კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 09.09.2003
საქმის ნომერი
2კ-180დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 180-დად 9 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ფ. ნ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹ 2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მსჯავრდებულ ფ. ნ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 დეკემბრის განაჩენით ფ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის ”ა” და ”გ” პუნქტებით და 177-ე მუხლის III ნაწილის ”გ” პუნქტით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდა დაეწყო 2000წ. 27 ივნისიდან.

ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ფ. ნ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ ფ. ნ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული ფ. ნ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ ხასიათდება დადებითად, მოხდილი აქვს სასჯელის 3/4, არის ავადმყოფი, დაქვეითებული აქვს სმენა, ცალ თვალში დაკარგული აქვს მხედველობა, აქვს მძიმე ოჯახური პირობები, ჰყავს მოხუცი დედა, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი ის არის.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ ფ. ნ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულმა ფ. ნ-მა სასჯელის 3/4 მოიხადა 2003წ. 27 ივნისს, ხასიათდება დადებითად, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს დაწესებულების საერთო საქმიანობაში, ერთხელ არის წახალისებული, მეგობრული ურთიერთობა აქვს გამოსწორების გზაზე მდგომ მსჯავრდებულებთან, არის ავადმყოფი, აქვს მძიმე ოჯახური პირობები, ჰყავს მოხუცი დედა, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი ის არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ იგი პირობით ვადამდე იქნეს განთავისუფლებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე , 568-ე და 610-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებული ფ. ნ. დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლდეს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.