა არ შეუძლია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ა-მა სათვალე ვერ მოირგო და ამიტომ ის არ შეუძენია. ასეთი ვითარების გამო გამოძიებას და სასამართლო ორგანოებს უფრო სრულყოფილად უნდა შეესწავლათ დაზარალებულის იმ ჩვენებათა ობიექტურობა, რომლებშიც ის მიუთითებს, რომ ღამით, სრულ სიბნელეში, მან შეიცნო მოძალადის სახე და შემდეგ იგი ამოიცნო გარკვეული მანძილიდან ქუჩაში გავლილი, მაშინ, როცა ვერ გაარჩია ფეხი საკმაოდ მოზრდილი ტანის მამაკაცს დაადგა თუU ბეღურას.

გამოძიების არასრულყოფილებაზე ნათლად მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქმის სირთულის მიუხედავად, გამომძიებელს მოწმის სახით არ დაუკითხავს არც ერთი პირი, გარდა თვით ეჭვმიტანილი გ. მ-სა, სახელდობრ: არც ის ახალგაზრდები, რომლებიც ე. ა-ს ჩვენების მიხედვით მისი ჭიშკრის ახლოს იმყოფებოდნენ შემთხვევის ღამეს (არც ერთი მათგანი მეორე დღიდან სოფელში აღარ აღმოჩნდა!?), არც ის მეზობლები, რომლებსაც დაზარალებულმა მომხდარი ფაქტის შესახებ მოუყვა, არც პროკურორ ვ. -ის მეუღლე, რომელსაც დაზარალებულმა განუცხადა, რომ დანაშაულის ჩამდენი გ. მ.ე იყო. უფრო მეტიც: პოლიციის მიერ პროკურატურისათვის მიწოდებული ოპერატიული მონაცემით, ე. ა-ს გაუპატიურება ჩადენილი უნდა ყოფილიყო იმავე სოფელში მცხოვრები დ. გ-ს მიერ. გამომძიებელს არც ეს უკანასკნელი დაუკითხავს და არ გაურკვევია ამ პირის ფიზიკური მონაცემები რამდენად ესადაგებოდა ე. ა-ის პირველ ჩვენებაში აღწერილი პიროვნების მონაცემებს და არც ის, რომ ხომ არა აქვს მას რაიმე ნათესაური კავშირი პროკურორ ვ. გ-თან. არ დაუკითხავს არც პოლიციის ის მუშაკი, რომელმაც დ. გ-შვილის მიმართ მოიპოვა ოპერატიული მონაცემი, არ დაკითხულა გ. მ-ს ოჯახში მცხოვრები მისი მეგობარი ქალი ნ. მ-ი იმის გამოსარკვევად, შემთხვევის ღამეს გ. მ იმყოფებოდა თუ არა სახლში, როდის წავიდა და როდის დაბრუნდა, როგორ ურთიერთობაში იმყოფებოდა მასთან, როგორია მისი სექსუალური და ფიზიკური მონაცემები და სხვა.

თვით გ. მ-ს მოწმის სახით დაკითხვით გამოძიებამ დაარღვია კანონი და გ. მ-ს დაცვის უფლება.

გამოძიებას არ უცდია გამოერკვია, ე. ა-შვილმა მართლაც პირადად შეიცნო გ. მ., როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია მას სხვამ მიაწოდა (ზოგიერთ ჩვენებაში ე. ა- მიანიშნებს, რომ მას მეზობელმა უთხრა, მისი შეურაცხმყოფელი გ. მ. რომ იქნებოდა).

მეორე ძირითად მტკიცებულებად გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ე. ა-შვილის ბინაში ამოღებული ერთ-ერთი თითის კვალი დატოვებულია გ. მ-ს მიერ. პალატა თვლის, რომ არც ეს მტკიცებულება შეიძლება ჩაითვალოს უდავოდ და სრულყოფილად შემდეგ გარემოებათაA გამო:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ე. ა-შვილის ბინაში არსებული წყლის სამი სხვადასხვა ჭურჭლიდან სპეციალისტ-კრიმინალისტის მიერ ამოღებულ იქნა სამ დაქტილოფირზე თითო თითის კვალი. კვალის ამოღების დროს დაქტილოფირების ზომა იყო 3,4ხ4,3 სმ-ზე, 4ხ4 სმ-ზე და 3ხ3 სმ-ზე. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დროს გამოსაკვლევად წარდგენილ იქნა დაქტილოფირები ზომით _ 2,4სმ ხ 3,9 სმ-ზე, 3,3 სმ ხ 4 სმ-ზე და 4სმ ხ 4,5 სმ-ზე. აქედან იდენტიფიკაციისათვის ვარგისი აღმოჩნდა მხოლოდ ერთი კვალი, მაგრამ გაუგებარია, რომელი ჭურჭლიდან არის იგი აღებული და გ. მ-ს შეიძლებოდა თუ არა შეხება ჰქონოდა ამ ჭურჭელთან.

ამრიგად, გამოძიების მიერ დაშვებულია ისეთი ხარვეზები, რომელთა შევსება სასამართლოს არ შეუძლია. ამის გარეშე კი საქმეზე გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა შეუძლებელია. გამოძიებამ უნდა აღმოფხვრას ყველა ზემოაღნიშნული ხარვეზი, ობიექტურად გაირკვეს საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და ამის შესაბამისად მიღებულ იქნეს სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე მოწმის სახით დასაკითხია გარდაბნის რაიონის პროკურორის მეუღლე, გარდა ამისა, საქმეში ოპერატიული მონაცემები არსებობს ვინმე დ. გ-შვილზე, რომელიც, შესაძლებელია, ნათესაურ ურთიერთობაში იმყოფება გარდაბნის რაიონის პროკურორ ვ. გ-თან, პალატა მიზენშეწონილად თვლის, რომ გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვიტოს დამატებითი გამოძიების სხვა პროკურატურისათვის დაქვემდებარების საკითხი.

პალატა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ თვლის გ. მ-ს მიმართ აღმკვეთი ღონისძიების _ პატიმრობის _ სხვა ღონისძიებით შეცვლას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 563-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA სააპელაციო პალატის 2003წ. 23 მაისის განაჩენი გ. მ-ს მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს გენერალურ პროკურატურას. გ. მ-ს მიმართ არჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.