დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 30.09.2021
საქმის ნომერი
ბს-299(კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-299(კ-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 16 ოქტომბერს დ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ივნისის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მოსარჩელე დ. ა-ის 2018 წლის 19 სექტემბრის #... განცხადების დაკმაყოფილებისა და უძრავი ქონების, მდებარე: თეთრიწყარო, სოფ. ...ი, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით დ. ა-ის სარჩელი, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართ;ებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, გადაეგზავნა განსჯად თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრულ 3-დან 2 მიწის ნაკვეთს, კადასტრულად და რეესტრში წარდგენილი ნახაზების მიხედვით, ემთხვევა 2 დარეგისტრირებული უძრავი ნივთი და თუკი მას დავუმატებთ სარეგისტრაციოდ წარდგენილ 1343 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს მიიღება ზუსტად 17500 კვ.მ. განპიროვნებული 1,75 ჰა მიწის ნაკვეთი (1995-1998 წწ. ორი სია, 2002 წლის სია და 2004 წლის სია) ზუსტად ემთხვევა რეგისტრაციის უფლების დამდგენი დოკუმენტით, 1994 წლის 5 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელის მეუღლეზე გადაცემულ, საერთო ჯამში, 1,75 ჰა უძრავ ქონებას, რომლის საკარმიდამო ნაწილსაც შეადგენს რეგისტრაციისათვის მოთხოვნილი 1343 კვ.მ, რაც თავის მხრივ, დადასტურებულია საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულებით, რომლითაც ეს უძრავი ქონება არ იქნა მიჩნეული თითნებურად დაკავებულად.

კასატორის განმარტებით, მას ადმინისტრაციული წარმოების მწარმოებელი პირისგან მიეწოდა ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს წერილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საკადასტრო კოდები საჯარო რეესტრის მონაცემებში არ იძებნება.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს 1994 წლის 5 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისა და მოცემული რეგისტრაციისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საკმარისობის საკითხი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ 2018 წლის 19 სექტემბერს დ. ა-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 1 343 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმცხადებლის მიერ რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულ იქნა ა. ა-ის სახელზე (მოსარჩელის მეუღლე) გაცემული 1994 წლის 5 იანვრის მიწის ნაკვეთზე მიღება-ჩაბარების აქტი. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის #...-03 (25.09.2018) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ #... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფ #..., #..., #... და #... განაცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. ამასთან, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დანიშნული მედიაციის პროცესი ვერ შედგა, რადგან დ. ა-ი და მ. ა-ი ვერ შეთანხმდნენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.

ასევე დადგენილია, რომ ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის #... (18.06.2019წ.) გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დაინტერესებულ პირს რეგისტრაციაზე, ვინაიდან მის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 2019 წლის 1 მარტის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის #32 განკარგულებით, დაინტერსებული პირის, დ. ა-ის განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან არ დადასტურდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.

დადგენილია, რომ ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის (05.08.2019წ.) გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილი იყო 1 343 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხოლო შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის #21-02-1/981222 წერილის თანახმად, 2004 წლის მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელთა სიაში, ა. ა-ის სახელზე გაკეთებულია ორი განსხვავებული ჩანაწერი 17 500 კვ.მ და 33 452 კვ.მ მიწის ფართებზე. შესაბამისად, დასაზუსტებელი იყო აღნიშნულ წერილში არსებული ა. ა-ი და მამკვიდრებელი ა. ა-ი წარმოადგენდა თუ არა ერთსა და იმავე პიროვნებას და დადებითი პასუხის შემთხვევაში, რომელი ჩანაწერი შეესაბამებოდა მამკვიდრებლის ქონებრივ მონაცემებს. ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის #... (05.09.2019წ.) გადაწყვეტილებით კი, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის #21-02-1/98122 წერილის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ა-ი ლ./ა. ს. ფიქსირდება 1995-1998 წლებში 0.75 ჰა (სახნავი) და 1 ჰა (სათიბი), 2002 წელს 1.75 ჰა, ხოლო ა./ლ. ა-ი 2004 წელს 0.75 ჰა, 1 ჰა, 0.1158 ჰა (ს/კ ...), 0.8139 ჰა (...), 0.504 ჰა (...), 0.9572 ჰა (...), 0.9543 ჰა (...) და 0.1902 ჰა (...).

დადგენილია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ 1343 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის #78 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, დაინტერესებულ პირს გადაეცა 1.75 ჰა ფართის მიწის ნაკვეთი, თუმცა დაინტერესებული პირის მამკვიდრებელს სისტემურად უკვე ჰქონდა რეგისტრირებული 9130 კვ.მ (ს/კ ..., რომელიც დაზუსტდა ... საკადასტრო კოდზე 9147 კვ.მ), 8640 კვ.მ (ს/კ ..., რომელიც დაზუსტდა ... საკადასტრო კოდზე 6198 კვ.მ), 2040 კვ.მ (ს/კ ..., რომელიც დაზუსტდა ... საკადასტრო კოდზე 2044 კვ.მ) 630 კვ.მ (ს/კ ..., რომელიც დაზუსტდა ... საკადასტრო კოდზე 630 კვ.მ) და 9950 კვ.მ (ს/კ ... რომელიც დაზუსტდა ... საკადასტრო კოდზე 9970 კვ.მ) ფართობის მიწის ნაკვეთები.

მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მართალია, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია განაწილების სია, თუმცა აღნიშნული საგადასახადო სია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ არის წარდგენილი და მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სისტემურად, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის #327 ბრძანებულების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელს გადაეცა საკუთრებაში ექვსი მიწის ნაკვეთი, რომელთაგანაც ერთი ნაკვეთი ასათვისებელია, თუმცა ყველა მათგანი დარეგისტრირებულია სისტემურად. ამასთან, გასათვალისწინებელია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის #21-02-1/981222 წერილი, რომლის თანახმად, 2004 წლის მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელთა სიაში, ა. ა-ის სახელზე გაკეთებულია ორი განსხვავებული ჩანაწერი, საერთო ფართებით 17500 კვ.მ და 33452 კვ.მ მიწის ფართებზე. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრულ სამიდან ორი მიწის ნაკვეთი კადასტრულად და რეესტრში წარდგენილი ნახაზების მიხედვით, ემთხვევა ორ დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს („...ი“ 1,0 ჰა, რომელიც ემთხვევა ... – 9970 კვ.მ და „...ი“ – 0.6 ჰა - ემთხვევა ... – 6198 კვ.მ).

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ვერ დარეგისტრირდებოდა ამ ნაკვეთებზე არსებული სხვადასხვა უფლების დამდგენი დოკუმენტის ჯამური მონაცემების მიხედვით, ვინაიდან მოცემული დოკუმენტაცია ავსებს ერთმანეთს.

სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის #21-02-1/98122 წერილზე, რომლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ა-ი ლ./ა. ს. ფიქსირდება 1995-1998 წლებში 0.75 ჰა (სახნავი) და 1 ჰა (სათიბი), 2002 წელს 1.75 ჰა, ხოლო ა./ლ. ა-ი 2004 წელს 0.75 ჰა, 1 ჰა 0.1158 ჰა (საკადასტრო კოდი ...), 0.8139 ჰა (...), 0.504 ჰა (...), 0.9572 ჰა (...), 0.9543 ჰა (...) და 0.1902 ჰა (...). საყურადღებოა, რომ დაინტერესებული პირის მიერ დაზუსტდა, რომ მამკვიდრებლის ჩანაწერს წარმოადგენდა მხოლოდ 1995-1998, 2002 და 2004 წლის ჩანაწერები 1.75 ჰა მიწის ნაკვეთის შესახებ. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ არის დაცული ბეჭედდასმული ან/და რეგისტრაციის ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათები.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის #15/99070 წერილის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1986-2000, 2001-2010 წლების საკომლო წიგნებში ა. ა-ი კომლისა და კომლზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. ამასთან, 2007 წლის საკომლო წიგნებში, 1992-2007 წლების მიწების ზონარგაყრილი წიგნები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის მიღება-ჩაბარებების აქტები, ასევე მიწის განაწილების (სარეფორმო), მებაღეობის (მიმაგრების ტალონი) და საგადასახადო სიები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული არ არის, ისევე როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიწის ნაკვეთზე დაცული საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ გარემოებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილით გათვალისწინებულ საგადასახადო სიაში მითითებული ფართობი - 1.75 ჰა სრულად არის რეგისტრირებული, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - დ. ა-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა, კასატორს - დ. ა-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორს - დ. ა-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა